საერთაშორისო

19:55 | 1.02.2020 | ნანახია 2790 - ჯერ

"ბორჯღალოსნებმა" 2020 წელი გამარჯვებით გახსნეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2020 წელი და რაგბის ევროპას გათამაშება ჩინებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად 41:13 დაამარცხეს.

ლევან მაისაშვილის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე თედო აბჟანდაძის ჩინებული გარღვევით პირველი ლელო ვიხილეთ. თედომ გარდასახვა ვერ გამოიყენა და მასპინძლებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ამის შემდეგ რუმინეთმა შეძლო თამაშში დაბრუნება და მეოცე წუთისთვის უკვე წინ გასვლაც შეძლო. ფლორინ ვლაიცუმ ორი ჯარიმა გაიტანა და „სტეჟარი“ დაწინაურდა. ეს მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რუმინეთი იგებდა და მსგავსი სიტუაცია 36-ე წუთამდე გაგრძელდა. მანამ, სანამ აბჟანდაძემ ჯარიმით „ბორჯღალოსნებს“ ორბურთიანი უპირატესობა არ მოუტანა. ტაიმიც ასე დასრულდა - 8:6.

მეორე ნახევარი ისევ აბჟანდაძის რეიდით დაიწყო, მაგრამ ამჯერად ლელო მირიან მოდებაძემ მიითვალა, ხოლო გარდასახვა ისევ გაცუდდა. თუმცა, ქართველი მორაგბეების უპირატესობა 1 წუთსაც არ გაგრძელებულა, რადგან საპასუხო შეტევაში ვლაიცუმ ჯერ ლელო მიითვალა, მერე თავადვე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა - 13:13. სხვათა შორის, ეს იყო რუმინელთა ბოლო ქულები დღევანდელ მატჩში და სტუმრებს ქულები მხოლოდ ვლაიცუმ მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შეჩერება თამაშის დარჩენილ ნაწილში შეუძლებელი გახდა. დუბლი შეასრულა დავით კაჭარავამ, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანს გიგაშვილმა და ჭყოიძემ უწიეს. ხსენებული ლელოები აბჟანდაძემ გარდასახა და სოლიდური სხვაობაც დააფიქსირა - 41:13.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს რუსეთში 31:12 იმარჯვა.

საქართველო - რუმინეთი 41:13 (8:6)

ქულები: ანჟანდაძე (ლ, 4 გ, 1 ჯ), მოდებაძე (ლ), გიგაშვილი (ლ), კაჭარავა (2 ლ), ჭყოიძე (ლ)

ვლაიცუ (1 ლ, 1 გ, 2 ჯ)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:43 | 02.02.2020
qomagi (199)

მოგება და თან ასეთი ანგარიშით ძალიან კარგია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. დღევანდელი რუმინეთი ძალიან სუსტია და იგივე ესპანეთთან ძალიან გაგვიჭირდება მოგება. სასწრაფოდ გვინდა უმაღლესი დონის უცხოელი მწვრთნელები ყველა ასაკობრივ ნაკრებში და აკადემიებში, ისე ვერც მოთამაშეები და ვერც ქართველი მწვრთნელები ვერ განვითარდებიან. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულ მცირე 2 ფრანჩაიზი, იგივე პრო14 ძალიან მაგარი იქნებოდა, ქარის ფასიც სჯობს სულ არაფერს მაგრამ ევროპულ ტურნირს ვამჯობინებდი.

