შიდა რაგბი

9:59 | 8.05.2018 | ნანახია 7112 - ჯერ

ლელოს სიზმარი
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

ეს მამაჩემი, ვეტერანი ქართველი რეგბისტი (და ჩვენ, ახალგაზრდა თაობას, დიდწილად სწორედ უამრავი ასეთი რეგბისტის დამსახურების გამო გვქვია დღეს მორაგბეები) დათო კილასონიაა. ის მობერებული, ბევრ რამეში ძაან მაგარი და უცნაური კაცი, რომელმაც წლებთან ერთად უამრავი რამე და ვინმე დაკარგა: ჯანმრთელობა, ძმაკაცები, მშობლები, უამრავი რამე ნახა აფხაზეთის ომიდან დაწყებული, მეგობრების ღალატით დამთავრებული, მაგრამ მაინც ბოლომდე შეინარჩუნა კარგი საქმის კეთების ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ხალისი.

რამდენიმე წლის წინ მამა (დედასთან ერთად) ჩვენს სოფელში, ნოქალაქევში გადავიდა საცხოვრებლად და ერთ-ერთი უძველესი ქართული თამაშის - “ლელოს” აღორძინება მოინდომა. თავიდან ჩვენც, მისი შვილებიც კი ღიმილით შევხვდით მამას ამ ახალ გატაცებას, გაეცოცხლებინა თითქმის მთლიანად გამქრალი ლელო, ეს, პირველყოფილი, ადამიანში ვერდატეული და ვულკანივით ამოხეთქილი ენერგიის და (გეოგრაფიისა და ისტორიის ნაზავისგან ჩამოქნილი) ქართული ხასიათის შერწყმისგან წარმოქმნილი და ჩვენებურ ყალიბში გამომწვარი დიდი, ძველი და მივიწყებული ტრადიცია.

მაგრამ მამამ ჩვეული სიჯიუტით და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი საქმეს და დასავლეთ საქართველოში “ლელო” გაცოცხლდა.

გაცოცხლდა ის, რასაც ასე უფრთხილდება თითოეული ერი, თითოეული მართლა ქვეყანა (და რასაც ასე დაუფიქრებლად და უდარდელად ვანადგურებთ დღეს ჩვენ, ვმარხავთ შუშის ცათამბჯენებში, ვძირავთ ჰესების წინ დაგუბებულ ტბებში, ვაფეთქებთ დინამიტებით, მერე კი ამ ნაშალით ევროპულ გამოფენებზე მოგვაქვს თავი), ის, რაც შენია, შენი ისტორიის, კულტურის ნაწილია და საწორედ ამიტომ (და არა იმიტომ, რომ ერთადერთია, ლელოსნაირ თამაშებს სხვაგანც თამაშობდნენ, ოღონდ ის ცოტა სხვა თამაშები იყო, სხვანირი სახელებით, სხვა ხალხის ხასიათისგან და კულტურისგან შობილი) უნიკალურია, ის, რაც უნდა იყოს შენი სავიზიტო ბარათი, შენი სიამაყე, და ძალიან ცოდოა ერი, რომელიც ამას არ უფრთხილდება, რადგან თუკი შენ შენსას ვერ აფასებ, თუკი შენსას არ უვლი, შენ სხვისას ვერ შეიყვარებ. მაგარია პუშკინი, მაგრამ შენი გალაქტიონია, მაგარია ჰარი პოტერი, მაგრამ შენი რეზო ინანიშვილია, მაგარია Pink Floyd, თუმცა ვერასოდეს დაგივლის სუფრაზე შემთვრალს შენი “მრავალჟამიერივით”, მაგარია კუნფუ, მაგრამ შენი ჭიდაობა სხვაა, და არ შეიძლება შენ გიყვარდეს პირველი და არაფერი იცოდე მეორის შესახებ. რადგან თუ არ იცი, ვერავის, ვერც შენიანს და ვერც სხვას, ვერაფერს მოუყვები შენს ქვეყნაზე, ვერც ცუდს და ვერც კარგს, ვერც სათანადოდ იამაყებ შენი ქვეყნით და არც არასოდეს შეგრცხვება მისი და აი, სწორედ ეგ არ შეიძლება, იმიტომ, რომ თუკი შენს ქვეყანაზე ვერაფერს იტყვი საინტერესოს, ცუდი კი არა, ცოდო ხარ.

