ბორჯღალოსნები

19:45 | 7.03.2020 | ნანახია 1221 - ჯერ

საქართველო პორტუგალიას მინიმალური ანგარიშით ამარცხებს

საფრანგეთში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ 17:14 დასრულდა.

მეოთხე წუთზე პორტუგალია შერკინების დროს დაჯარიმდა და ქართველებმა ბურთი აუტზე გადაიტანეს, საიდანაც წარმატებით მოაწოდეს, მოლი შეკრეს და შალვა მამუკაშვილმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა.

მეშვიდე წუთზე შეტევა პორტუგალიელებმა დაიწყეს, ერთხელ ხაზი გაჭრეს და სწრაფი შეტევა საბოლოოდ მანუელ პინტომ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 7:7 გახდა. საქართველომ მალევე უპასუხა მეტოქეს, მეათე წუთზე დემე თაფლაძემ ბექა გორგაძის გადაცემის შემდეგ ფლანგზე გაიჭრა, რამდენიმე მეტოქეს გაცდა და კვლავ გორგაძეს დაუბრუნა ბურთი რომელიც კარგად მიყვა და კაპიტანმა ლელო მიითვალა. გარდასახვა კი მათიაშვილმა ზუსტად ვერ შეასრულა.

23-ე წუთზე საქართველო მეტოქის ლელოსთან ახლოს იყო და უტევდა, როდესაც ლაშა მალაღურაძის გადაცემა პორტუგალიის მე-11 ნომერმა, დანი ანტუნეშმა ჩაჭრა და მისი გაჩერება ვერავინ შეძლო - შედეგად მასპინძლები წინ გავიდნენ - 14:12. ორიოდე წუთში პორტუგალიელებმა ფლანგზე კვლავ შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა აუტზე გადავიდნენ და სახიფათო მომენტი განიმუხტა. 29-ე წუთზე საქართველო შერკინებაში დაჯარიმდა, ხოლო დანიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა.

32-ე წუთზე პორტუგალიელ მორაგბეს შეტევის დრო ბურთი დაუვარდა წინ და შერკინება დაინიშნა, სადაც საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაჯარიმდა. ქართველებმა აუტში გადაიტანეს ბურთი - ქართველებმა ბურთი ზუსტად შემოიტანეს და მოლი შეკრეს, მიაწვნენ და ჩაიქცა, შემდეგ კი ბრეგვაძემ სწრაფად გაათამაშა ბურთი, ხოლო ლაშა ხმალაძის გადაცემის შემდეგ დავით კაჭარავამ ფლანგიდან ლელო დააფიქსირა. მესამე ლელოს შემდეგ მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა და ანგარიში 17:14 დარჩა. შეხვედრის ბოლო წუთზე პორტუგალია დაჯარიმდა, შეტევის დროს უბურთოდ მყოფ ლაშა მალაღურაძეს დაეჯახა პორტუგალიელი - აუტზე გადატანილი ბურთი ქართველებმა შემოიტანეს და მოლი წარმატებით დააყენეს, თუმცა ლელოს ხაზთან "ბორჯღალოსნებს" ბურთი წინ დაუვარდათ და მსაჯმა პირველი ტაიმი დაასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076819