შიდა რაგბი

22:00 | 7.03.2020 | ნანახია 862 - ჯერ

დიდი 10 | "არმაზი" 13:31 "ლოკომოტივი"

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ აუტსაიდერთა დავაში უშუალო კონკურენტი, მარნეულის ‘არმაზი’ 31:13 დაამარცხა, თანაც ბონუსი აიღო და გასავარდნ ბოლო ადგილზე მეტოქე გაისტუმრა.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ მათ მიერ შესრულებული ორი ჯარიმა არაზუსტი იყო. ‘ლოკომოტივმა’ მეტოქის საწყისი იერიშები მოიგერია, მერე თავად შეუტია და ლაშა გედეხაურს პირველი ჯარიმა გაუცუდდა, მეორე ცდით კი ანგარიში გახსნა. სამ წუთში რკინიგზელებმა დერეფნიდან მძიმე ფორვარდებით შეუტიეს, ზვიად მაისურაძე დაცვამ შეაჩერა, გიორგი გეგიას კი ვერაფერი მოუხერხა და გედეხაურმა გარდასახა – 10:0.

შესვენებამდე გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაიტანეს. 32-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ უპირატესობა გაზარდა: ვახტანგ ამირანაშვილის სინბინის შემდეგ, რკინიგზელები კაცნაკლულ მეტოქეს 5-მეტრიანი შერკინებიდან მიაწვნენ და ბურთი ლელოში ზვიად მაისურაძემ დაამიწა, ხოლო გედეხაურმა გარდასახა. მალე ‘არმაზმა’ სინბინით ლევან ბრაგვაძე, ხოლო ‘ლოკომოტივმა’ აკაკი მარშანია დაკარგა. ტაიმის მიწურულს 13-კაციანმა ‘არმაზმა’ 14-კაციან ‘ლოკომოტივთან’ ერთი ლელო გაქვითა, თენგო გიგოლაშვილმა 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და ლელოში უმეთვალყუროდ დარჩენილი ბურთი დაამიწა, გივი ცინცაძემ კი გარდასახა.

ცინცაძემ შესვენებამდე და შესვენების შემდეგ თითო ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა (13:17), მაგრამ დასკვნით 20 წუთში ‘ლოკომოტივმა’ ორი ლელოთი უპასუხა და მოგებასთან ერთად, ბონუსიც დაიბევა. მე-60 წუთზე მასპინძელთა დაცვა ნიკა ჩიღვინიძემ გაარღვია და მისი ლელო გედეხაურმა გარდასახა. 6 წუთში სტუმრებმა კარის წინ თამაშიდან მოლი ააგორეს, ის ნიკა წივწივაძემ ლელოთი დაასრულა და ნიკა ასათიანმა გარდასახა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ‘ლოკომოტივმა’ 31:13, ბონუსით იმარჯვა და 20 ქულით მე-9 ადგილზეა, ‘არმაზი’ კი 15 ქულით ბოლო საფეხურზე დაეშვა.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084143