და ამიტომ მე ძალიან გამიხარდა, როდესაც დღეს მამაჩემის ამ პოსტს გადავაწყდი:

ლელოს სიზმარი

ლელოს სიზმარზე, რომელიც მე ვნახე, ბევრმა იცინა,ზოგმა ასრულება ინატრა. რა არის სიზმარი? მეცნიერებამ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რადგან სიზმარი უფლის ნებაა. შეიძლება სიზმარი ახდეს?. მე რაგბის თამაში 1968 წელს დავიწყე. მაშინ რაგბის საყურებლად 10-12 კაცი თუ დადიოდა, ისიც უახლოესი მეგობრები. 1970 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელიც თბილისისლოკომოტივმა“ მოიგო. კარგად მახსოვს, ტრიბუნებზე 100 კაცამდე იჯდა. იმ ღამეს სიზმარი ვნახე, რაგბის თამაშებზე საქართველოში სტადიონები სავსე იყო. მე სიზმარი ამიხდა, თქვენც გისურვებთ კეთილი სიზმრების ახდენას”.

ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:06 | 08.05.2018
გზავნილი (81)

რა იყო ამ სტატიის მიზანი - სადღეგრძელო მოგენატრა?
გაორებული შეგრძნება მაქვს ლადოს მიმართ, გადასარევი სიტყვა პასუხი აქვს, მშვენივრად წერს, დარწმუნებული ვარ უზომოდ და უსაზღვროს უყვარს რაგბი და საკუთარი საქმე მაგრამ...

მაგრამ უდუდესი პერსონალურ პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია რომ თქვენ და თქვენი მეწყვილე სამწვრთნელო შტაბში ვერ ან არ ხართ შესაბამის სიმაღლეზე - პრინციპულად არასწორი მიდგომა გაქვთ ნაკრების მიმართ და ვერ ათვითცნობიერებთ რამხელა პასუხისმგებლობაა თქვენზე - აი ჩემი არგუმენტები:

თქვენს ხელში გადის ქართული რაგბის მომავალი და ყმაწვილკაცობაში შთაგონებული მთელი ჩვენი ცხორების და მომავლის განმსაზღვრელია. აი ზუსტად ისე როგორც მამათქვენმა "მოგწამლათ" რაგბის სიყვარულით! გავაკეთოთ დაშვება, რომ 2027 (ხაზს ვუსვამ 2027) წლის მსოფლიო თასის შემდეგ გვინდა ვიყოთ 6 ერის მონაწილე! გავაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ თქვენი დამოძღვრილი ბიჭები ამას შშეძლებენ? - დასკვნა ბოლოში:
1. 2027 წლის მსოფლიო თასის მონაწილეების - ჩვენი ბორჯღალოსნების ძირითადი ხერხემალი იქნება შარშანწინდელი, შარშანდელი, წლევანდელი და გაისათ U20 მსოფლიო თასის მონაწილენი + რამდენიმე ამათი მომდევნო თაობებიდან, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე - მაქსიმუმ 10-15%. ანუ ეს ბიჭები არიან პირველი შანსი ვინამაც სერიოზული სიტყვა უნდა თქვას იმ დროისთვის.
2. ზემოთ მოყვანილი არგუმენტი არა მგონია რომ საკამათო იყოს, მაგრამ ეს 3-4 ნაკრები არის მწვრთნელთა ხელში რომლებიც უნერგავთ შიშს და შეგუებას იმასთან რომ მათ "დიდ გუნდებთან" შანსი არ აქვთ და მხოლოდ მეხუთე (!) თამაშის მოგებისთვის ემზადებით.
3. ეს 3-4 ნაკრების ბიჭები გარდატეხის (სპორტული თვალსაზრისით) ასაკში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას ძალიან ვეჭვობ რომ დიდ კაცობაში გადალახავენ. ისინი მუდმივად იქნებიან შეგუებული იმას რომ ისინი 6 ერის მონაწილეებშე სუსტები არიან!
4. შარშანდელ U20 მსოფლიო თასსზე თქვენ წინასწარ შეაგუეთ და არც გულშემატკივრისთვის დაგიმალავთ რომ პირველი ოთხი თამაშის წასაგებად მზად იყავით. ხომ არაფერს ვამეტებ? სამწუხაროდ არ გყოფნით სპორტული თავხედობა არ გაქვთ საკუთარი შესაძლებლობის რწმენა. ნებისმიერი თავხედი ევროპელი ან სამხრეთელი მწვრთნელის ხელში შარშანდელ ნაკრებს ქონდა შანსი მინიმუმ 2 თამაში მოეგო ჯგუფში. ხომ აქსიომაა რომ - ვერასდროს სპორცმენი წარმატებას ვერ მიაღწევს თუ წარმატების არ ჯერა.
5. პრობლემა მარტო სამწვრთნელო შტაბში არაა - რაგბის კავშირი ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს და ვერ გაძლევთ საჭირო დავალებებს და თქვენც ისე მიყვებით დინებას. პირადად თქვენთვის რა შედეგის მიღწევა იქნება თქვენთვის საამაყო 2027 წლის მსოფლიო თასზე - ისევ ორი მოგების და 2031-ში ავტომატური კვალიფიკაციით? ეს ხომ ელემენტარულია - რასაც ახლა დათესავთ 2027 მოიმკით! რა გინდათ რომ მოიმკათ? თუ მანამდე ან ვირი მოკვდება და ანდა... ეს სწორი და პროფესიული მიდგომაა ბატონო ლადო?

