ბორჯღალოსნები

20:59 | 27.12.2019 | ნანახია 2089 - ჯერ

საქართველო XV | მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ

საქართველო XV-ის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა მეოთხე დღეა ქუთაისში, შეკრებაზე იმყოფება და იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნესთვის ემზადება.

წინდაწინ გამოცხადებულ გაფართოებულ რაზმს ორი მორაგბე გამოაკლდა – კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი კოტე მარჯანიშვილი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ მათი შემცვლელების გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან არგენტინაში 30 მორაგბე მიემგაზავრება და შესაბამისად, არსებულ კონტიგენტს კიდევ სამი მოთამაშე გამოაკლდება. ამ დანაკლისთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით ხამაშურიძე ამბობს:

„გვსურდა სხვა ლეგიონერების გამოძახებაც, მაგრამ ჩვენი თამაშები ოფიციალურ კალენდარს არ ემთხვევა და კლუბებს მოთამაშეების გამოშვებას ვერ მოვთხოვდით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მომავალ თამაშებში მაქსიმუმს გაიღებს. წინასწარ გამოცხადებული შემადგენლობიდან დაგვაკლდება გამოცდილი გიორგი ჭყოიძე, ასევე კოტე მარჯანიშვილი“.

გუნდი პირველ შეკრებაზე 29 დეკემბრამდე დარჩება და ორჯერადი ვარჯიშები ექნება. ბიჭები ახალ წელს შინ შეხვდებიან, 4 იანვრიდან 9 იანვრამდე კი, ქუთაისში მეორე შეკრებას გაივლიან. საქართველო XV არგენტინისკენ გეზს 12 იანვარს გამთენიისას აიღებს და ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ 17 (მარ-დელ-პლატა) და 24 (ბუენოს აირესში) იანვარს ორ თამაშს გამართავს.

ხამაშურიძე ამბობს, რომ საქართველო XV-ის მიზანი უძლიერეს მეტოქესთან საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა იქნება:

„ყველამ კარგად იცის რა დონის მეტოქესთან გვაქვს საქმე. ‘ხაგუარესი’ ფაქტობრივად არგენტინის ნაკრებია და ძალიან კარგია ასეთ გუნდს რომ ვხვდებით. ჩვენი თავი უნდა გამოვცადოთ, რათა დავინახოთ რა დონეზე ვართ“.

„მოგვიწევს მაღალ ტემპში თამაში და ამ ორი შეკრების დროს ვეცდებით მაქსიმალურად მოვახერხოთ შეთამაშება, ჩვენი თამაშის სტილის დახვეწა. ყურადღებას ვაქცევთ ფიზიკურ კონდიციასაც. ყველა მოთამაშეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა. ვეცდებით არგენტინაში კარგად წარმოვაჩინოთ თავი და მოედანი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თავაწეულებმა დავტოვოთ“.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (ბუქარესტის ‘დინამო’, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8);

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:30 | 30.12.2019
პანტელეიმონი (1218)

თუ თავი გამოიჩინეს, ამ შემადგენლობიდან ბევრი ალბათ აფრიკაშიც გაემგზავრება ზაფხულში.

0.077789