ბორჯღალოსნები

10:05 | 12.06.2020 | ნანახია 941 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე: „ბორჯღალოსნების კვართით თამაშს, ფასი წინა თაობებმა შესძინეს“

საგანგებო სიტუაციის გაუქმებისა და შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ყოველკვირეული ვარჯიშები განაახლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოში მყოფი ლეგიონერები, ასევე დიდი 10-ის კლუბების მორაგბეები, კვირაში ოთხჯერ (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) იკრიბებიან და ჯგუფებად დაყოფილი ემზადებიან.

„ჯერჯერობით დარბაზში შესვლის უფლება არ გვაქვს, თუმცა ფიზ.მომზადების მწვრთნელებმა გამოსავალი იპოვეს და ძალიან კარგი პირობები შეგვიქმნეს. მათ ინვენტარი დარბაზიდან გარეთ გამოიტანეს და ბაზის ტერიტორიაზე დისტანციის დაცვით განათავსეს. გავდივართ მოედანზე და დავრბივართ 2-2 მეტრიანი დისტანციის დაცვით. კონტაქტური ვარჯიშები არ გვაქვს, თუმცა ფიზიკურად ვემზადებით და ბურთითაც ვვარჯიშობთ. 3-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ეს ყველასთვის სასიამოვნო პროცესია“ – ამბობს ბორჯღალოსნების კვაჭი და განაგრძობს:

„იმედია, ოქტომბერში, ან ნოემბერში თამაშები გვექნება და ფიზიკურ ფორმაში უნდა ვიყოთ. ინდივიდუალურად მანამდეც ვვარჯიშობდით, თუმცა პარკებში სირბილით და აივანზე ვარჯიშით რთულია სასურველი ფორმის შენარჩუნება, ასე კი სასურველ კონდიციებში ვიქნებით“.

‘ყოჩებიდან’ ‘სანვულვზამდე’

ბრეგვაძემ რაგბის თამაში 11 წლის ასაკში, ‘ყოჩებში’ დაიწყო. ის თავის მეგობარს ფესტივალზე საგულშემატკივროდ გაყვა და კონტაქტურმა სპორტმა ისე მოხიბლა, მეორე დღეს ვარჯიშზე მივიდა.

„ჩემს არჩევანში ძალიან დიდი როლი მწვრთნელმა ლევან სოხაძემ ითამაშა, რომელმაც რაგბი სხვა კუთხით დამანახა“ – იხსენებს ჯაბა, რომელმაც ‘ყოჩებში’ დიდი დრო გაატარა, მერე ერთი წელი ‘არმიას’ ღირსებას იცავდა და საქართველოს ჩემპიონატიდან საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ‘ტულუზაში’ აღმოჩნდა:

„2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საფრანგეთში, ‘ტულუზში’ წავედი, რომელსაც კვაჭები დაემტვრა და „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დავემატე, 1 თვის შემდეგ კი 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და მას ხელი მოვაწერე“.

სამწუხაროდ, კონტრაქტის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ჯაბამ მძიმე ტრავმა მიიღო, აქილევსის მყესი გაუწყდა და თითქმის მთელი წელი რეაბილიტაციას მოანდომა. მის მიზანს 2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობა წარმოადგენდა და სათამაშო ფორმაში შესასვლელად 2015 წლის „თბილისის თასზეც“ ითამაშა, სადაც საქართველო 25-წლამდე მორაგბეებით თამაშობდა.

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ჯაბა ბრეგვაძით ინგლისის პრემიერშიფის ‘ვუსტერი’ დაინტერესდა და ქართველმა კვაჭმა იქ ორი სეზონი ითამაშა, 2018 წელს კი, გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც სუპერ რაგბი ითამაშა:

„ემოციური თვალსაზრისით, ‘სანვულზის’ შემოთავაზება ისეთივე იყო, როგორიც ‘ტულუზის’. ‘ტულუზა’ საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი, დიდი ისტორიის და კულტურის მატარებელი კლუბია, სადაც თამაში ყველა მორაგბესთვის დიდი პატივია, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთი დონის გუნდში გადადიხარ“.