დასკვნა: კურსი არის არასწორი. არ არის შეგეგზე ორიენტირებული. დაახლოებით ისეთი სადღეგძელოსავით ზემოთ რომ მშვენივრად დაწერეთ, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რეალურად არავინ საქმეზე არ გადადის. ეს არის ტიპიური ქართული მენტალიტეტი რომელიც გვღუპავს ქვეყანას და რაგბის არც ისე ნათელ მომავალს გვიხატავს ჩვენ.

არავითარ შემთხვევაში არ მიცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ რომელიმე თამაშზე წინასწარ წაგებული გავიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგს მიაღწევს ჩვენი ბიჭები წელს (საფრანგეთშიც თქვენს გვერდით ვიქნები ივნიშში ლომებო) ნაკრების მთავარი მწვრთნელები უნდა შეიცვალონ - ძალიან ჯიგრები ხართ, კარგი და ჭკვიანი ადამიანები და ამასთან გულით მჯერა რომ გიყვართ რასაც აკეთებთ, მაგრამ თქვენ უფლება არ გაქვთ ქართული რაგბის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადოთ! მე ვიტყოდი რომ თქვენი პოსტი ქართული რაგბის მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიდი ნაკრების მწვრთნელობა. თქვენ არ გაქვთ უფლება საკუთარი ეგო დააყენოთ რაგბზე წინ!!!

13:32 | 09.05.2018
geogoli (367)

ვერ გეთანხმები მეგობარო, მე პირადად მაისურაძის ნაკრები ძალიან მომწონს. U20-ს ყოველთვის აქვს მუხტი და ენერგია და რაც მთავარია წინსვლის სურვილი. დაიწყო 2015 წელს ალაფას მოგებით (ფიჯი გვყავდა იქ მთავარი მეტოქე) და თან ყველა თამაში დამაჯერებლად და ლელო უხვ შეხვედრებში მოვიგეთ, მაშინ არც შეიმჩნია საქართველომ კანადა და ფიჯი (ორივე დიდი ანგარიშით დაამარცხა) და პირველ ადგილზე გავიდა. დღეს რომ მოეწყოს შეჯიბრება იგივე გუნდების მონაწილეებით, ოღონდ ეროვნულების დონეზე, არ ვარ დარწმუნებული რომ საქარველო ტურნირს მოიგებს.
მერე იყო 2016 წლის მსოფლიო ინგლისში და საქართველო იქ მხოლოდ ზელანდიასთან დაიჩაგრა. ირლანდიასთან ფანტასტიკური დასაწყისი გვქონდა და იქ მას შემდეგ გარდატეხა თამაში ირლანდიამ რაც სპანდერაშვილი გაგვიგდეს (სხვათაშორის უსამართლოდ). უელსთან და საფრანგეთთან მაგრად ვიომეთ, აი იტალიასთან თამაში ძალიან მაგარი იყო და იქ რო მიმინოშვილმა ლელო დადო მე პირადად საქართველოს შესრულებით ეგეთი გუნდური და სანახაობრივი ლელო მხოლოდ არგენტინასთან მახსენდება.
2017 წელს რაც შეეხება, სათამასო კომპონენტებში ნაკრები 2016 წელზე გაცილებით წინ იყო. ირლანდიასთან ბიჭები მოსაგებად იყვნენ აშკარად გამოსულები, მაგრამ გამოცდილება დააკლდათ. არგენტინის დამარცხება მე მაინც არ მგონია უბრალო საქმე.
წელს მე კიდევ მეტის იმედი და მოლოდინი მაქვს.

