შიდა რაგბი

21:59 | 17.03.2021 | ნანახია 772 - ჯერ

დიდი 10 | წინ სეზონის მეორე ეტაპია

გასულ შაბათს 2020/2021 წლების დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი დასრულდა. გაირკვა ის ექვსეულები, რომლებიც 10 დღეში საჩემპიონო რბოლას, ასევე უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო 2019/2020 წლების სეზონი შეწყდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დიდ 10-ს ორი პირველლიგელი დაემატა და ერთი წლით 12 გუნდი გარდამავალ ჩემპიონატში ჩაება. ისინი ორ 6-გუნდა ჯგუფში რეიტინგის მიხედვით განაწილდნენ და პირველ ეტაპზე ორ წრედ ითამაშეს.

საჩემპიონო ექვსეული

10 ტურის შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე, ზედა ექვსეულში გაერთიანდნენ და ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ესენი არიან – „ა“ ჯგუფიდან კიკეთის ‘იუნკერები’, თბილისის ‘აკადემია’ და ‘ლოკომოტივი’, ხოლო „ბ“ ჯგუფიდან ქუთაისის ‘აია’, ‘ბათუმი’ და ბოლნისის ‘ყოჩები’.

თითოეულ ამ გუნდს მეორე ეტაპზე გადაყვა თანაჯგუფელთან გამართული ორ-ორი შეხვედრის შედეგი. შედეგად, მეორე ეტაპზე გუნდები ჯგუფში ასე დალაგდნენ – 1. აია (13 ქულა); 2. აკადემია (13); 3. ბათუმი (9); 4. იუნკერები (9); 5. ლოკომოტივი (7); 6. ყოჩები (5).

მეორე ეტაპზე თითოეული გუნდი შინ და გარეთ ეთამაშება სხვა ჯგუფიდან გამოსულ სამ გუნდს, რომელთანაც პირველ ეტაპზე არ უთამაშია, ანუ გამართავს 6-6 შეხვედრას. მეორე ეტაპის თამაშები 26 მარტს დაიწყება. მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პლეი ოფში ექვსივე გუნდი გადის.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე, მესამეადგილოსანი მეექვსე (პირობითად, პირველი წყვილი), ხოლო მეოთხედგილოსანი მეხუთეს (მეორე წყვილი) მასპინძლობს. ორი მოწინავე ისვენებს.

მეორე ეტაპზე, ანუ ნახევარფინალში, ჯგუფის პირველადგილოსანი მასპინძლობს პირველ წყვილში გამარჯვებულს, ხოლო მეორეადგილოსანი მეორე წყვილში გამარჯვებულს. გამარჯვებულები ოქროს ფინალს ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ქვედა ექვსეული

პირველი ეტაპის შედეგად თითოეულ ჯგუფში ქვედა სამ ადგილზე დარჩენილი გუნდები, მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში გაერთიანდნენ და მომავალი ჩემპიონატისთვის უძლიერესთა შორის დასარჩენად აგრძელებენ ბრძოლას.

„ა“ ჯგუფიდან ესენი არიან რუსთავის ‘ხარები’, თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ და პატარძეულის ‘ვეფხვები’, ხოლო „ბ“ ჯგუფიდან ქუთაისის ‘არესი’, მარნეულის ‘არმაზი’ და გორის ‘ჯიქი’.

მეორე ეტაპზე გუნდებს აქაც გადაყვებათ თანაჯგუფელთან დაფიქსირებული ოთხ-ოთხი მატჩის შედეგი და მეორე ეტაპზე სხვა ჯგუფიდან გამოსულ სამ გუნდს შინ და გარეთ ეთამაშებიან (ჯამში ექვსი ტური). მეორე ეტაპზე გუნდები ჯგუფში ასე დალაგდნენ: 1. არმაზი (14 ქულა); 2. ხარები (14); 3. ლელო-სარასენსი (10); 4. არესი (7); 5. ჯიქი (6); 6. ვეფხვები (4).

თამაშები აქაც 26 მარტს დაიწყება და ბოლო სამი გუნდი (4, 5, 6) მომავალი სეზონისთვის პირდაპირ დაქვეითდება პირველ ლიგაში. მათ ნაცვლად დიდ 10-ში დაწინაურდება პირველი ლიგის გამარჯვებული.

მეორე ეტაპის შედეგად მესამე ადგილზე გასული გუნდი, 2021/2022 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის, ორმატჩიან დუელს (შინ და გარეთ) გამართავს მიმდინარე სეზონში პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ გუნდთან. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ახალ სეზონს დიდ 10-ში დაიწყებს, ხოლო დამარცხებული პირველ ლიგაში ითამაშებს.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092584