ამბები

16:02 | 24.03.2014 | ნანახია 3155 - ჯერ

Top 14-ს ქართველი ჩემპიონი წელსაც ეყოლება

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის მოწინავე ცხრა ადგილს ქართველი ლეგიონერების კლუბები იკავებენ.

საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის შანსს ათი გუნდი ინარჩუნებს, თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, პლეი ოფში მხოლოდ ჩვენებურთა გუნდები მოხვდებიან და შესაბამისად, მთავარ პრიზსაც რომელიმე მათგანი შემართავს.

22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” უმასპინძლა და მისი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. მასპინძლებმა 22:16 იმარჯვეს და 64 ქულით სატურნირო ცხრილის თავში მოექცნენ. “ჰაინეკენის თასის” მფლობელმა ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა, 61 ქულით მეორე საფეხურზეა და რეგულარული გათამაშების პირველ ადგილზე დასრულების შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, რომელმაც ერთი კვირის წინ რუმინეთს ერთადერთი ლელო გაუტანა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. სტუმართა განაცხადში არ იყო მეორეხაზელი მიქაუტაძე. ჩილაჩავა ტულონელთა 23-კაციან სიაში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია.

სტუმრებს ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ საწყის 20 წუთში მასპინძლებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღეს და მერე ის ხელიდან აღარ გაუშვეს. ორი ჯარიმის შემდეგ, “კლერმონმა” მეტოქის შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ანგარიში 13:0 გახდა. “ტულონმა” ორი ჯარიმა შესვენებამდე გაქვითა, მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა თითო-თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს, მე-60-ე წუთზე კი, სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს (16:16). დასკვნით 10 წუთში “კლერმონმა” მაინც შეძლო უპირატესობის მოპოვება, ორი უპასუხო ჯარიმა გაიტანა, მათ შორის შეცვლაზე შესულ ჯონ უილკინსონს გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა, რითაც ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა და მასპინძლებმაც ლიდერობის მომტანი 4 ქულა მიითვალეს.

61 ქულა აქვს და “ტულონს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფი მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიე”, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო ექვსი თამაშიდან მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მონპელიელებმა “ოინაქსი” სტუმრად 22:8 დაამარცხეს. პირველხაზელი ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა, ხოლო გორგოძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში, პარიზში, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზასთან” მოგება ხელიდან გაუშვა. მასპინძელთა რიგებში ქართველ პირველხაზელებს არ უთამაშიათ - ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია განაცხადში არ იყო. ტრავმირებულია კაკოვინიც, ბრეგვაძემ კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ საქართველოს ნაკრებში სათამაშო პრაქტიკაც მიიღო და კლუბის სასტარტო შემადგენლობაში მყარად დაბრუნდა. მან პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა. ტულუზელებისთვის პირველი ტაიმი წარუმატებელი გამოდგა, მეტოქისგან სამი ლელო მიიღეს, თავად ერთი გაიტანეს, ზედ შესვენების წინ ჯარიმაც გამოიყენეს და 8:27 ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, მეორე ნახევრის 10 წუთში სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს, ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ფრეს გამორჩნენ - 27:27. შედეგად, “სტად ფრანსე” 58 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ტულუზა” მას ერთი ქულით ჩამორჩება და მეექვსე პოზიციაზეა.

მათ მოქმედმა ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” გადაასწრო, რომელმაც გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივი” პრემიალური ქულით (38:6) დაამარცხა. თამაში უხეში გამოდგა. ფეიქრიშვილის ბრძოლაში ჩართვა მე-3-ე წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოუწია და ბოლომდე ითამაშა. ის 26-ე წუთზე მეტოქის მეორეხაზელს წაეჩხუბა და ორივე სინბინით დაისაჯა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისთვის რეფერიმ 48-ე წუთზე ორივე გუნდიდან თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. გარდა ამისა, სტუმართა გუნდიდან 36-ე წუთზე ყვითლით, ხოლო მე-60-ე წუთიზე წითლით კიდევ თითო მორაგბე დაისაჯა.

“ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა ასიეშვილმა, ხოლო შველიძე განაცხადში არ იყო. “კასტრმა” ანგარიში მე-19-ე წუთზე ლელოთი გახსნა, გარდასახვას სამი ზუსტი ჯარიმა მოყვა, ბოლოს ერთი დარტყმა “ბრივმაც” შეასრულა და ტაიმი 16:3 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით 12 წუთში კი, 14-მა კასტრელმა 13 ბრიველს კიდევ სამი ლელო გაუტანა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ახლა “კასტრი” 60 ქულით მეოთხე ადგილზეა, “ბრივი” 51 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას 6 ქულა აშორებს.

სტუმრად “გრენობლთან” მნიშვნელოვანი 4 ქულა მოიპოვა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ”, რომელმაც მეტოქე 26:13 დაამარცხა. ხინჩაგიშვილმა შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა და მისი მოედანზე შესვლისას ანგარიში 19:13 იყო, ოთხ წუთში კი, “რასინგ მეტრომ” გადამწყვეტი ლელო-გარდასახვა გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი 56 ქულით მეშვიდე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას მხოლოდ ქულა აშორებს.

სტუმრად “ბაიონს” 23:22 აჯობა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” და 54 ქულით მერვე საფეხურზეა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” აუტსაიდერი “ბიარიცი” შინ 16:10 დაამარცხა, 46 ქულით მე-11-ე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულა აშორებს. ჟღენტმა 54 წუთი ითამაშა და დასკვნით 2 წუთში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში დაბრუნდა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 28-29 მარტს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082402