ბორჯღალოსნები

21:17 | 27.11.2020 | ნანახია 1096 - ჯერ

რვა ერი | ორი დებიუტანტი "ავივაზე"

ორი ახალგაზრდა მორაგბისთვის – მიშიკო ალანიასა და დავით ნინიაშვილისთვის 29 ნოემბერი განსხვავებულად გათენდება.

20 და 18 წლის მორაგბეები, ამ დღეს პირველად მოირგებენ ეროვნული გუნდის კვართს და სადებიუტო მატჩი დუბლინში, ლეგენდარულ ‘ავივა სთედიუმზე’ ირლანდიის ნაკრებთან ექნებათ. მაისაშვილმა ისინი სამატჩო, 23-კაციან განაცხადში უკვე დაასახელა.

‘ლენსდაუნ როუდიდან’ ‘ავივამდე’

მიხეილ ალანიას 20 წელი რამდენიმე დღის წინ, 19 ნოემბერს შეუსრულდა. ქართული რაგბის სტაჟიან ქომაგს კარგად ემახსოვრება მამამისის, კახა ალანიას თამაში, რომელმაც 1993-2004 წლებში, ბორჯღალოსნების კვართით 25 თამაში ჩაატარა. ის ასევე რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 7-კაცა ნაკრებში.

კახას სანაკრებო დებიუტი ლუქსემბურგის ნაკრებთან ჰქონდა და მაშინ ეს ნორმა იყო, რადგან 30 წლის წინ, ახლადგამოჩეკილი ქართული რაგბის აღმასვლა ფსკერიდან დაიწყო და ლუქსემბურგთან, ლატვიასთან, ყაზახეთთან, შვეიცარიასთან, ბულგარეთთან, მოლდოვასა, ჰოლანდიასთან, ხორვატებთან და დანიასთან თამაში მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

აღსანიშნავია, რომ 1993 წელს, მამა ალანიასთვის სადებიუტო მატჩი ფრედ, 10:10 დასრულდა, 2002 წელს კი, კახამ მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.მაშინ სტადიონს ჯერ კიდევ ‘ლენსდაუნ როუდი’ ეწოდებოდა, რომელიც 2007 წელს დაინგრა და 2010 წელს მის ადგილზე ‘ავივა’ გაიხსნა.

ახლა იმავე ადგილზე, იმავე მიწაზე, თუმცა ახალ სტადიონზე შვილი ალანიას, მიშიკოს დებიუტი შედგება:

„ძალიან აღელვებული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. ოცნებად მქონდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ დებიუტი ირლანდიასთან მექნებოდა. მე და მამა ხშირად ვუყურებდით და ვქომაგობდით ირლანდიის ძალიან ძლიერ ნაკრებს, ახლა კი იმ ხალხს, ვისაც ტელევიზორით ვუყურებდი, მოედანზე შევხვდები“.

„და დებიუტი ‘ავივაზე’ შედგება, სადაც თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა. ცუდია რომ შეხვედრას მაყურებელი ვერ დაესწრება, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის და ვეცდები შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო“.

მიშიკო ალანია რაგბის ქომაგმა დიდ 10-ში და უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაიცნო. ჯერ კიდევ 18 წლის მორაგბე, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაშიც იყო, მაგრამ იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

ალანია 2019 წელს ‘ორიაკის’ ესპუარებში გადავიდა, წელს კი პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა და სანამ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადდებოდა, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში ხუთი თამაშის ჩატარება მოასწრო.

ის ამბობს, რომ ნაკრებში ვარჯიშით კიდევ უფრო გაიზარდა:

„ჯერ თამაშმა არ მომიწია, მაგრამ ვასკასთან (ლობჟანიძე) და გელასთან (აფრასიძე) ვარჯიშით უკვე ბევრი რამ ვისწავლე. ისინი სულ მეხმარებიან, მიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მაქსიმალურად მხარში მიდგანან. ეს ტურნირი მეხმარება გავიგო, თუ რა დონეზე ვარ ახლა და რამდენი უნდა ვივარჯიშო, რათა ამ დონემდე მივიდე“.

მისი თქმით, გასულ კვირაში უფრო მეტი ყურადღება შეტევაში თამაშს დაეთმო:

„წინა პერიოდში ბევრს ვვარჯიშობდით დაცვაზე, ახლა კი ძირითადი ყურადღება შეტევას დაეთმო. ინგლისთან და უელსთან მატჩებმა აჩვენა, რომ დაცვაში გაუმჯობესება გვაქვს და კარგად ვართ. ახლა გვსურს უფრო მეტი ვითამაშოთ ხელით და თუ გამოგვიგა, ირლანდიას პატარ-პატარა სიურპრიზები შევთავაზოთ. მთლიანობაში, თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და გვსურს ახლა უფრო ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ, ვიდრე უელსთან“.

დავით ნინიაშვილი – 18 წლის დებიუტანტი

დავით ნინიაშვილმა რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, სკოლაში დაიწყო, გარკვეული პერიოდი ჭიდაობით დაკავდა, თუმცა საბოლოოდ ოვალით თამაშმა უფრო მოხიბლა და რაგბს დაუბრუნდა.

მან ‘ხვამლთან’ ერთად საქართველოს რეგიონალური და პირველი ლიგა ითამაშა, 18-წლამდე ბორჯღალოსნებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი და 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ფრანგულ ტურნეზე იმყოფებოდა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა და ახლა დებიუტი ეროვნულ გუნდში, ‘ავივაზე’ ექნება:

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მაისიდან ვარჯიშობ. გავიცანი ნაკრების წევრები, რომლებიც მხარში მიდგანან და მეხმარებიან განვითარებაში, მისწორებენ ვარჯიშებზე დაშვებულ შეცდომებს. ასევე მნიშვნელოვნად მოვუმატე ფიზიკურად და თამაშის ცოდნის კუთხით. ინგლისში ყველა ვარჯიში სრულყოფილად ჩავატარე, ახლა მივიღე შანსი, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და ვეცდები ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ 18 წლის დებიუტანტს ბევრის მიღწევა შეუძლია:

„დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია“.

„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდში ბორჯღალოსნები ირლანდიას 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე ეთამაშებიან.

გუნდის საბრძოლო რაზმი იხილეთ აქ


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:20 | 28.11.2020
qomagi (248)

შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მესმის, 18 წლის ბავშვი, რომელსაც დიდ-10 კი არ უთამაშია კაცების წინააღმდეგ, ეგრევე ირლანდიასთან ხორცსაკეპში შეაგდო, რამდენად გამართლებულია ფიზიკური, ტაქტიკური, მენტალური კუთხით?

0.082599