„ასევე იყო ‘სანვულვზში’. სუპერ რაგბის თამაშებს მხოლოდ ინტერნეტით, იშვიათად ვნახულობდით. სუპერ რაგბის თავი რომ დავანებოთ, გამიმართლა იაპონიაში ცხოვრების შანსი რომ მომეცა. ეს არის უძველესი და უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა, სადაც 3 წელიწადი გავატარე. ცოტა ხნის წინ კლუბიდან მქონდა ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შეთავაზება, მაგრამ დაახლოებით 1 კვირაში გაცხადდა, რომ მომავალი სეზონიდან ‘სანვულვზი’ სუპერ რაგბში აღარ ითამაშებდა…“.

სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად

‘სანვულვზში’ გადასვლამდე, 2017 წლის შემოდგომაზე ჯაბა ბრეგვაძემ ერთი თამაში დიდ 10-ში, თბილისის ‘ლოკომოტივში’ და ორი ჩელენჯ ქაფზე, ‘კრასნი იარის’ შემადგენლობაში ჩაატარა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა:

„‘ვუსტერში’ ბოლო თამაში მაისში ჩავატარე, რის შემდეგაც იყო ივნისის სანაკრებო ტესტები. სუპერ რაგბის მოსამზადებელი სეზონი იანვარში იწყებოდა და თამაშებს შორის დიდი წყვეტა გამოდიოდა. მორაგბემ შესაძლოა ფიზიკური ფორმა ვარჯიშებით შეინარჩუნის, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. ნაკრების მწვრთნელებიდან მივიღე რეკომენდაცია და ნოემბრის ტესტებამდე ‘ლოკომოტივსა’ და ‘კრასნი იარში’ ვითამაშე“.

‘სანვულვზი’ უნდა გაგრძელდეს!

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონი, რომელიც იაპონური ფრანჩაიზისთვის ამ ტურნირში ბოლო უნდა ყოფილიყო, მარტში შეწყდა. ბრეგვაძე სამშობლოში დაბრუნდა და მოვლენების განვითარებას შინ ელოდა, თუმცა უკვე ცხადი გახდა, რომ ‘სანვულვზი’ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ჯაბა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა. მას წინადადებები ჰქონდა როგორც იაპონიიდან, ასევე ევროპიდან, თუმცა ჯერჯერობით გუნდების მდგომარეობა გაურკვეველია. მათ უმრავლესობას მომავალი სეზონის ბიუჯეტიც არ აქვთ განსაზღვრული და საქართველოს ნაკრების კვაჭიც მოლოდინის რეჟიმშია.

მისი თქმით, ‘სანვულვზის’ პრეზიდენტი არ ნებდება და ამბობს, რომ კლუბი არსებობას გააგრძელებს. იქ გატარებული 3 სეზონის შემდეგ, 33 წლის მორაგბეც ამბობს, რომ კლუბმა არსებობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს:

„გულდასაწყვეტი იქნება ‘სანვულვზი’ არსებობას თუ შეწყვეტს. ‘ტულუზს’ და ‘ვუსტერს’ დიდი ისტორიები აქვთ, თუმცა ‘სანვულვზში’ მოთამაშეებთან ურთიერთობის განსაკუთრებული კულტურაა. იმისათვის, რომ გუნდი შეიკრას, ყველა ცდილობს 1-2 კვირით შეკრება მოაწყოს, რათა მორაგბეებმა ერთმანეთთან დიდი დრო გაატარონ, ‘სანვულვზში’ კი 6 თვე ყველანი ერთად ვიყავით – ერთად ვცხოვრობდით, ვჭამდით, დავდიოდით. როგორც ნაკრები ცხოვრობს 3 თვე მსოფლიო თასის წინ ერთად, ასე იყო ‘სანვულვზში, ოღონდ 6 თვე. ეს იყო ოჯახივით შეკრული კლუბი, რომელმაც ჩემზე განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა და იმედია, ის არ დაიშლება“.

„ბორჯღალოსნებთან ურთიერთობას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა“

ჯაბა ბრეგვაძის სანაკრებო დებიუტი 2008 წელს, ბუქარესტის „ირბ-ს თასზე“ 2008 წელს შედგა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით 58 მატჩი (4 ლელო) ჩაატარა. მას კარგად ახსოვს ის ემოცია, რომელიც ნაკრებში გამოძახების შემდეგ დაეუფლა:

„რა თქმა უნდა პირველ და ყველა მომდევნო სანაკრებო თამაშს თავისი ემოცია ახლდა, თუმცა ყველაზე დიდი ხიბლი იმ ბიჭებთან ურთიერთობას ჰქონდა, რომელთაც მანამდე ტელევიზორში ვუყურებდი და ვარსკვლავები იყვნენ. ის, რომ ნაკრების მაისურის ჩაცმას ასეთი ფასი აქვს, სწორედ ამ ბიჭების და მათი წინა თაობების დამსახურებაა“.

