საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონ Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლთა რაოდენობა შვიდამდე შემცირდა და ვინ აღმოჩნდება ერთი ზედმეტი, ბოლო ტურში გაირკვევა.
ბოლოსწინა ტურში ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” სტუმრად 46:31 დაამარცხა და პირველ ადგილზე დაწინაურდა. მატჩში სამივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ჟღენტმა 26-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და 68-ე წუთზე თავად შეცვალეს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მიქაუტაძე და ჩილაჩავა. კოტემ სრულად ითამაშა, ხოლო ჩილაჩავა 50-ე წუთზე შეცვალეს. “ტულონს” 73 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 2 ქულით უსწრებს, ხოლო “პერპინიანი” 50 ქულით გასავარდნ მე-13-ე საფეხურზე დაეშვა და ბოლო ტურში მაქსიმალური მონდომება მართებს.
71 ქულით მეორე ადგილზე მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “მონპელიე”, რომელმაც გასულ ტურში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” ერთი ქულა აიღო. ქართველებიდან მხოლოდ ნარიაშვილმა ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 58-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 75-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მოუწია. “მონპელიეს” პლეი ოფი უკვე განაღდებული აქვს და უკეთესი ადგილისთვის იბრძვის, ხოლო “კასტრი” 66 ქულით მეხუთე ადგილზეა და ბრძოლა დასკვნით ტურშიც მოუწევს.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და 22:6 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელები განაცხადში არ იყვნენ, გუნდებს კი 69-69 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” “ოინაქსს” ეწვია და ფრედ 19:19 ეთამაშა. ბრეგვაძემ მოედანზე 55 წუთი გაატარა. სტუმრები თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ. ტულუზელებმა ტაიმის ბოლოს ლელო გაუშვეს და გარდასახვის შემდეგ 9:10 ჩამორჩნენ,მაგრამ ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. 62-ე წუთზე ისინი 19:13 იგებდნენ, მერე ორი ჯარიმა გაუშვეს და ბოლო წუთზე ჯარიმით თავად შეეძლოთ მოგება, მაგრამ 45 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და 64 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.
64 ქულა აქვს დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს”, რომელმაც ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” პრემიალური ქულით, 37:23 დაამარცხა. ჟვანია თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ნავროზაშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და პირველად ითამაშა Top 14-ის მატჩში. პარიზელებმა პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანეს, მეორეში მხოლოდ ერთი, მაგრამ თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ. “ბორდოს” 59 ქულით მერვე ადგილი უკავია და ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს.
ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივი”, რომელიც “ბიარიცთან” 13:19 დამარცხდა და 57 ქულით მე-9-ე პოზიციაზეა. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრები მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 13:12 იგებდნენ, მაგრამ ლელო გაუშვეს და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. შემდეგ შაბათ-კვირას ევროთასების ნახევარფინალები გაიმართება და Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტური 3 მაისს შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია