ბორჯღალოსნები 2020 წლის პირველ შეკრებას 20-22 იანვარს საფრანგეთში გაივლიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მომზადებას შეუდგებიან.
საქართველოში მყოფი მორაგბეები კვირაში რამდენიმე დღე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იკრიბებოდნენ და უნარების დასახვეწად ვარჯიშობდნენ. ეს ჯგუფი საფრანგეთში ქალაქ მანდელიუში 19 იანვარს მიემგზავრება, სადაც მას ლეგიონერები შეუერთდებიან და „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, სამდღიან შეკრებას გაივლიან.
„ადგილობრივ ჯგუფთან ერთად უნარ-ჩვევებზე ყოველკვირეულად ვმუშაობდით. ამავდროულად, ხდებოდა ტრავმირებული მოთამაშეების რეაბილიტაცია. რაც შეეხება ფრანგულ შეკრებას, „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაცია ჩვენთვის აუცილებელია, რადგან მოთამაშეთა დიდ ნაწილს ლეგიონერები წარმოადგენენ. მათი უმრავლესობა, სათამაშო კვირაში სამშაბათამდე ვერ ახერხებს შეკრებაზე შესვლას და პრაქტიკულად, თამაშის წინ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვიწევს. ეს 3-დღიანი შეკრება კი დაგვეხმარება შეტევისა და დაცვის სქემების დამუშავებაში, სხვადასხვა სათამაშო კომპონენტის დახვეწაში“ – განაცხადა ლევან მაისაშვილმა, რომელიც გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გაწვრთნის.
ძველი და ახალი სახეებითმანდელიუში ბორჯღალოსნები 34-კაციანი შემადგენლობით შეიკრიბება და მათი უმრავლესობა ის მორაგბეები არიან, რომლებმაც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ითამაშეს.
გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მორკინალებიდან 14 მორაგბე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ორ-ორი ინგლისურ და ციმბირულ კლუბში გამოდის, ორი კი დიდ 10-ს წარმოადგენს. ხაზის 14 მოთამაშიდან 8 შიდა ჩემპიონატის წარმომადგენელია, 4 ლეგიონერი საფრანგეთიდანაა, ხოლო ორი რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძემ მსოფლიო თასის შემდეგ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციას გადის, შესაბამისად იგი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ვერ დაეხმარება.
გაფართოებულ შემადგენლობაშია მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც 2018 წელს ნაკრების კვართი 8-ჯერ მოირგო. 2018 წლის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება ბურჯი გიორგი თეთრაშვილი. მის ანგარიშზე 9 კეპია. გამოძახებულთა შორისაა უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, შუამარბი დემურ თაფლაძე, რომელსაც ეროვნულის კვართით ჯერ არ უთამაშია.
„ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გავწვრთნი და არ მაქვს იმის შესაძლებლობა, გრძელვადიანი გეგმები დავსახო და ექსპერიმენტები ჩავატარო. აქედან გამომდინარე, ამ მოკლე პერიოდში იმ ბირთვზე გვექნება გათვლა, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა. გარდა ამისა, არ ვთვლი, რომ თუ მოთამაშეს ასაკიდან გამომდინარე მომავალ მსოფლიო თასზე სავარაუდოდ აღარ მოუწევს თამაში, დღესვე უნდა გავწყვიტოთ მასთან კონტაქტი. დღეს ჩვენი მოცემულობა რაგბი ევროპის ჩემპიონატია და შედეგთან ერთად, კარგი, შემტევი, აგრესიული რაგბი უნდა ვითამაშოთ. ვინც მიმაჩნია, რომ დღესდღეისობით ყველაზე მეტად არის მზად ამისთვის, არჩევანი მათზე შევაჩერე, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“ – ამბობს მაისაშვილი.
შერკინების ახალი ფრანგი მწვრთნელითფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ახალი შერკინების მწვრთნელი, ფრანგი ალექსანდრე კასტოლა შეუერთდება. 40 წლის სპეციალისტი ჩვენს გუნდთან რაგბი ევროპის დასრულებამდე იმუშავებს. ის სხვადასხვა კლუბებში მუშაობის გარდა, ფრანგი ბურჯების უმრავლესობას ინდივიდუალურად ავარჯიშებს.
რაც შეეხება 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს, მაისაშვილი ამბობს:
„ამ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ყველა გუნდის სამიზნეა და ჩვენს წინააღმდეგ ყველა მაქსიმალური მოტივაციით ითამაშებს. ჩვენი მიზანია, რომ ამ მოკლე პერიოდში შევთამაშდეთ და შედეგთან ერთად, მაყურებელს სანახაობრივი რაგბი შევთავაზოთ“.
შეკრებაზე მიემგზავრებიანშერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თორნიკე ჯალაღონიას რატომ არ იწვევენ? როგორი გამორჩეული იყო 2018 წლის ახალგაზრდების მსოფლიოზე
ჟვანია სად არის ან ასიეშვილი? რა ქნა ასეთი ჟვანიამ, საერთოდ რომ მოკვეთეს ნაკრებიდან? თეთრაშვილს ჟვანიაც სჯობს და კარლენაც.
+1