ამბები

16:08 | 5.04.2014 | ნანახია 1825 - ჯერ

“სტად ფრანსე” ევროთასს დაემშვიდობა

 

ევროპის რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფს” ქართველი ლეგიონერების ორი გუნდიდან ერთი უკვე გამოეთიშა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ინგლისურ “ჰარლექუინს”, რომელმაც ამ ტურნირზე “ჰაინეკენის თასიდან” გადმოინაცვლა, პარიზში გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა და 6:29 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარეს და მეორე ტაიმის საწყის პერიოდში სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის ნახევარი უქულოდ დატოვეს და სტუმრებმაც უპირატესობა გაზარდეს.

ორივე ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტიურობდა. ჟვანია რამდენჯერმე მეტოქეებთანაც წაკინკლავდა. მწვრთნელმა იმის შიშით, რომ ყვითელი ბარათი არ მიეღო, ის 43-ე წუთზე შეცვალა. ქუბრიაშვილმა მოედანზე 59 წუთი გაატარა და გადახალისებულ “სტად ფრანსეში” ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა მატჩამდე მასთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც დაძაბულ თამაშს პროგნოზირებდა და მისი ვარაუდი გამართლდა.

“ჰარლექუინსმა” საფრანგეთში პირველი გუნდი ჩაიყვანა და 10 200 მაყურებლის წინაშე 29:6 იმარჯვა. როგორც ჩანს, პარიზელებს პრობლემური პერიოდი დაუდგათ. მათ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგეს (ერთი ფრე და ორი მარცხი), სულ მოუგებელი სერია ოთხ თამაშამდე გაიზარდა, უკანასკნელი შვიდი დაპირისპირებიდან კი, ხუთი დათმეს, ერთი ფრედ დაასრულეს. მხოლოდ “ოინაქს” აჯობეს და ისიც არადამაჯერებლად (29:26).

“სტად ფრანსემ” პირველ ტაიმში იბრძოლა, პირველ ორ ჯარიმას თავადაც ზუსტი დარტყმებით უპასუხა, ტაიმის ბოლოს კი, მესამე ჯარიმა გაუშვა და შესვენებაზე 3-ქულიანი დეფიციტით გავიდა - 6:9. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, რის შემდეგაც ფრანგები უპირატეობას დაეუფლნენ, მაგრამ ვერც ლელო გაიტანეს და ჯარიმაც არაზუსტად დაარტყეს, მერე კი, ინგლისელებმა ჯარიმით, არეკნით და ბოლოს კვლავ ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

6 აპრილს კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” ინგლისში “ბათს” ეთამაშება. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შველიძეა, რომელიც სათადარიგოთა შორისაა.

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები.

მეოთხედფინალები.

3 აპრილი

სეილ შარქსი (ინგლისი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 14:28

4 აპრილი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 6:29

6 აპრილი

ბათი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი)

უოსპსი (ინგლისი) – გლოსტერი (ინგლისი)

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133632