შიდა რაგბი

10:41 | 5.08.2020 | ნანახია 940 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს.

დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც გამგეობამ ცნობად მიიღო რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ გამგეობამ კენჭი უყარა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი გორგასლიძე. ის აღნიშნულ ფუნქციას საქართველოს რაგბის კავშრის ნამდვილ წევრთა საერთო კრების (ყრილობა) ჩატარებამდე და რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს.

გორგასლიძემ გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეიქმნას საკონსულტაციო სათათბირო საბჭო, რომლის ფუნქცია პანდემიის ფონზე რაგბის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევა იქნება. ეს წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. საკონსულტაციო სათათბირო საბჭოს წევრთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა და მასში რაგბის კავშირის წარმომადგენლების გარდა აუცილებლად შევლენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ცნობად მივიღეთ გოჩა სვანიძის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამგეობის გადაწყვეტილებით, დავინიშნე რაგბის კავშირის დროებით მმართველად, საკონსულტაციო სათათბირო საბჭოსთან ერთად. ჩვენი მიზანია, რომ რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე მივიყვანოთ, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, მანამდე კი ვუზრუნველყოთ კაცთა, ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგების განახლება, ასევე, ამ პერიოდამდე დაგეგმილი საერთაშორისო თამაშების ორგანიზება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის“ – განაცხადა გიორგი გორგასლიძემ.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080777