“შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე საქართველოს და “კლერმონის” 18-წლამდე მორაგბეთა გუნდებმა ერთობლივი სპარინგი გამართეს.
ორივე გუნდის მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა და ფრედერიკ სიოვომ, თავიდან ცალ-ცალკე ავარჯიშეს შერკინება და ხაზი. 40-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ უშუალოდ სპარინგი გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა სავარჯიშო ხასიათის იყო, აქედან გამომდინარე მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მსაჯი ხშირად ზედიზედ რამდენიმეჯერ ნიშნავდა შერკინებასა თუ აუტს მოედნის სხვადასხვა ადგილებში.
ორივე გუნდის ყველა მოთამაშეს მიეცა სავარჯიშო მატჩში მონაწილეობის საშუალება. თამაშის მსვლელობისას გუნდებმა ლელოებიც დადეს, მაგრამ სავარჯიშო ხასიათის გამო, ანგარიშს ყურადღება არ ექცეოდა.
გუნდებს შორის უშუალო ოფიციალური მატჩი პარასკევს – 28 მარტს 16:00 საათზე, კვლავ “შევარდენზე” გაიმართება.
18-წლამდე “ბორჯღალოსნები” შეკრებას 3 აპრილამდე განაგრძობენ, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 და 2013 წლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს და ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავა.
აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება გადაწყვიტეს.
წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.
ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი “ბორჯღალოსნები” 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18-წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეების ვინაობა ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია