საერთაშორისო

3:45 | 6.03.2021 | ნანახია 1310 - ჯერ

მაისაშვილი: "რაგბი ევროპაზე ექსპერიმენტების დრო ყოველთვისაა, მაგრამ ამან პროცესი არ უნდა დააზიანოს"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რაგბი ევროპას ახალი სეზონის პირველ ტურში პორტუგალიას სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიცაა და შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი თამაშზე დომინაციას მოახერხებს, გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ნებისმიერ თამაშს ყურადღებით და მონდომებით ვეკიდებით, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო წელიწადია, ბუნებრივია პასუხისმგებლობას აორმაგებს. ჩვენ ექსპერიმენტების დრო ერთა თასზე ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ექსპერიმენტი ისეთი იყოს, რომელიც პროცესს დააზიანებს. შეიძლება სხვა და სხვა თამაშზე ცვლილებები გვქონდეს, ნაწილობრივ ეს ცვლილებები იძულებითაა გამოწვეული და არის პროცესი, როდესაც ვცდილობთ, რომ მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე. ამიტომ, ვცდილობთ, რომ დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავით და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. პორტუგალია ეცდება, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეს და სწრაფად ითამაშოს, შარშანდელი თამაშიც, პარიზში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ამას ემსახურებოდა, ეს ჰქონდათ მიზნად. შარშან პირველ ტაიმში გვქონდა შეცდომა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ვიცით, რომ კონტრშეტევებზე საკმაოდ სახიფათონი არიან. გავაანალიზეთ ეს შეცდომები და ვეცდებით, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. გვინდა, რომ თამაშზე და ორთაბრძოლებში დომინაცია მოვახდინოთ და თუ ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ, თამაში საჩვენოდ დასრულდება“, - თქვა მაისაშვილმა.

თამაშამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს თამაში ყველა შემთხვევაში მოსაგებია.

„პორტუგალია ჩვენს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე მანამდე. ცდილობენ, რომ სწრაფად ითამაშონ და მეტოქეს შეცდომები დააშვებინონ, რაც შარშან ჩვენთან კარგად გამოუვიდათ. წელს იმედი გვაქვს და მზად ვართ, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ყველა თამაშის წინ განწყობა ყოველთვის უმაღლეს დონეზეა და პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდია. ვიცით, რომ ეს თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაგაზე დიდი ფოკუსირება არ ყოფილა, რადგან ნებისმიერ ვარიანტში ეს თამაში უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092808