საერთაშორისო

19:54 | 20.03.2021 | ნანახია 2547 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "დაგეგმილი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული"

რაგბი ევროპას მესამე ტურში რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (23:6) საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა. "ბორჯღალოსნების" თავკაცის განცხადებით, დაგეგმილი ქულები მოიპოვეს.

„დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. ესპანეთის შემდეგ რთული კვირა გვქონდა, რადგან ფაქტობრივად სულ მგზავრობაში ვიყავით და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. როგორც მატჩის წინ ავღნიშნე, მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბაბუნაშვილს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. მან ბევრი იშრომა ამ შანსისთვის და ეს სრულებით დაიმსახურა.

ისე, როგორც ექვსი კვირის წინ, რუსეთმა დღესაც კარგად დაიწყო, მწვრთნელებს აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში რუსეთი ბევრად უკეთესი იქნება. ექვსი კვირის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი, ჩვენთვის პირველი იყო შემადგენლობის და შეკრების კუთხით. ახლა უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა", -თქვა მაისაშვილმა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც გააკეთა, რომელმაც გამარჯვება გარდაცვლილ მორაგბეს, გიორგი ლომთაძეს მიუძღვნა:

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა… ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს...

რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით", - აღნიშნა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 23-ედ (25 თამაშიდან) დაამარცხა და მათ შორის, ზედიზედ მეოცედ! „ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩში ბონუსქულაც მოიპოვეს და რაგბი ევროპას სამი ტურის თავზე 14 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს, „მიხეილ მესხზე“ თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:52 | 21.03.2021
kakhaberry (30)

თუ აქ მეტოქეზე 3 ლელოთი მეტით გატანა იძლევა ბონუსს?

23:46 | 21.03.2021
kakhaberry (30)

ბონუს ქულა რანაირად მოვიპოვეთ, 4 ლელოზე არაა?
ყველა სტატიაში ასე მშრალად წერია, რომ "ბონუს ქულაც მოვიპოვეთ" და იქნებ ცოტა ახსნაც მოაყოლოთ ხოლმე

23:15 | 20.03.2021
ოვალური კორბენი (276)

მორიგი "გამოცდა" თავის მოტყუებაში წარმატებით იქნა ჩაბარებული )))
რაგბი ჩვენი თამაშია !!!
ტრ**ის თამაში კიდევ უფრო ჩვენი თამაშია !!!

0.085894