შიდა რაგბი

21:57 | 14.09.2019 | ნანახია 1502 - ჯერ

დიდი 10 | "აკადემია" 14:10 "არმაზი"

თბილისის ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ დაძაბულ ბრძოლაში 14:10 სძლია და გახდა პირველი მასპინძელი გუნდი, რომელმაც დიდი 10-ის 2019/2020 წლების სეზონში გამარჯვება მოიპოვა.

ეს იყო ახალი სეზონის მესამე მატჩი. ნუცუბიძის სტადიონზე მისულმა მაყურებელმა რამდენჯერმე იხილა დინამიური, თანმიმდევრული შეტევა. ორივე გუნდი ცდილობდა ხელდახელ თამაშს, თუმცა სეზონის სტარტზე აქაც მრავლად იყო ტექნიკური წუნი და საბოლოოდ მხოლოდ ორი ლელო გავიდა.

ანგარიში სტუმრებმა საბა ნიკოლავას ჯარიმით გახსნეს. დავით მოძღვრიშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან საპასუხო დარტყმა გაუცუდდა. ტაიმის დასკვნით 10 წუთში თამაში გაიხსნა და ორივე გუნდს ჰქონდა ლელოს გატანის შესაძლებლობა. თავიდან ‘არმაზმა’ შეუტია და რამდენჯერმე გაიჭრა დაცვის ხაზი, მაგრამ ‘აკადემიამ’ მოახერხა თავის დაცვა.

35-ე წუთზე მარნეულელები სანდრო კალმახელიძის სინბინის შემდეგ 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. ახლა უკვე მასპინძლები დაეუფლნენ ინიციატივას, მათ ფრთებზე რამდენჯერმე შექმნეს უპირატესობა, რაც საბოლოოდ მიხეილ ახობაძის ლელოთი დასრულდა. მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ - 5:3.

მეორე ტაიმის 25 წუთი სრულად ‘აკადემიის’ იყო. ისინი ხელდახელ შეტევებით ქმნიდნენ უპირატესობას, დიდ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, შერკინებაშიც უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და გიორგი მიქანაძემ სამი ჯარიმა გაიტანა. ‘არმაზმა’ ბოლოსკენ შეძლო შეტევების ორგანიზება და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 75-ე წუთზე ლუკა კოხიამ ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახა. დარჩენილ წუთებში დაძაბულობამ იმატა, ‘აკადემიამ’ ქულა აღარ გაუშვა და 14:10 იმარჯვა.

ხვალ დიდ 10-ში დანარჩენი ოთხი გუნდი ჩაერთვება. 15 საათზე გორში ‘ჯიქი’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობას, ხოლო 17 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ ნუცუბიძეზე რუასთავის ‘ხარებს’ დაუხვდება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086992