ბორჯღალოსნები

23:45 | 30.11.2020 | ნანახია 1098 - ჯერ

რვა ერი | ფიჯისთან რევანშისთვის

თუ ფიჯელთა ბანაკში კოვიდ-ინფექცია არ დაფიქსირდება, ბორჯღალოსნები მათ 5 დეკემბერს, „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით რაუნდში ედინბურგში, ჩვენი დროით 16 საათზე მე-7 ადგილისთვის ერკინებიან.

„მფრინავ ფიჯელებს“ „ბ“ ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ პირველ მატჩამდე გუნდში კოვიდ-ინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დროთა განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია.

ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში 0:28 წაგება ჩაუთვალეს. ახლა ფიჯელები თავს კარგად გრძნობენ და ვარჯიშიც განაახლეს, თუმცა ითამაშებენ თუ არა ისინი 5 დეკემბერს, კოვიდ-ტესტების პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

ტიერ1-ის გუნდების რისხვა

ფიჯის ნაკრები პირველად 1924 წელს შეიკრიბა, მეზობელ სამოას ეწვია და 6:0 დაამარცხა. მას შემდეგ მათ 346 შეხვედრა გამართეს და 168 მოიგეს, ამდენივე დათმეს, 10-ჯერ კი ფრე ითამაშეს. ფიჯიმ ყველაზე დიდი სხვაობით – 120:4, 1983 წელს ნიუე დაამარცხა, თავად კი 2005 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა – 0:91.

1987 წელს, ფიჯი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებიც პირველ მსოფლიო თასზე მიიწვიეს და „მფრინავებმა“ მეოთხედფინალში ითამაშეს. სულ მათ 9-იდან რვა მსოფლიო თასზე (ერთადერთი მსოფლიო თასი 1995 წელს გამოტოვეს) ითამაშეს და 2007 წელს საუკეთესო შედეგი გაიმეორეს – მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 20:37 დამარცხდნენ.

კუნძულელებს ხშირად უწევდათ ტიერ1-ის ქვეყნებთან თამაში და 13 შემთხვევაში გამარჯვებაც მოიპოვეს – ავსტრალიასთან, არგენტინასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან. 2000-იან წლებში, „ფიჯელებს“ ოთხჯერ ყავთ დამარცხებული იტალია, თითოჯერ კი უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი, მათ შორის უელსი 2007 წლის მსოფლიო თასზე 38:34 და საფრანგეთი 2018 წელს, ტესტ-მატჩში „სტად დე ფრანსეზე“ 21:14.

ფიჯის 7-კაცა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კუნძულელებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად თამაშობენ მსოფლიო სერიებს.

დღესდღეისობით ფიჯის ნაკრებს ახალ ზელანდიელი ვერნ კოტერი წვრთნის, რომელსაც სხვადასხვა დროს ტოპ 14-ის ‘კლერმონსა’ და ‘მონპელიეში’, ასევე შოტლანდიის ნაკრებში და ‘ბრიტანელ ბარბაროსებში უმუშავია. მას ეხმარებიან ზელანდიელები – გლენ ჯექსონი, ჯეისონ რაიანი და დერილ გინსონი, ასევე შოტლანდიელი რიჩი გრეი, გუნდის ბირთვს კი ფრანგული, ინგლისური, შოტლანდიური და უელსური კლუბების წამყვანი მოთამაშეები წარმოადგენენ.

მეხუთედ ფიჯისთან

ფიჯი, იაპონიასთან ერთად, ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ბორჯღალოსნებს უარყოფითი ბალანსი აქვთ.

2012 წლიდან დღემდე, მათთან ოთხჯერ ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმრებმა 24:19 მოიგეს. რევანში ოთხი წლის შემდეგ, სუვაში შედგა, სადაც საქართველომ 14:3 იმარჯვა. 2018 წელს ფიჯელებმა სუვაში 37:15 იმარჯვეს, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი, 45:10 მოიგეს.

თუ მატჩი კოვიდ-ინფექციამ არ ჩაშალა, 5 დეკემბერს ბორჯღალოსნებს ურთიერთშეხვედრების ბალანსის გამოსწორების და შარშანდელი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი ექნებათ.

ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

„ყველამ კარგად იცის ფიჯი რა დონის გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ!“.

მოცემული მომენტისთვის, ფიჯი 76,21 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, ხოლო ბორჯღალოსნებს 72,85 ქულა აქვთ და მე-12 პოზიციაზეა.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079566