ლეგიონერები

20:36 | 1.02.2021 | ნანახია 807 - ჯერ

ლეგიონერები | გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე

სანაკრებო შეკრების დაწყებამდე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე2-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ‘ტულონის’ ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ჯავახია პრო დე2-ის მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ტოპ 14

ტური ‘მონპელიესა’ და ‘რასინგ 92’-ის შეხვედრით გაიხსნა და მასპინძლებმა ზედიზედ მეცხრე თამაში დათმეს – მეშვიდე ტოპ 14-ში. ‘მონპელიე’ ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლის იყო, მაგრამ 78-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა – 22:24. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. მასპინძელთა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა გელა აფრასიძე.

გამარჯვებულთა რიგებში ითამაშა ორმა ქართველმა ბურჯმა და ორივე შეცვლაზე შევიდა – გია ხარაიშვილი 48-ე, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი 55-ე წუთზე.

‘ბორდომ’ სტუმრად უშუალო კონკურენტი ‘კლერმონი’ მინიმალური სხვაობით, 37:36 დაამარცხა. დაძაბულ მატჩში გადამწყვეტი სტუმართა მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელო აღმოჩნდა. ჟირონდელთა განაცხადში იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 68-ე წუთზე თავად შეცვალეს.

მცირედით იმარჯვა ‘ბრივმაც’, რომელიც ‘ტულონს’ მასპინძლობდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და ის სოსო ბეკოშვილმა 50-ე წუთზე შეცვალა. პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. განაცხადში იყო, თუმცა თამაშში არ ჩართულა თედო აბჟანდაძე.

‘ტულონის’ რიგებში შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ბექა გიგაშილი და 67-ე წუთზე რაქიდან ლელო გაიტანა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტურის დასკვნით მატჩში ‘სტად ფრანსემ’ ‘კასტრს’ უმასპინძლა და 29:9 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. პარიზელთა რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

პრო დე2

მე-18 ტური ‘კოლომიესა’ და ‘ბიარიცის’ შეხვედრით დაიწყო, რომლის ბოლო წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და 20:16 მოიგეს. ‘კოლომიეს’ რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

ორ-ორი ქართველი ლეგიონერი იყო ‘ბიარიცის’ ძირითადსა და თადარიგში. გიორგი ნუცუბიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშეს; უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლუკა აზარიაშვილი 63-ეზე.

‘რუანი’ ‘კარკასონს’ ეწვია და 9:29 დამარცხდა. თამაში ძირითადში დაიწყეს კარლენ ასიეშვილმა და თამაზ მჭედლიძემ – პირველი 59-ე, ხოლო მეორე 61-ე წუთზე შეცვალეს.

‘გრენობლმა’ ‘ბეზიეს’ უმასპინძლა და 34:19 გაიმარჯვა. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 52 წუთი ითამაშა ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ნიკა ნეფარიძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.’ბეზიეს’ რიგებში 49-ე წუთზე გამოჩნდა ჟორჟ სალდაძე.

‘მონ-დე-მარსანთან’ ბონუსით, 36:6 მოგებულ შეხვედრაში, ‘ნევერის’ რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძენ. სტუმართა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი.

‘ვალანს რომანისა’ და ‘ანგულემის’ შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა. მასპინძელტა რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც დაშავდა და 31-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ლუკა გოგინავამ.

‘ვანთან’ სტუმრად დამარცხდა ზაზა ნავროზაშვილის ‘პროვანსი’ – 7:30. ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ერთ-ერთ ლიდერ ‘ოიონას’ უმასპინძლა და 22:16 იმარჯვა ‘ორიაკმა’, რომლის შემადგენლობაში ხუთმა ქართველმა ითამაშა და აქედან ოთხმა ძირითადში. შეუცვლელად გაისარჯა ბექა საღინაძე, 49-ე წუთზე შეცვალეს ლუკა ნიორაძე; გიორგი ქართველიშვილმა მოედანზე 66 წუთი გაატარა და მის ნაცვლად თამაშში ჯემალ შათირიშვილი ჩაერთო. მე-60 წუთზე შეცვალეს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს სისხლზე 7 წუთით იყო შეცვლილი. ქართველი მეორეხაზელი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

‘მონტობანთან’ მცირედით, 23:25 დამარცხდა და ლიდერობა დათმო ‘პერპინიანმა’, რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა 34 წლის ბურჯმა დუდუ ქუბრიაშვილმა. განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა ვახტანგ ჯინჭარაძე.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092043