ბორჯღალოსნები

20:45 | 4.02.2021 | ნანახია 1614 - ჯერ

ლევან მაისაშვილის და მერაბ შარიქაძის კომენტარები რუსეთთან მატჩამდე

7 თებერვალს რუსეთთან „მიხეილ მესხზე“ გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე“ ღია ვარჯიში გამართეს.

პანდემიიდან გამომდინარე, ღია ვარჯიში წინამორბედებისგან განსხვავებული იყო და მას მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი ვერც მატჩის დღეს შეძლებს ტრიბუნიდან მორაგბეების გამხნევებას.

ლევან მაისაშვილი: „ახალგაზრდებს ადაპტირების კარგი უნარი აქვთ“

ღია ვარჯიშის შემდეგ ლევან მაისაშვილმა მომავალი მატჩისთვის მზადებასა და სელექციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გაფართოებულ შემადგენლობაში ათი უკეპო მორაგბე მოხვდა, კიდევ რვას კი, 10 კეპიც არ უგროვდება.

„მზადება ორ ნაწილად გავყავით. გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, შეკრებაზე მოთამაშეთა დიდი ჯგუფი შემოვიყვანეთ, რომელთა ნაწილს რუსეთთან არა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. მზადების დასკვნით კვირაში აქცენტი იმ კომპონენტებზე გაკეთდა, რის ჩვენებასაც რუსეთთან ვაპირებთ. ვფიქრობ, მზადების პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა“.

„დრო საკმარისი არასდროსაა, თუმცა ამ ბიჭების უმეტესობას 20-წლამდელთა ნაკრები აქვთ გამოვლილი და ადაპტირების კარგი უნარით გამოირჩევიან. ისინი მარტივად ჩაერთვნენ პროცესში და სიახლეებს ადვილად უღებენ ალღოს“.

მერაბ შარიქაძე: „სავსე ტრიბუნებიდან სხვა მუხტი მოდის“

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ ნაკრებში ახალგაზრდების შედინება მზადების პროცესზე დადებითად აისახა და გულშემატკივრებს, რომლებიც 7 თებერვალს ტრიბუნებზე ვერ იქნებიან. ტრადიციულად, ბოლომდე ბრძოლას პირდება:

„ეს ბიჭები დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდნენ, რაც სავარჯიშო პროცესზე დადებითად აისახა და მათი ძალიან მეიმედება. როგორც ყოველთვის, რუსეთი მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ამბობენ რომ გამარჯვება უნდათ… ჩვენის მხრივ ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რუსეთმა შიდა ჩემპიონატის ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და სიახლეებით არ გამოირჩეოდა. ისინი ტრადიციულად, ფეხით ეცდებიან ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას და იქ ხელდახელ თამაშს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.

„სავსე ტრიბუნებიდან და 80 წუთის განმავლობაში ერთგული ქომაგობიდან უდიდესი მუხტი მოდის. სამწუხაროდ, ამ თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება, მაგრამ უფლება არ გვაქვს ამან ჩვენზე იმოქმედოს“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088337