ბორჯღალოსნები

19:14 | 25.09.2020 | ნანახია 573 - ჯერ

შემოდგომის ერთა თასი | უელსი "ბორჯღალოსნებს" ჰლანეჰლიში უმასპინძლებს

„შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის მეორე რაუნდში, ბორჯღალოსნები უელსს ქალაქ ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეტს“-ზე ერკინებიან.

უელსის რაგბის კავშირის ცნობით, მანამდე, 31 ოქტომბერს, „დრაკონები“ ამავე სტადიონზე შოტლანდიას მიიღებენ (ექვსი ერის გადადებულ მატჩში).

უელსელთა მთავარი არენა „მილენიუმი“, რომელიც კარდიფში მდებარეობს, დროებით საველე ჰოსპიტალად არის გადაკეთებული და იქ COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ, რის გამოც ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა გახდა საჭირო.

ჰლანეჰლი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და უელსის სიდიდით მეორე ქალაქიდან, სუონძიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული. მისი მოსახლეობა 50 ათასს შეადგენს.

„პარკ ი სკარლეტს“-ი 2008 წელს აშენდა. ის პრო 14-ის უელსური ფრანჩაიზის, „სკარლეტსის“ საშინაო არენაა და 14 870 მაყურებელს იტევს.

ბორჯღალოსნები „დრაკონებს“ 21 ნოემბერს ეთამაშებიან და დიდი ალბათობით, შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის. უელსის რაგბის კავშირში იმედოვნებენ, რომ მატჩის ჩატარებამდე კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები შემცირდება და ტრიბუნებზე გარკვეული რაოდენობის მაყურებელი მაინც დაიშვება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105376