ამბები

19:50 | 9.06.2014 | ნანახია 5095 - ჯერ

საქართველო უბრძოლველად დაწინაურდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გასულ კვირაში მატჩი არ ჩაუტარებია და კვლავინდებურად 70,46 ქულა აქვს, მაგრამ ეს ერთი საფეხურით დაწინაურებისა და მე-15-ე ადგილამდე აღზევებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ეს იმიტომ, რომ გასულ უქმეებზე მსოფლიოს სტადიონებზე, უმეტესად სამხრეთ ნახევარსფეროში მრავლად გაიმართა საერთაშორისო ტესტ-მატჩები თუ ოფიციალური შეხვედრები. ქართველთა წინსვლა წყნარი ოკეანის თასზე კანადის ნაკრების მარცხმა განაპირობა. ჩრდილოამერიკელებმა იაპონიას უმასპინძლეს, პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და მონაგარს კიდე ორი ჯარიმა შემატეს, სტუმრებმა კი, პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გაიტანეს და მასპინძლები 25:9 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმი სრულად იაპონიისა იყო. კანადამ ქულაც ვეღარ აიღო, აზიელებმაკი სამი ლელო გაიტანეს, ორ გარდასახვას კიდევ ორი ჯარიმა შემატეს და 34:25 იმარჯვეს.

იაპონიამ, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოა დაამარცხა (33:14), 14 ივნისს წყნარი ოკეანის თასზე აშშ-ს ეთამაშება და მერე ტესტ-მატჩში იტალიას დაუხვდება, ამ კვირაში სარეიტინგო მონაგარს 0,68 ქულა შემატა, მე-12-ე ადგილზეა და ფიჯის მიუახლოვდა. ამდენივე დაკარგა კანადამ და ის საქართველოს 0,4 ქულით ჩამორჩა. კანადას 21 ივნისს აშშ-სთან უწევს თამაში. შეგახსენებთ, რომ იაპონია ნოემბერში საქართველოში ჩამოვა და “ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩს გამართავს. მანამდე, 14-22 ივნისს, მილტონ ჰეიგის შეგირდები თბილისის თასზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სარეიტინგო რკენა მხოლოდ ესპანეთთან, 14 ივნისს ექნებათ. გამარჯვება ქართველებს ვერაფერს შემატებს, ხოლო ფრე 1-ს, 15-ქულამდე სხვაობით მარცხი 2-ს და დიდი ანგარიშით წაგება 3 ქულას დააკარგვინებს.

წყნარი ოკეანის თასზე სამოა ტონგას დაუხვდა და ფრედ 18:18 ეთამაშა. ამ შედეგმა მცირედით ახეირა ტონგა, მაგრამ ის მე-13-ე ადგილზე რჩება. სამოა მე-10-ე საფეხურამდე დაეშვა, მაგრამ ამის მიზეზი მის მარცხთან ერთად შოტლანდიის გამარჯვება იყო. სქოთებმა აშშ სტუმრად 24:6 დაამარცხეს და 0,76 სარეიტინგო ქულა მიიღეს, რის შედეგადაც ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურდნენ. ამაში მათ არგენტინის მარცხიც დაეხმარა. “პუმებმა” ეროვნულის სახელით, მაგრამ ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ირლანდიას უმასპინძლეს და 17:29 დამარცხდნენ. შედეგად, მათმა დანაკარგმა 0,73 ქულა შეადგინა და მე-9-ე ადგილამდე დაეშვნენ. ირლანდიამ გამარჯვებით ქულები კი მიიღო, მაგრამ მე-5-ე ადგილზე რჩება.

ტესტ-მატჩებში ახალმა ზელანდიამ ინგლისი 20:15 დაამარცხა, ავსტრალიამ საფრანგეთი 50:23 შეარცხვინა, ხოლო ფიჯიმ იტალია 25:14 დასცა. ამ შედეგებს რეიტინგში გადანაცვლებები არ გამოუწვევია. კიდევ ერთ საერთაშორისო შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს ნაკრები 47:13 დაამარცხა, მაგრამ ეს შეხვედრა სარეიტინგო არ იყო. სამაგიეროდ, ის დიდ ინტერესს იწვევდა ქართველ გულშემატკივარში, რადგან მსოფლიოს ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა მამუკა გორგოძემ. მე-6 წუთზე, როდესაც სტუმრებმა მრავალფაზიანი იერიში ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ, გორგოძემ რაქიდან სამჯერ შეუტია და სამივეჯერ წინ წაიწია. 48-ე წუთზე ქართველი მესამეხაზელი რეფერიმ მოლის განზრახ ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და ყვითელი ბარათით დასაჯა.  

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 9 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია      93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა              89,34

3      (3). ავსტრალია            86,91

4      (4). ინგლისი               85,68

5      (5). ირლანდია             82,86

6      (6). უელსი                 80,70

7      (7). საფრანგეთი           80,04

8      (10). შოტლანდია           75,92

9      (8). არგენტინა             75,71

10    (9). სამოა                  75,27

11    (11). ფიჯი                  74,70

12    (12). იაპონია               74,58

13    (13). ტონგა                 73,44

14    (14). იტალია               71,56

15   (16). საქართველო       70,46

16    (15). კანადა                70,06

17    (17). რუმინეთი             68,08

18    (18). აშშ                   66,45

19    (19). რუსეთი               63,43

20    (20). ურუგვაი                     61,86

21    (21). ესპანეთი                     60,65

22    (22). ნამიბია               58,79

23    (23). ჰონკონგი             58,47

24    (24). პორტუგალია         57,73

25    (25). კორეა                 57,22

26    (26). გერმანია                     57,19

27    (27). ჩილე                  54,54

28    (28). მოლდოვა             54,10

29    (29). ბელგია               53,90

30    (30). ზიმბაბვე                     53,56

31    (31). ჰოლანდია            53,16

32    (32). უკრაინა              52,37

33    (33). კენია                 51,75

34    ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137128