23:41 | 01.02.2020
dato2121 (13)

რუმინეთი მაგარი სუსტია და გასაგებია ისედაც რომ ამათ ვუგებთ მაგრამ საქმეც ის არის რომ ვერ ვითარდებით, კომენტარებში ვსო აღარ გინდა უცხოელი მწრთვნელიო, მოვა ტესტ მატჩებიც და გამოჩნდება ისევ რაც ვართ.. უცხოელი ძლიერი მწრვთვნელიც გვინდა და უკან ხაზში ნატურალიზებაც მოთამაშეების.. სხვაგვარად ესე ვიქნებით კარგა ხანს კიდე

03:18 | 02.02.2020
NIKA..01 (323)

კარგი და გამოცდილი მწვრთნელი ნამდვილად გვჭირდება და არა მხოლოდ ეროვნულში არამედ ბავშვთა რაგბშიც(თუ უფრო მეტად არა).ახლა ისეთ ეტაპზე ვართ,თუ არ შეიქმნა 1-2 ფრანჩაიზი,თუ სარაგბო გუნდებს არ ექნებათ მყარი დაფინანსება,რომელიც საკმარისი იქნება მოთამაშეთა განვითარების უზრუნველსაყოფად და თუ დიდი ფინანსები არ დაიხარჯა ბავშვთა რაგბში,სხვაგვარად გაგვიჭირდება მზარდი ტემპით განვითარება

22:36 | 01.02.2020
NIKA..01 (323)

ერთი კი მაინტერესებს,რატომ არაა აფრასიძე ძირითადი 9 ნომერი?ძალიან დიდ პატივს ვცემ ვასკას,მაგრამ ჩემი აზრით ამჟამად გელა ჯობია.ვასკაზე ძალიან ვწუხვარ,რომ ის აღმაფრენა რაც 18-20 წლის ასაკში ქონდა თითქოს დაკარგა და დამძიმდა.

15:26 | 06.02.2020
sabonis (74)

იმიტომ, რომ ახალგაზრდაა ჯერ და არ შეიძლება ძირითადი 9 ნომრობა ავკიდოთ, ვასკას ძაან ახალგაზრდას აკიდეს ეგ ტვირთი და მიტო ვერ პროგრესირებს ჩემი აზით. ის კი არა აბჟანდაძის ძირითადი 10 ნომრობაც ნაადრევი მგონია.

02:33 | 02.02.2020
jora84 (182)

იმიტომ რომ ვასკა უკეთესი 9 ნომერია.

03:07 | 02.02.2020
NIKA..01 (323)

და რითია უკეთესი? ))

03:12 | 02.02.2020
NIKA..01 (323)

რაქიდან გელას უფრო სწრაფად გამოაქვს ბურთი,უფრო უკეთ და სწრაფად განსაზღვრავს შეტევის მიმართულებას,ინდივიდუალურ გარღვევებში უკეთესია,ფეხით უკეთ თამაშობს და უფრო აგრესიულ რაგბს თამაშობს.რატომაა ვასკა უკეთესი?ისე კი არ გამიგოთ,რომ ვასკას საწინააღმდეგო მაქვს,პირიქით როგორც ავღნიშნე ძალიან სამწუხაროა,რომ ისე ვერ განვითარდა,როგორც მეიმედებოდა,თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და იმედია ამ სიმძიმეს რასაც ახლა ვგრძნობ მის თამაშში მოიხსნის

22:33 | 01.02.2020
NIKA..01 (323)

41-13 მერე როგორ გავაკრიტიკო ნაკრები,მაგრამ მე თავად თამაშის ხარისხი კვლავაც არ მაკმაყოფილებს.სხვამხრივ კი ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას დამადლობა ბორჯღალოსნებს.

21:02 | 01.02.2020
dinamo222 (671)

ბოლო 30 წუთი მართლა ძალიან მაგარი იყო მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი შეცდომებიც იყო ! და ეხლა სტუმრად "ესპანეთთან" (სინამდვილეში ესპანეთ-სამხრეთ-აფრილა-საფრანგეთ-ფიჯისთან) გაგვიჭირდება თუ ისევ დავუშვებთ ასეთ შეცდომებს

20:03 | 01.02.2020
თენგაბი (9)

ყოჩაღ ჩვენს რაგბისტებს. განსაკუთრებით მაისაშვილს და მწვრთნელთა შტაბს. აქ იყო ყველაფერი რითაც მოგვწონს ეს თამაში - სწრაფი გადადგილება, ხელით თამაში, ბევრი მოძრაობა. აღარ გვჭირდება უცხოელი მწვრთნელი.

0.116582