2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი, რომელმაც ამერიკის მეორე გუნდის ვინაობა უნდა გამოავლინოს, მონტევიდეოში ურუგვაისა და ამერიკის ნაკრებებს შორის ფრედ (27:27) დასრულდა.
“არწივებმა” პირველი ტაიმი დათმეს და გარკვეული დროით მასპინძლებს 13 ქულით ჩამორჩნენ, მაგრამ მეორე ნახევარში დაწინაურება მოახერხეს და ანგარიშის გათანაბრებისთვის ბრძოლა უკვე ურუგვაის მოუწია. ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მალე ჯარიმა თავად გაუშვეს, მერე ამერიკელთა დამრტყმელმა 15 მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა, ფელიპე ბერჩესი კი არშეცდა და ურუგვაი 6:3 დააწინაურა.
აშშ-მ ჯარიმითვე წონასწორობა 28-ე წუთზე აღადგინა და მალე ჯარიმა თავადვე გაუშვა, 35-ე წუთზე კი, კონტრშეტევაზე ლელო მიიღო. იყო ეჭვი, რომ ბურთის დამიწებამდე შემტვემა ფეხი ხაზს იქით დაადგა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ეს ვერ დააფიქსირა. რთული პოზიციიდან გატანილ გარდასახვას, ურუგვაელმა ჯარიმა შემატა და ანგარიში 19:6 გახდა. აქ აშშ გამოფხიზლდა, მეტოქის ჩათვლის მოედანს მიეძალა და პირველ ჯერზე რეფერიმ მათი ლელო ორმაგი მოძრაობისთვის გააუქმა, მაგრამ “არწივებმა” შესვენებამდე ერთი ლელოს გატანა მაინც შეძლეს და გარდასახვის შემდეგ ტაიმი 6 ქულის სხვაობით დათმეს.
მართალია მეორე ტაიმის დასაწყისში ბერჩესმა ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ამის შემდეგ აშშ ინიციატივას დაეუფლა და მოეგბული დერეფნის შემდეგ სამუ მანოამ ხაზი გაჭრა, ხოლო ნიუამ გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მალე “არწივები” წინ გაიჭრნენ - ნიუამ ფლანგზე კრის უაილესი დაგეზა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ოთხ წუთში ამერიკელებს მეოთხე ლელოს გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ სულ ბოლო მომენტში მცველებმა იმარჯვეს.
72-ე წუთზე უაილესი ზედიზედ რამდენიმე ჯარიმისთვის სინბინით დაისაჯა და მეტობით ურუგვაიმ ისარგებლა. მასპინძლებმა შერკინებიდან სწრაფად გაიტანეს ბურთი ფლანგზე და ალამთან ლელო გავიდა, რომელიც ვიდეორეფერიმ დაადასტურა. ბერჩესის გარდასახვა ზუსტად რომ შეესრულებინა, ურუგვაი გამარჯვებასაც მოიპოვებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ახლა ყველაფერი ერთ კვირაში, 29 მარტს ატლანტაში გადაწყდება.
ამ წყვილს შორის გამარჯვებული ინგლისში B ჯგუფში - სამხრეთ აფრიკის, სამოას, შოტლანდიის და აზიის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო დამარცხებული საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაებმება და მე-20-ე საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია