ამბები

20:57 | 28.03.2014 | ნანახია 5205 - ჯერ

18-წლამდელები პოლონეთში გამარჯვებული მიდიან

 

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც 11 აპრილიდან პოლონეთში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ჩაებმება, დღეს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა და “კლერმონის” თანატოლთა გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 22:17 დაამარცხა.

თამაშს 500 მაყურებელი დაესწრო და მათ უშეღავათო ბრძოლა იხილეს. ფრანგული გრანდის ახალგაზრდული გუნდი, ჩვენს ნაკრებს გარკვეულ კომპონენტებში სჯობდა, უფრო კი უკანახაზელების ინდივიდუალურ თამაშში, მაგრამ “უმცროსი ბორჯღალოსნების” თავდადებამ თავისი გაიტანა. ქართველი მორკინალები მეტოქისას სჯაბნიდნენ, მოკლე დარტყმებისას ფაზებს კარგად კინძავდნენ და ამის ხარჯზე მეტოქეს მათსავე ნახევარზე ამყოფებდნენ, მაგრამ იყო ტექნიკური წუნი და სწორედ ამის ბრალია, ტაბლოზე უფრო დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა.

ჩვენს გუნდს უჭირდა თამაშის გაშლა, თუმცა, მწვრთნელების თქმით, ამ ხაზში სასტარტო შემადგენლობის სამი მორაგბე გვაკლდა (10-12-15) და უშუალოდ პოლონეთში, საქართველოს ნაკრები სხვაგვარად ითამაშებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კლერმონელებთან მატჩით მიღებული გამოცდილება, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე თავად მოთამაშეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ეს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე სათანადოდ წაადგება.

მატჩის დებიუტი ქართველებისა იყო და ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. მეტოქე რაქში დაჯარიმდა და კონსტანტინე ახობაძემ საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაჰკრა. მალე, ლელოს გატანის შანსიც გაჩნდა, თორნიკე მანაგაძემ ხაზი გაჭრა და მარჯვნივ იერიშში გიორგი მელაძე ჩართო, მაგრამ მას ბურთით ფეხის გადაკიდება ძლიერად მოუვიდა და ის პირით ხაზს გასცდა. მე-9 წუთზე, ახობაძეს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა, 22-ის ხაზიდან არაზუსტად დაარტყა.

საწყისი 15 წუთის შემდეგ, ფრანგებმა ბურთი მოიხელთეს. ფეხით მოკლეზე გადაკიდების შემდეგ, ქართველებმა უბურთო მეტოქე შეაჩერეს და გასატანი პოზიციიდან წონასწორობა აღდგა. ორიოდე წუთში, საქართველოს ნაკრებმა, მოკლე დარტყმებით ლამის ნახევარი მოედანი გაიარა, ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ბესიკ გოგოლაძემ აიტაცა და ლელო გაიტანა. ვასილ ლობჟანიძეს გასატანი პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა.

ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრების იყო, ის ბურთსაც აკონტროლებდა, მაგრამ 24-ე წუთზე, ლაშა საჯაია რაქში შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. “კლერმონმა” მეტობა მალევე გამოიყენა - მათმა მგეზავმა ხაზი ცენტრში გაჭრა და ფულბეკმა ლელო ძელებსშუა გაგვიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა და ერთ ეპიზოდში ხაზის გადაკვეთაც მოხერხდა, მაგრამ შემტევმა ბურთის დამიწება ვეღარ შეძლო - 8:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში, მეტოქეს ჯერ არეკნი, შემდეგ კი ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. მათ შორის, საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ლობჟანიძემ მიიღო, მაგრამ გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ამას კვლავ მოკლე დარტყმებით იერიშები მოჰყვა, ბექა გორგაძემ რაქიდან მოულოდნელად ორჯერ შეუტია, მაგრამ პირველი ტაიმის მსგავსად, მსაჯებმა ზედახორაში ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირეს. სამაგიეროდ, “კლერმონმა” ბურთი კარგად გაშალა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ, უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.

განახლდა თუ არა თამაში, მეტოქეს მისსავე 22-ში ფეხით მოგერიებისას დავუფარეთ, ბურთს ერთბაშად სამი ქართველი მიყვა, მაგრამ ყველას გიორგი ხუროშვილმა დაასწრო. ლელოს თორნიკე მანაგაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და სხვაობა 2 ქულამდე მალევე დავიდა. მეტოქე დაიღალა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ კარგად დაძრული მოლების, თუ მოკლე დარტყმების სერიების შემდეგ, ზედ ხაზთან ლელოს გატანა ვეღარ ხერხდებოდა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 22-ის ხაზთან დერეფანი მოიგო და მოლით, დაახლოებით 15 მეტრი იარა, ამას რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა და ოთარ გორგაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო მანაგაძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და 22:17 მოგებით, გულშემატკივართან ერთად გაიხარა.

მამუკა ტყეშელაშვილი: “ევროპის ჩემპიონატამდე, ეს ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო. მანამდე, საკონტროლო მატჩები საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთანაც გავმართეთ. გუნდი შეკრებაზე დარჩება და პოლონეთში 6 აპრილს გაემგზავრება.

ამ თამაშმა დაგვანახა, რომ რაღაც პრობლემები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. სხვა მხრივ, კარგი თამაში იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შერკინებაში უპირატესობა გვქონდა და ეს კარგად გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ლიდერი გვაკლდა, ის ბიჭები, რომელთაც გამოცდილება აქვთ და მათი უმეტესობა უკანა ხაზში თამაშობს. სწორედ ამიტომ გაჭირდა თამაშის გაშლა. სამაგიეროდ, ინიციატივა შერკინებამ აიღო, მეტოქე დაღალა და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოხერხდა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ასე ვერ ვითამაშებთ, იქ თუ მორკინალებს ხაზიც არ აჰყვა, მაშინ არაფერი გამოგვივა.

დღეს დაგვაკლდნენ თორნიკე ზოიძე, ირაკლი სვანიძე და გიორგი კოშაძე. დავით ლობჟანიძეს მხრის ტრავმა აწუხებს და დღეს შეცვლაზე კი ვათამაშეთ, მაგრამ ბევრად მეტი შეუძლია. ეს ოთხივე მორაგბე, სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და მათთან ერთად ბევრად უკეთ ვითამაშებთ. მორაგბეებს ენტერო-ვირუსი შეეყარათ და იყო მიკრო ტრავმები, მაგრამ ექიმებმა კარგად იმუშავეს, ახლა ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვართ და იმედია, გამგზავრებამდე დარჩენილ მცირედ პრობლემებსაც აღმოვფხვრით.

აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ასეთი ფიზიკური მონაცემების გუნდი ჯერ არ გვყოლია. წელს მრავლად გვყავს მაღალი ბიჭები. ირლანდიის თამაში შარშან ვნახეთ და ჩვენი გამოუცდელობის გამო მცირედით დავმარცხდით. შერკინებაში დიდი ბრძოლა გავუმართეთ და არაფერი დავუთმეთ, წელს კი, მეტის მიღწევას ვეცდებით. თუმცა ისიცაა, რომ ახლა, მეტოქეც სხვა თვალით გვიყურებს და შარშანდელზე მეტად მოინდომებს. პოლონეთში ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, რა მოხდება”.

 

თბილისი. “შევარდენი”. 500 მაყურებელი

საქართველო U18 - კლერმონი U18 22:17 (8:10)

საქართველო: 15. თორნიკე მანაგაძე, 14. გიორგი მელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. ბექა ნონიაშვილი, 10. კოტე ახობაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბესიკ გოგოლაძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლაშა საჯაია, 7. ოთარ გიორგაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. შაქრო ლომსიანიძე, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. მამუკა ჩანჩიბაძე, 22. ლადო მიმინოშვილი, 23. კახა ელბაქიძე, 24. მიხეილ გორგასლიძე.

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მამუკა ტყეშელაშვილი, ლევან შარაშიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133384