14:06 | 09.05.2018
geogoli (367)

მაგასაც ვიტყვი რატომ მაქვს მეტის მოლოინი, ჯერ ერთი შარშანდელი გამოცდილების მქონე ბიჭები ითამაშებენ მრავლად, მერე მეორე წელს ნაკრებს ისეთი სპარინგები ჰქონდა აქამდე რომ არ ჰქონია. საფრანგეთი თუნდაც მეორე გუნდით არ არის ხელწამოსაკრავი და სამხრეთ აფრიკა საერთოდ პირველი გუნდით დაგვხვდა. ხოდა ბიჭებს მიღებული აქვთ უკვე საკმაო უნარები და გამოცდილება იმისა როგორ ეთამაშონ გრანდებს. მარტო ბიჭებს კი არა მწვრთნელებსაც ემატებათ ცოდნა და გამოცდილება, იმიტომ ვამბობ ამას რომ წლიდან წლამდე აუმჯობესებენ შედეგსაც და სანახაობასაც.

14:14 | 09.05.2018
geogoli (367)

რაც შეეხება უცხოელი მწვრთნელი მოყვანას რომელიმე ასაკობრივში, ჩემი პირადი აზრია რომ ეს ასაკი იმდენად სპეციფიკურია და ქართული მენტალიტეტი ამ დროს იმდენად განსხვავდება უცხოურისგან, რომ ვფიქრობ არავითარ შემთხვევაში მწვრთნელი (ყოველ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელი) უცხოელი არ უნდა იყოს. მაგას ჯობია ქართველი მწვრთნელები წავიდნენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

20:18 | 08.05.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ, ძალიან მაგარი სტატიაა, "ერი რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს მას მომავალი არ აქვს" - დაგვიბარა ილიამ.

დაგუგლეთ, თუ შეიძლება Poloqrosse - მთელი მსოფლიო ანვითარებს ცხენბურთს, საქართველოს გარდა, ოღონდ სხვა სახელით.

20:19 | 08.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ბოდიში შემეშალა Polocrosse

12:44 | 08.05.2018
ilarioni (138)

