შიდა რაგბი

21:51 | 23.02.2021 | ნანახია 1629 - ჯერ

აბუსერიძე: "საბედნიეროდ, მშენებელი ტყემალაძე პრეზიდენტი ვერ გახდება, მათ რაგბის წესებიც არ იციან"

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. აბუსერიძემ იოსებ ტყემალაძე გააკრიტიკა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბოლო მომენტში რამდენიმე გუნდმა წარადგინა.

აბუსერიძე, რომელმაც თავდაპირველად 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა, არ აპირებს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, ტყემალაძე ვერ გახდება რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ვერ შეძლებს დაკომპლექტოს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. აბუსერიძის განცხადება ასეთია:

"ხვალ, 2021 წლის 24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება! ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა).

მივმართავ ყველა იმ სარაგბო კლუბს, ვინც მშენებელი იოსებ ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა. მივმართავ ამ კლუბების ადმინისტრაციას და მორაგბეებს: მე და ჩემი გუნდი გაგებით ვეკიდებით თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან კარგად ვიცით როგორი ზეწოლის და მუქარის პირობებში გიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება! მშენებელი იოსებ ტყემალაძე ვერ და არ დააკომპლექტებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს! ვერ და არ გადაწყვიტავს საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარების ბედს, ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის ბედს, ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, რადგან მშენებელი იოსებ ტყემალაძის წინააღმდეგ დგას ქართული რაგბი! მე, ბორჯღალოსანი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი!

ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება! თხოვნით მოგმართავთ ჟურნალისტებს, სათითაოდ გამოკითხეთ ყველა სარაგბო კლუბის წარმომადგენელი ვინც ხვალ, რაგბის კავშირში, მშენებელი იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად მივა. გამოკითხეთ და აჩვენეთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვიღაც, ასევე რაგბთან არაფერ შუაში ხალხი, რომლებმაც კლუბებს ძალით გააფორმებინეს მინდობილობები და მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. ზოგს საერთოდ ნანახიც არ აქვს რაგბი, არ იცის რამდენი კაცი თამაშობს. მივმართავთ მშენებელ იოსებ ტყემალაძეს: იოსებ, ხვალ შენ ქართულ რაგბს ხელში ვერ ჩაიგდებ! ეხლა დაჯექი და იფიქრე რამდენი ბოდიშის მოხდა მოგიწევს და რა ზომა-წონის ხალხი გადაგვიმტერე. იფიქრე! შენი პროფესიის კაცი, ორ აგურს სადმე იშოვნის!

და ბოლოს, მინდა ვკითხო ბაჩო ხურციძეს: ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი ბაჩო?! ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?!, - წერს აბუსერიძე სოციალურ ქსელში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082646