შიდა რაგბი

20:04 | 7.05.2021 | ნანახია 815 - ჯერ

დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება

დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ორი გადადებული მატჩი, რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური და ფლეი ოფები.

იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატის დონე და ხარისხი ამაღლდეს, საქართველოს რაგბის კავშირი გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, როგორც კლუბების სტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დისციპლინის კუთხით.

„ზედა ექვსეულში დიდი კონკურენციაა და იმედი გვაქვს, რომ ფლეი ოფებში ხარისხიან რაგბს ვიხილავთ. ჩვენ ვმუშაობთ შიდა ჩემპიონატის, კლუბების დონის ამაღლებაზე და ამ კუთხით გარკვეული ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ. აუცილებელია დაიხვეწოს კლუბების სტრუქტურა. კლუბებისთვის კონკრეტული პოზიციები იქნება სავალდებულო, რაც მათ პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება. ასევე გვსურს შიდა რეგულაციების შემოღება, რათა აიწიოს თამაშების ტემპი და ამ რეგულაციების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღნიშნავს, რომ გამკაცრდება დისციპლინაც:

„ჩემპიონატის დონისა და თამაშების ხარისხის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამსაჯო კორპუსი, რომელიც ბოლო პერიოდში მეტად განვითარდა. ამ მიმართულებით რაგბის კავშირმა სერიოზული ინვესტიციები განახორციელა და არავის მივცემთ მათი დისკრედიტაციის უფლებას. ქართველი მსაჯების კვალიფიკაცია მაღალია და ისინი რეგულარულად მსაჯობენ უმაღლესი დონის ევროპულ ტურნირებს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე საერთაშორისო დონის მსაჯები არიან და მათ გზას სხვა სპეციალისტებიც ადგანან, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ მეტი განვითარებისთვის აუცილებელია მსაჯების დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ“.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა დონეზე მსაჯების მიმართ რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მოხდა და ყველა მათგანზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება. ეს ფაქტები უკვე განიხილა რაგბის კავშირის სადისიპლინო კომიტეტმა და მიიღო უმკაცრესი გადაწყვეტილება, რომელსაც იზიარებს რაგბის კავშირის გამგეობა. თავისმხრივ, რაგბის კავშირის გამგეობა განიხილავს ახალ, უფრო გამკაცრებულ სადისციპლინო კოდექსს, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის რეგულაციებთან.

შეგახსენებთ, ხვალ, 8 მაისს დიდი 10-ის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართება. ქვედა ექვსეულში ‘ლელო-სარასენსი’ მარნეულის ‘არმაზს’ 14 საათზე, „ლელო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ზედა ექვსეულში, 16 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ კიკეთის ‘იუნკერებს’ „რაგბი პლატოზე“ ეთამაშება.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:34 | 07.05.2021
პანტელეიმონი (1218)

+1

0.141324