ბორჯღალოსნები

23:59 | 21.09.2020 | ნანახია 1273 - ჯერ

"ბორჯღალოსნებმა" შემოდგომის ერთა თასისთვის მზადება დაიწყეს

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, დღეიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნები თვით იზოლაციაში ექნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკი.

11 ოქტომბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთში მიემგზავრებიან, სადაც ნაკრებს ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მზადების მეორე ეტაპს გაივლიან.

შეგახსენებთ შემოდგომის მატჩების განრიგს:

23 ოქტომბერს შოტლანდიას „მარიფილდზე“ (ედინბურგი) ტესტ-მატჩში შევხვდებით; 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩს გავმართავთ; 14 ნოემბრიდან კი „შემოდგომის ერთა თასში“ ჩავერთვებით, სადაც პირველ დღეს ინგლისს ლონდონში, ლეგენდარულ „თვიქენემზე“ ვეთამაშებით, 21 ნოემბერს უელსს შევხვდებით (სტადიონი ჯერ არ დასახელებულა), 29-ში კი „ავივაზე“ (დუბლინი) ირლანდიას ვერკინებით. 5 დეკემბერს ტურნირის დასკვნითი დღეა და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, მეორე ჯგუფის (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) იმავე რეიტინგის ნაკრებს შევხვდებით. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე მასპინძები ბორჯღალოსნები იქნებიან, ხოლო მატჩი ედინბურგში, “მარიფილდზე” გაიმართება.

ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმის დასახელება სავარაუდოდ მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი.

შეცვლილი გეგმებით

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდის მიზანი გამოცდილების მიღება და თამაშიდან თამაშამდე, ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

მან ასევე პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე და მოლოდინებზე ისაუბრა:

„ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რასაც ვერც კი ვინატრებდით. გვეძლევა შანსი, გადაბმულად გვქონდეს მაღალი დონის შეხვედრები, რისი საშუალებაც ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში ერთად აღებული არ გვაქვს ხოლმე. ჩვენი პრობლემა სულ იყო ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის ნაკლებობა, ახლა კი კვირიდან კვირამდე ამის შესაძლებლობა გვექნება, რაც კარგია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. ამავდროულად, ესაა დიდი პასუხისმგებლობა და გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. COVID-19-ის პირობებში, აბსოლიტურად შეგვეცვალა გეგმა და სხვა რეჟიმში მოგვიწვია გადასვლა. ყოველდღიურ პრობლემებს ემატება გადაფრენა, შეუთამაშებლობა, ის, რომ საქართველოს ჩემპიონატი გვიან იწყება და ა.შ“.

საფრანგეთში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები დიდი 10-ის კლუბებთან მართვადი თამაშების გამართვას გეგმავდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩების ორგანიზება ვერ ხერხდება:

„დაგეგმილი გვქონდა ორი საწვრთნელი, მართვადი თამაში რუსთავის ‘ხარებთან’ და ქუთაისის ‘აიასთან’, მაგრამ რადგან დაინფიცირების რისკი მაღალია, სახელმწიფოსგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მოხდეს ნაკრების მოთამაშეების იზოლაცია. შესაბამისად, მოგვიწია თამაშების გაუქმება და ისევ ვარჯიშების ამარა დავრჩით. „შევარდენის“ ბაზა დაიკეტა, თვით იზოლაციაში ვართ და ჩვენი მომზადება სხვა სტილში გაგრძელდება“.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რაღაც ტიპის თამაში ჩაგვეტარებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირად არ გამოდის. ერთადერთი, რითიც ამ პირობებში უთამაშებლობის კომპენსირება ხდება, თამაშთან მიახლოვებული ვარჯიშებია. უკვე დიდი ხანია კვირაში 2-3-ჯერ კონტაქტური ვარჯიშები გვაქვს, რაც ზღვაში წვეთია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“.

