ამბები

10:38 | 30.05.2014 | ნანახია 5323 - ჯერ

ზირაქაშვილი ქუბრიაშვილმა შეცვალა, ნარიაშვილი ვიზამ შეაფერხა

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ 1 ივნისს, როდესაც “ბარბაროსები” ინგლისში მასპინძელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ, ამ ლეგენდარული კლუბის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე დაიცავს, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილება მოხდა.

მამუკა გორგოძე შემადგენლობაში იქნება და მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიო ნაკრებს აფრიკაში შეუერთდება, რომელიც 7 ივნისს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილის ნაცვლად, ლეგენდარული კლუბის ღირსებას “სტად ფრანსეს” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი დაიცავს, რომელიც მეორედ მოხვდა “ბარბაროსების” შემადგენლობაში.

2011 წელს ის პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ამ კლუბის სახელით ინგლისისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა. მსოფლიო თასის შემდეგ, ლეგენდარული კლუბის მაისური დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ მოირგეს, ხოლო 2012 წელს გორგოძე ირლანდიისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდა. “გულივერას” ამ გუნდში შარშანაც უხმეს, მაგრამ მაშინ ქართველმა მესამეხაზელმა იქ თამაშზე უარი განაცხადა.

ამ ჯერზე “ბარბაროსებში” ზე-15-ის კლუბების მორაგბეები თამაშს ვერ ახერხებენ და გუნდიც უმეტესად ევროპულ კლუბებში მობურთალი გამორჩეული მორაგბეებით დაკომპლექტდა. გორგოძის, ზირაქაშვილისა და ქუბრიაშვილის გარდა, კლუბიდან მიწვევა მიიღო “მონპელიეს” პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმაც, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბრიტანული ვიზის აღებას ვერ მოასწრო, ამ პატივზე უარის თქმა მოუხდა.

“ბარბაროსების” მწვრთნელმა უკვე გააცხადა ის შემადგენლობა, რომელიც ინგლისელებთან მატჩს იწყებს და სასიხარულოა, რომ ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ქუბრიაშვილი ტრადიციულად 3 ნომერზე იდგება, ხოლო გორგოძე შერკინების შემკვრელად, 8 ნომერზე დადგება.

 

“ბარბაროსები”: 15. ხუან მარტინ ერნანდესი (“რასინგ მეტრო”, არგენტინა), 14. ჯო როკოკოკო (“ბაიონი”, ახალი ზელანდია), 13. რენე რენჯერი (“მონპელიე”, ახალი ზელანდია), 12. ბენ სტენლი (“კლერმონი”, ახალი ზელანდია), 11. ჰოსე გეარი (“ტულუზა”, ახალი ზელანდია), 10. ბრუკ ჯეიმსი (“კლერმონი”, ავსტრალია), 9. ჯიმი კოუენი (“გლოსტერი”, ახალი ზელანდია); 1. სონა ტაუმალოლო (“პერპინიანი”, ტონგა), 2. ტი’ი პაულო (“კლერმონი”, სამოა), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საქართველო), 4. დონჩა ო’კალაჰანი (“მანსტერი”, ირლანდია), 5. ივანდერ კრუგერი (“რასინგ მეტრო”, სამხრეთ აფრიკა), 6. ხუან მანუელ ლეგიზამონი (“ლიონი”, არგენტინა), 7. ალექსანდრ ლაპანდრი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საქართველო).

სათადარიგოები: ენდრიუ ჰორი (“ჰაილენდერზი”, ახალი ზელანდია), ჟიულიენ ბრუნო (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი), ნოელ ლობო (“მონპელიე”, არგენტინა), ჯო ტეკორი (“ტულუზა”, სამოა), როჯერ უილსონი (“ალსტერი”, ირლანდია), ტომას კუბელი (“ბელგრანო”, არგენტინა), ფრანსუა ტრინ-დუკი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ენტონი ტუიტავაკე (“მონპელიე”, ახალი ზელანდია).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107077