ლადო გეთანხმები, მართლაც ჩვენი რაგბი სულ სხვა განვითარების საფეხურზე დგას ახლა, ვიდრე უწინ იყო და ამ გარდაქმნას ძალიან საინტერესოდ და შეგნებულად გაუსვი ხაზი რეგბი-რაგბი, რეგბისტი-მორაგბე სიტყვების თამაშით. თუმცაღა, ლელო-ბურთის ტრადიციის და ზოგადად ქართული კულტურის პროპაგანდის კვალდაკვალ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვანწილად გამომდინარეობს ჩვნი ენიდან, რომელიც ამ ყველაფრის უშუალო გამოხატულებაა, ენიდან, რომლის გამოც ასე ვამაყობთ, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვათვიცნობიერებთ იმას, თუ როგორ უდიერად, უპატივცემულოდ, ზერელედ ვექცევით და შეურაცხვყოფთ მას. არაფერი გამოვა ტრადიციულის, ისტორიულის, თანდაყოლილის პატივისცემის ღაღადისა და შთგონებისგან, თუ ამას სიღრმისეულად არ მივუდგებით და არ გავითავისებთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა და კულტურა დგას ჩვენ ენაზე. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნებოდა, თუნდაც, ლადოს მიმართ, რომელსაც უწევს ახალგაზრდა მორაგბეებთან ინტენსიური ურთიერთობა, თუნდაც, რაგბის კავშირთან და აკადემიებთან, რომ იმ საინტერესო პროგრმაებთან და წამოწყებებთან ერთად, რომელიც დაინერგა და ინერგება, იქნებ განსაზღვრული ნიშა დაეთმოს ქართული ენის სტატუსს, როგორც გადამწყვეტ ფაქტორს, რომელზედაც დგას ჩვენი ერობა და ქართველობა, რომელიც პირველია, რაც განგვასხვავებს სხვა ერებისგან, ჩევნ შეიძლება მენტალიტეტი შევიცვალოთ, მიდგომები, აზროვნება, მაგრამ ენა დაგვრჩება, რის გამოც იტყვიან, რომ ესენი ქართველები არიანო. მაგრამ დაგვრჩება კი, თუ ასე გავაგრძელეთ სვლა? თუ სიტყვა ლელოს მქონეს - ზანოსის, შერკინების მქონეს - სხვატკის და ბოჭვის მქონეს - ზახვატის გამოყენება გვირჩევნია, ან იმიტომ ვიყენებთ, რომ უფრო მაგარ ბიჭურად ჟღერს? ანდაც იმიტომ, რომ, მათ შორის, ჩემდა გასაოცრად, ახალგაზრდა მწვრთნელებიც კი ასე ღზრდიან მომავალ თაობებს? ამიტომ, მოდი იყოს რაგბი ის პირველი სპორტის სახეობა საქართველოში, რომელიც ისედაც გამოირჩევა გარკვეული თვისებებით სხვა გუნდური სპორტის სახეობებისგან, და რომელსაც "ჩვენ თამაშს" ვუწოდებთ, რომელიც უარს იტყვის ამ გაუაზრებელ ბარბარიზმებზე და სათანადო ყურადღებას მიაქცევს ქართული სახელწოდებების გამოყენებას. ეს იქნება რაგბის ეროვნულ სპორტად ქცევის მართლაც სიღრმისეული და ნამდვილი განაცხადი. რატომ არ შეიძლება რაგბის კავშირმა შესაბამისი მითითებები გასცეს, პირველ რიგში, მწვრთნელების მიმართ, რომლისგანაც 7 წლის ბავშვები პირველად ეცნობიან და ეზიარებიან სარაგბო ცნებებს, რომ გამოიყენონ ქართულში დამკვიდრებული ცნებები. ან თუნდაც ბროშურის სახითაც რომ მოხდეს ამის გავრცელება, ისე როგორც სტადიონზე მისული მაყურებლისთვის დარიგდა მოქცევის წესები, რასაც მე პირადად ძალიან მივესალმები. ასე მშობლებიც უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ ამაზე. ასე რომ ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რაგბის კავშირის მოქმედებებს ამ მიმართულებით.
ლადო შენი დიდად მეიმედება, რომ სათანადო ყურამდე მიიტან ამ გულისტკივილს, რომელიც მე პირადად, მართლაც ძალიან მაწუხებს.

16:41 | 08.05.2018
temuchin (431)

ბრწყინვალე კომენტარია და თუ პირადად ლადოს გვერდზეც დადებდით ხომ მთლად უკეთესი, ვის თუ არა ლადოსნაირ ინტელექტუალ მწვრთნელებს შეუძლიათ ამ დიდი საქმის მოგვარება.

13:00 | 08.05.2018
ოვალური კორბენი (276)

შესანიშნავი კომენტარია, გეთანხმები ყველაფერში.

11:53 | 08.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ლელო არც არასდროს არ მომკვდარა დასავლეთ საქართველოში საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე თამაშობენ გურიაში(სოფელი შუხუთი)თავადაც ხშირად ვთამაშობ, რაც უფრო ბევრგან აღორძინდება და გაიღვიძებს ეს ჩვენი ისტორიული თამაში ყველა კუთხეში სადაც ის უთამაშიათ მით უკეთესი, არახალია უხსოვარი დროიდან ძალიან პოპულარულია ჩვენში და თავისი არსით და ხასიათით ძალიან ჰგავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ლადო კილასონიას დიდ პატივს ვცემ როგორც ჩვენი ახალგაზრდა ბორჯღალოსნების მწვრთნელს და დამფრთიანებელს, ასევე ძალიან კარგი მწერალიცაა დათო, მის სტატიებს და ნაწარმოებებს რაგბთან დაკავშივრებით როგორც რაგბის მოყვარული, ისე ვკითხულობ როგორც პატარა ბავშვი ზღაპრებს, აი დათოს მამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, გადასარევი სტატიაა და დიდი მადლობა რომ გაგვაცანით ეს კაცი, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო დავით და უამრავი ასეთი სიზმარი აგხდენოდეთ თქვენც და ჩვენს ქვეყანასაც, რაგბი ჩვენი თამაშია!

10:58 | 08.05.2018
geogoli (367)

ასრულებულიყოს სიზმარი ლელოზე... სიზამრი 6 ერში თამაშზე...

0.087016