განსხვავებული განწყობით

ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმი, „შევარდენზე“ კვირაში ოთხი დღე მაისის ბოლოდან ვარჯიშობს:

„მზადება მაისის ბოლოს დავიწყეთ და ჩვენი მიზანი იყო, პანდემიით გამოწვეული ვაკუუმის შევსება. თავიდან უკონტაქტო ვარჯიშები გვქონდა, ნელ-ნელა დატვირთვები გავზარდეთ და ავამაღლეთ ფიზიკური გამძლეობა. ვცდილობთ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სისწრაფე, ძალა, გამძლეობა, პასისა და ბოჭვის ტექნიკა, რაქი… ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საფრანგეთში ლეგიონერებს შევუერთდებით“ – ამბობს მაისაშვილი.

მაშინ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რისთვის ემზადებოდნენ, „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩართვის შემდეგ კი, განწყობა შეიცვალა

„აქამდე ვიცოდით, რომ შოტლანდიასთან და რუსეთთან სათამაშოდ ვემზადებოდით, ახლა კი ამას ოთხი მაღალი დონის შეხვედრა დაემატა. რადგან ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს, გაიზარდა ტრავმების საფრთხე და შესაბამისად, გავაფართოვეთ სასელექციო არეალი“.

„ასეთი ტურნირი ყველა მოთამაშისთვის სანატრელია. ჩვენ მსგავსი აქტივობა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო თასზე გვაქვს ხოლმე, ახლა კი, მსოფლიო თასიდან ერთ წელიწადში, მაღალი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება გვეძლევა და თავისთავად, განწყობაც შეცვლილია. მთელი ზაფხული ისე ვვარჯიშობდით, რომ გარკვეული არაფერი იყო, რაც ძალიან რთულია. როდესაც გაქვს კონკრეტული მიზანი, იზრდება განწყობაც და პასუხისმგებლობის გრძნობაც. ახლა ყველა უფრო მეტი ყურადღებით ეკიდება თავის საქმეს“.

გამოცდილების მისაღებად მსოფლიოს წამყვან ნაკრებებთან

ნაკრებს გარკვეულ უხერხულობას ბევრი გადაფრენაც შეუქმნის. საფრანგეთში შეკრებისა და შოტლანდიაში თამაშის შემდეგ, ისინი თბილისში უნდა დაბრუნდნენ, 1 ნოემბერს ეთამაშონ რუსეთის ნაკრებს და 12-დღიანი იზოლაციის შემდეგ, კვლავ ბრიტანეთში დაბრუნდნენ:

„უხერხულობას ქმნის ყველაფერი. გამგზავრებამდე გავდივართ თვით იზოლაციას და ამ რეჟიმში ვემზადებით, წასვლამდე უნდა გავიკეთოთ ტესტირება ვირუსზე. მსოფლიო თასზე თამაშისას, მატჩებს შორის გვაქვს განტვირთვის დღეები, რაც აუცილებელია, ახლა კი წარმოდგენა არ გვაქვს რა იქნება. გვექნება შეზღუდვები როგორც მგზავრობისას, ასევე სასტუმროში. მაგრამ ახლა წუწუნის დრო არაა, ამ მოცემულობას უნდა მოვერგოთ და ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“ – ამბობს მაისაშვილი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე გუნდის მიზანი გამოცდილების მიღება და ბოლომდე ბრძოლა იქნება:

„ნომერ პირველი მიზანია, რომ მივიღოთ გამოცდილება. გამოცდილებას იღებ მაშინ, როდესაც თამაშობ რაგბს, იბრძვი ბოლომდე და კონკურენტუნარიანი ხარ. შეიძლება დიდი ანგარიშით დამარცხდე, მაგრამ იბრძოლო და ეს მნიშვნელოვანია. უნდა გავიზარდოთ თამაშიდან თამაშამდე, გავაკეთოთ სწორი დასკვნები და ყოველ მომდევნო მატჩში ვიყოთ უკეთესები. ეს ადვილი არ იქნება. აუცილებელია გვყავდეს ორი სრულფასოვანი შემადგენლობა და მოხდეს როტაცია, რადგან ოთხ თამაშს ერთი შემადგენლობით ფიზიკურად ვერ ჩაატარებ. ყველას, ვისაც სათამაშო დრო მიეცემა, ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. უნდა ვიყოთ პროფესიონალები, პროფესიონალიზმი კი იწყება ყოფითი პირობებით: ქცევით, დასვენებით, ძილით, ვარჯიშით და მერე გადადის მოედანზე. გველის ტურნირი, სადაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიქნებით და თუ ამას თავი გავართვით, ფასდაუდებელ გამოცდილებას მივიღებთ, როგორც მოთამაშეები, ასევე სტაფის წევრები“.

