ლეგიონერები

11:40 | 29.04.2021 | ნანახია 1941 - ჯერ

ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი - 3-3 წლით ‘ლიონში’

ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ლიონთან’ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

22 წლის ‘ლელო-სარასენსის’ აღზრდილი ბექა საღინაძე ქართული რაგბის ქომაგმა უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაიცნო (18-წლამდე და 2017-2018 წლებში 20-წლამდე). მას ეროვნულში დებიუტი 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა და იმავე წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. დღემდე მის ანგარიშზე 21 სანაკრებო კეპი და სამი ლელოა.

2018 წელს საღინაძე პრო დე2-ის ‘ორიაკს’ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერად იქცა. მან 14-იდან 13 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორი ლელო გაიტანა, ახალი სეზონიდან კი უკვე ტოპ 14-ის ‘ლიონისთვის’ გაირჯება.

18 წლის ‘ხვამლის’ აღზრდილი დავით ნინიაშვილი ბორჯღალოსნების შეკრებაზე პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს. შარშან, „შემოდგომის ერთა თასზე“ მისი სანაკრებო დებიუტი ირლანდიასთან შედგა და იმავე ტურნირზე ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. წელს მან რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

კონტრაქტი ‘ლიონის’ ესპუარების გუნდთან გაფორმდა, რომელსაც ახალი სეზონიდან ჯონათან ვიშნევსკი (რასინგ 92-ის, გრენობლის, ტულონის, ლიონის, საფრანგეთის ა ნაკრების და ფრანგი ბარბაროსების მგეზავი) გაწვრთნის. ახალგაზრდა ქართველი პერიოდულად პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს და არაა გამორიცხული, პირველსავე სეზონში პირველ გუნდშიც ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ საკლუბო დონეზე მას ‘ხვამლთან’ ერთად მხოლოდ საქართველოს რეგიონალურ და პირველ ლიგაში უთამაშია.

„ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ ‘ლიონთან’ 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები მას ღირსეულად გავუმკლავდე. ლევან ღვაბერიძის დახმარებით, უკვე მქონდა საუბარი მწვრთნელებთან. მათგან დიდი პატივისცემა და ყურადღება ვიგრძენი, რაც ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის“.

„საუბრისას ითქვა, რომ ‘ლიონის’ პირველ გუნდთან ერთად გავივლი მოსამზადებელ ეტაპს, ასევე პერიოდულად მექნება ვარჯიშები ძირითად ბირთვთან. კარგად მესმის, რომ ტოპ გუნდებში ქართველი უკანახაზელების წარმომადგენლობით არ ვართ განებივრებული და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავიმსახურო ნდობა და პირველსავე სეზონში მომიწიოს ელიტაში თამაში. ჩემი მთავარი ამოცანა ახლა ფრანგული ენის შესწავლაა, რათა გუნდში ინტეგრირება გამიადვილდეს“.

დავით ნინიაშვილს კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და საფრანგეთში სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისთვის, ასევე ფორმალობების მოსაგვარებლად ჩავა. ზაფხულში ის ბორჯღალოსნებს დაეხმარება, რის შემდეგაც ლიონში ჩავა და პირველ გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.

ნინიაშვილის მენეჯერი ლევან ღვაბერიძე დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფულბეკი პირველ გუნდთან ერთად დიდ დროს გაატარებს და აღნიშნავს, რომ ‘ლიონმა’ მისი აყვანა „შემოდგომის ერთა თასზე“ ნაჩვენები თამაშის შემდეგ, მალევე გადაწყვიტა:

„პიერ მინიონიმ თქვა, რომ სურს დავითმა მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდთან ერთად გაიაროს. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მან პირველ გუნდში დიდი დრო გაატაროს“.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გვქონდა მცდელობა, რომ ნინიაშვილისთვის ინგლისური კლუბი მოგვეძებნა, მაგრამ იქ იმდენად გართულებულია სავიზო პროცედურები, პარალელურად ფრანგულ კლუბებთანაც დავიწყეთ საუბარი. მაშინვე გამოჩნდა ‘ტულონის’ ვარიანტი, თუმცა პანდემიამ სინჯებზე ჩასვლის შესაძლებლობა არ მოგვცა. გარდა ამისა, იმ პერიოდში ნინიაშვილს მხოლოდ 18-წლამდე და 7-კაცა ნაკრებები ჰქონდა ნათამაშები და მისი ცნობადობა დაბალი იყო“.

„სექტემბრიდან ფრანგული კლუბების არეალი გაფართოვდა, დაინტერესებას ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის წამყვანი კლუბები გამოთქვამდნენ. ჩვენ ვეძებდით კლუბს, რომელიც მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ამასობაში „შემოდგომის ერთა თასი“ დაიწყო, სადაც ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა დავითმა და მის მიმართ ინტერესი გამძაფრდა. ‘ლიონმა’ ყოველგვარი სინჯების გარეშე კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა და ფაქტობრივად 10 დღეში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბუთების მომზადებას და პროცედურებს გარკვეული დრო დასჭირდა“.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კონტრაქტზე ხელის მოწერით დასრულდა. ჯონათან ვიშნევსკი, რომელიც კარიერას ამ სეზონის ბოლოს ასრულებს, ‘ლიონის’ ესპუარების მწვრთნელად ინიშნება და მას დაევალა დავითზე ყურადღების მიქცევა. ვიმედოვნებ, რომ ნინიაშვილს წელსვე მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა“.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:11 | 30.04.2021
qomagi (248)

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!! მათზე და მათი თაობის მორაგბეებზე უნდა აეწყოს ნაკრები მომავალი მსოფლიოს თასისთვის!

0.080696