„მახსოვს, სანამ ნაკრებში დამიძახებდნენ, სპორტკომიტეტის დარბაზში ვვარჯიშობდი. მაშინ სხვა პირობები არ გვქონდა და ყველა ამ დარბაზში ვარჯიშობდა. ერთ დღეს კარი გაიღო და საქართველოს ნაკრების მორაგბეები შემოვიდნენ. მე ვარჯიში მივატოვე, კუთხეში დავჯექი და მათი ყურებით უფრო დიდი ემოცია მივიღე. როდესაც ნაკრებში დამიძახეს და უკვე 24 საათი ამ ბიჭების გვერდით ვიყავი, ვაკვირდებოდი მათ ქცევას არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმა – როგორ იქცეოდნენ, საუბრობდნენ ერთმანეთში და ა.შ. ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო“.

ბრეგვაძე სამი – 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა და ჯამში ახალ ზელანდიაში, ბრიტანეთსა და იაპონიაში 11 თამაში ჩაატარა. მისი აზრი სხვა ბორჯღალოსნებისგან არ გამოირჩევა და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩად 2015 წელს, გლოსთერში ტონგას დამარცხება მიაჩნია:

„2011 წელს მსოფლიო თასზე პირველად ვითამაშე და რა თქმა უნდა ის ჩემთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა 2015 წელს განსაკუთრებით გამოვყოფდი. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამისთვის. ყველას საერთო მიზნისთვის გვქონდა თავი გადადებული – უნდა დაგვემარცხებინა ტონგას ნაკრები. ამ თამაშში ყველამ მაქსიმუმი ჩავდეთ და მიზანს მივაღწიეთ. ახლაც, კადრებს რომ ვუყურებ, სულ მინდა რომ მსგავსი ემოცია განმეორდეს და ეს მაშინ მოხდება, როდესაც 10-ეულის გუნდებიდან რომელიმეს დავამარცხებთ. იმ წელს მსოფლიოდან განსაკუთრებული შეგრძნებით დავბრუნდით, რაც, სამწუხაროდ, იაპონიაში არ განმეორდა“.

არის კიდევ ერთი თამაში, რომელსაც ჯაბა ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, თუმცა მასში თავად მონაწილეობა არ მიუღია.

„2013 წლის ნოემბერში ტრავმა მქონდა და ნაკრებს ვერ დავეხმარე. სამოასთან მატჩს საფრანგეთში ვუყურე და თავდაჯერებულობის კუთხით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელმაც შემდგომში 2015 წლის მსოფლიო თასზე წარმატება განაპირობა. მაშინდელი სამოას ნაკრები ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული, დაახლოებით იმ დონის ნაკრებს ვეთამაშეთ, როგორიც ახლა ფიჯია და დიდი თავდადების ხარჯზე, ბიჭებმა გამარჯვება მოიპოვეს“.

2019 წლის მსოფლიო თასიდან ბორჯღალოსნები იმ ემოციით ვერ დაბრუნდნენ, როგორითაც სურდათ, თუმცა მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად მოიგეს მატჩი ბონუს-ქულით. 29 სექტემბერს, კუმაგაიაში, ურუგვაისთან 33:7 მოგებულ შეხვედრაში, გუნდს პირველად უკაპიტნა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც ნაკრების ისტორიაში 32-ე კაპიტანი გახდა:

„ნაკრების კაპიტნობას თან ისეთივე ემოციები ახლავს, როგორც პირველი თამაშის ჩატარებას. ეს დიდი პატივი და სიხარულია, რომელსაც თან ახლავს გარკვეული შიში. არავინ თქვას, რომ ამ პასუხისმგებლობის არ ეშინია, რადგან შენდაუნებურად გეფიქრება რამე შეცდომა არ დაუშვა, რამე არ გააფუჭო. თუმცა ჩვენს ნაკრებში იდეალური, მეგობრული ატმოსფეროა და ვინც არ უნდა იყოს კაპიტანი, დანარჩენები მას საქმეს ვუადვილებთ. ურუგვაისთან მატჩზე მოედანზე რომ გავედი ყველაფერი დამავიწყდა. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა და კონკრეტულად ეს თამაში იმ შედეგით დასრულდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08433