ბორჯღალოსნები

21:17 | 19.03.2020 | ნანახია 1145 - ჯერ

ოთარ გიორგაძე "სახლში ყოფნა ძალიან რთულია"

ბორჯღალოსანი ოთარ გიორგაძე ერთ-ერთია იმ ქართველი ლეგიონერებიდან, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო უცხო ქვეყანაში, კერძოდ საფრანგეთში ჩარჩა და ტრავმას, რომელიც ერთი თვე გაუგრძელდა კარანტინის პირობებში, თვითიზოლაციაში მკურნალობს.

„საფრანგეთში 15-დღიანი კარანტინი გამოცხადდა და სახლიდან არავინ გადის. ქალაქი ცარიელია და ყველანი ვემორჩილებით მოთხოვნებს. მაკრონმა თქვა, რომ ამ 15 დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“ – ამბობს 24 წლის მორაგბე, რომელსაც ყველაზე მეტად დილით გაღვიძება და საქმეზე წასვლა ენატრება:

„სეზონი იმდენად გადატვირთულია, რომ ხშირად სპორტსმენს დასვენება ენატრება და თითქოს ახლა ამისათვის საუკეთესო დროა, მაგრამ რეალურად სულ სხვაგვარადაა. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც დილით იღვიძებ, საქმე გაქვს და ამ საქმეზე წასასვლელი ხარ. სახლში ჯდომა ძალიან რთულია და ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ მოედანზე ვერ გავდივარ. შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ ტრავმის გამო ისედაც ბევრი გამიცდა და ახლა ამას კარანტინიც დაემატა“.

ადრე დაბრუნებამ შეაჩერა

ოთარ გიორგაძე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და რუმინეთთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაეწყო, მაგრამ კოჭი გადაუბრუნდა, მყესები დაუზიანდა და 3-კვირიანი მკურნალობა დაენიშნა:

„რადგან ტრავმის გამო ნაკრებში თამაში აღარ მიწევდა, საფრანგეთში დავბრუნდი და რეაბილიტაციას გუნდში გავდიოდი. სრულ გამოჯანმრთელებამდე 1 კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ გუნდში ერთბაშად ექვსი მესამეხაზელი გვყავდა დამტვრეული, წინ კი პრინციპული შეხვედრა გველოდა ‘აჟენთან’. ტრავმირებული მოთამაშეებიდან დაბრუნებასთან ყველაზე ახლოს მე ვიყავიდა მწვრთნელებმა მთხოვეს, თუ შევძლებდი მეთამაშა. დავთანხმდი და ამ დროს კოჭი ხელმეორედ დავიზიანე, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესი ახლაც გრძელდება. ორშაბათიდან ბურთით ვარჯიში უნდა დამეწყო, მაგრამ ვირუსების გამო ყველაფერი გაჩერებულია. როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ვარჯიშს სრული დატვირთვით გავაგრძელებ“.

მიუხედავად შეზღუდვებისა, ‘ბრივმა’ მორაგბეს რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვენტარი სახლში გაატანა და ეს ვარჯიშები გიორგაძეს დროის გაყვანაშიც ეხმარება:

„რეაბილიტაციას სახლში გავდივარ, რადგან უკიდურესი აუცილებლობის გარდა, გარეთ გასვლა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი გვეკრძალება. გუნდიდან ყველა ის საჭირო ინვენტარი გამომატანეს, რაც კოჭის გამაგრებას ჭირდება ყოველ დღე 6-7 სავარჯიშოს ვასრულებ. ექიმებთან ვიდეო-თვალით გვაქვს კონტაქტი და ასე მეუბნებიან რა უნდა გავაკეთო. გარკვეულწილად, ეს ვარჯიშები დროის გაყვანაშიც მეხმარება“.

ერთმანეთს უფრთხილდებიან

ტოპ 14-ის გუნდებიდან ‘ბრივი’ ყველაზე ქართული გუნდია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩისთვის რამდენიმე ბორჯღალოსანი ემზადებოდა და ფრენების შეჩერების შემდეგ, ისინი საქართველოში დარჩნენ, მეორე ნაწილი კი, გიორგაძის მსგავსად საფრანგეთშია და ეპიდემიის გავლას უცხო ქვეყანაში ელოდება.

ოთია ფიქრობს, რომ ნაკრების შეკრებაზე მყოფებს ძალიან გაუმართლათ:

„რომ არა ტრავმა, ახლა მეც საქართველოში ვიქნებოდი. ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებს ძალიან გაუმართლათ, რადგან სამშობლოში დარჩნენ და საკუთარ სახლებში არიან, რაც ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნოა. მეც ვისურვებდი მათ ადგილზე ყოფნას. გული მწყდება საფრანგეთში სრულ მარტოობააში რომ ვზივარ“ – ამბობს 24 წლის მორაგბე და მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

„აქ ქართველები მრავლად დავრჩით, მაგრამ ერთმანეთთან კონტაქტი მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით გვაქვს. კახა ასიეშვილს, სოსო ბეკოშვილს ოჯახები ყავთ და ერთმანეთთან მისვლას ვერიდებით“.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, გიორგაძე გუნდის სათამაშო სტილით და მწვრთნელის მიდგომით კმაყოფილია:

„ჩავარდნები გვქონდა, თუმცა გუნდის თამაშის სტილსა და ხარისხში ძალიან დიდი სხვაობაა. თუ არ ჩავთვლით ესპანეთთან მატჩს, ყველა შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ლევან მაისაშვილი ქართველია, ჩვენი ხასიათი ყველაზე კარგად იცის და ეს საქმესაც დაეტყო. ის სულ ჩვენთან იყო, მოედანზე თუ მის მიღმა და ეს უშუალო ურთიერთობები ყველას გვსიამოვნებდა“.

კიდევ ორი წელი ‘ბრივში“

ოთარ გიორგაძემ ცოტა ხნის წინ ‘ბრივთან’ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2022 წლამდე დარჩება. მას უფრო სახელოვანი გუნდებიდან არაერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ნაცნობ გარემოში დარჩენა არჩია:

„იყო შემოთავაზებები დიდი გუნდებიდან, მაგრამ ‘ბრივში’ დარჩენა ვარჩიე და 2-წლიან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამ გუნდის ტოპ 14-ში დაბრუნებაში მეც მიმიძღვის წვლილი და ვარჩიე აქ მეთამაშა, დამეხვეწა სათამაშო ნიუანსები. სჯობს ბევრი ვითამაშო, ვიდრე დიდ კლუბში გადავიდე და სხვებს ვუყურო როგორ თამაშობენ. ‘ბრივი’ ნამდვილად ჩემი გუნდია“.

გიორგაძე ‘ბრივში’ ორი წელია თამაშობს. ის ამ გუნდში ‘კლერმონიდან’ გადავიდა და ამბობს, რომ მას შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს:

„გულშემატკივარი შესაძლოა ვერ უყურებს ჩემს თამაშებს, მაგრამ ‘ბრივში’ გადმოსვლის შემდეგ, წინსვლას აშკარად ვგრძნობ. განსაკუთრებით დაცვაში, რადგან ამ კომპონენტზე მსოფლიო თასის წინ ნაკრებში ბევრი ვიმუშავეთ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი მაქვს სამუშაო, რადგან მინდა ვიყო დაბალანსებული მოთამაშე და არა ძლიერი რომელიმე კონკრეტულ ასპექტში“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080823