ამბები

21:58 | 24.03.2014 | ნანახია 2662 - ჯერ

Pro D2-ში ხუთმა ითამაშა

 

ერთა თასის მოგების შემდეგ, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის კლუბებს ქართველი ლეგიონერებიც დაუბრუნდნენ, მაგრამ მწვრთნელებმა უმეტესობას დასვენების საშუალება მისცეს.

ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა” ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 45:16 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და თოპ 14-ისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს კოლელიშვილი განაცხადში ყავდა, მაგრამ რადგან საქმე კარგად აეწყო, ის მოედანზე აღარ შეუშვა და დასვენების საშუალება მისცა. განაცხადში არ იყვნენ “ორიაკის” ქართველი ლეგიონერები.

“ლიონმა” შესვენებამდე ორი ლელო გაიტანა და ტაიმი 17:6 მოიგო, მეორე ნახევარში მონაგარს კიდევ ოთხი ლელო შემატა და მშვიდად იმარჯვა. ის 93 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებს, ხოლო “ორიაკი” 53 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და პლეი ოფზე ფიქრს საბოლოოდ დაემშვიდობა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა”, რომელიც 81 ქულით მეორე ადგილზეა, ქართველი ლეგიონერის გარეშე ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” ასევე პრემიალური ქულით დაამარცხა (27:7). სტუმართა პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში პირველსავე ტაიმში დაფიქსირდა და მეორე ნახევარში გუნდებმა უქულოდ იბურთავეს. “ბეზიე” 48 ქულით მე-12-ე ადგილზეა და პლეი ოფში ვერ გავა, მაგრამ არც გავარდნა ემუქრება.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “ნარბონს” 19:12 აჯობა, 66 ქულით მეექვსე ადგილზეა და საპლეიოფო მეხუთე საფეხურზე მყოფ მის მიერვე ძლეულ “ნარბონს” 6 ქულით ჩამორჩება. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მირცხულავა იყო, მაგრამ პირველსავე ტაიმში დაშავდა და 23-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ჩხაიძეს ბრძოლაში ჩართვა საჭირო აღარ გახდა. სტუმართა ორ ადრეულს ჯარიმას, მასპინძლებმა შესვენებამდე სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს. “ნარბონმა” ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მე-60-ე წუთზე “ტარბმა” ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:12.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბიმ” “დაქსი” 36:5 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ორი სწრაფი ლელოთი დაწინაურდნენ, მე-11-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანეს, ტაიმის ბოლომდე კი, მესამე ლელო მიითვალეს (22:0). 56-ე და 67-ე წუთებზე “ალბიმ” კიდევ ორი ლელო გაიტანა, აქედან პირველი მოლით და ამ მოლში თეთრაშვილმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. ბოლო წუთზე მიღებულმა ლელომ საერთო სურათი ვერ შეცვალა, ქართველთა გუნდმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, ახლა ის 45 ქულით მე-13-ე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 16 ქულით დაშორდა.

თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილის და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” “მონ-დე-მარსანთან” 6:29 დამარცხდა. ნაკრების უკანახაზელები კლუბისგან ისვენებდნენ, სულუაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო კავთიძემ პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა. “ბურგ-ან-ბრესი” 32 ქულით მესამე ადგილზეა და სამი ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” “კარკასონი” სტუმრად 26:12 დაამარცხა და სამი უპასუხო ლელოსთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა, მაგრამ ქართველპირველხაზელს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “აჟენი” 75 ქულით მესამე ადგილზეა. თორნიკე ლომიძის “ოში”, ქართველი ლეგიონერის გარეშე “კოლომიეს” 28:28 დაუზავდა და 29 ქულით “კარკასონთან” მე-15-მე-16-ე ადგილებს იყოფს. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 29-30 მარტს გაიმართება.  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08367