ბრძოლა ყველა მატჩში

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისგან განსხვავებით, შოტლანდიასთან ტესტში და „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნები ფავორიტები არ იქნებიან. ამიტომ, თუ თებერვალსა და მარტში მაისაშვილი აქცენტს შეტევაზე აკეთებდა, ამჯერად დაცვასაც დაეთმობა ყურადღება:

„დაცვას იმდენივე დრო უნდა დავუთმოთ, რამდენიც თავდასხმას. თამაშისას უნდა შევძლოთ ბალანსის დაცვა, რადგან ამ დონის გუნდებთან, მუდმივი დაცვის პოზიციიდან წარმატებას ვერ მიაღწევ. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ თამამად უნდა შევუტიოთ და წარუმატებლობის შემთხვევაში, სწრაფად შევძლოთ დაცვაზე გადასვლა. თამაშის მართვაზე დიდი აქცენტი გვექნება და ვეცდებით ამ კუთხით გაუმჯობესება გვქონდეს. მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებთან თამაშისას, ყოფილა შემთხვევები თამაშის მართვის სადავეები გაგვქცევია, თუმცა ადვილად დაგვიბრუნებია და წარმატებისთვის მიგვიღწევია. პირველი დონის გუნდებთან ეს რთული იქნება“.

გამოცდილებზე დაყრდნობით

სამწუხაროდ, შემოდგომის მატჩებისთვის ბორჯღალოსნებს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დააკლდება. ლევან მაისაშვილი აქცენტს გამოცდილ მორაგბეებზე აკეთებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დებიუტანტიც იახლოს:

„ახლა დებიუტანტების გამოცდის დრო ნაკლებადაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, აქცენტი გამოცდილ კადრებზე გავაკეთოთ. გუნდში საკმაოდ გვყავს ახალგაზრდა კადრები, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დავიმატეთ. სავარაუდოდ, რამდენიმე დებიუტანტიც იქნება“.

და როგორ ფორმაში არიან ლეგიონერები?:

„კარგია, რომ შესვენების შემდეგ ყველა მოთამაშემ კლუბთან ერთად გაიარა მოსამზადებელი პერიოდი და ფიზიკურად მეტ-ნაკლებად კარგად არიან. მე მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ასევე ამ კუთხით აქტიურად მუშაობს გიორგი ჩხაიძე. ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს ტოპ 14-სა და პრო დე2-ში, თუმცა, სამწუხაროდ, მუდმივად თამაში ბევრ მათგანს არ უწევს“.

უთამაშებლობის პრობლემა ექნებათ მეორეხაზელ კოტე მიქაუტაძეს და გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს:

„კოტე მიქაუტაძის აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ის შოტლანდიასთან მატჩამდე, საფრანგეთში შეკრებაზე შემოგვიერთდება და თუ მზად იქნება, შოტლანდიასთან, ან რუსეთთან ითამაშებს. თუ არა და სამკვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს ჩვენთან გაივლის და იმედია, „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშებს. ის ჩვენთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა“.

„რაც შეეხება შარიქაძეს, მან უკვე დაასრულა რეაბილიტაცია და კონტაქტური ვარჯიშებიც ჰქონდა, თუმცა შოტლანდიამდე სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, რაც პრობლემაა. არ გამოვრიცხავ, რომ მას ლიმიტირებული სათამაშო დრო ჰქონდეს, რადგან ამხელა პაუზის შემდეგ, ასეთი დონის მეტოქესთან 80 წუთი თამაში სარისკო იქნება“.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:01 | 29.09.2020
გუგა80 (177)

ნუ მზადება თუ დაიწყეს ესე იგი ფინალი გარანტირებული გვაქვს )))

0.084263