7-კაცა

19:14 | 25.07.2019 | ნანახია 3198 - ჯერ

ქვიშის რაგბი | კაცთა და ქალთა გუნდებით ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა და ქალთა ნაკრებები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან, სადაც 27-28 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

კაცთა და ქალთა ტურნირში 8-8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში განაწილდებიან და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო მეორე დღეს თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 პოზიციისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

კაცთა გუნდი ჩვენი დროით 13:20 საათზე ლატვიას ეთამაშება, 16:40 საათზე მოლდოვას შეხვდება, ხოლო 19:20 საათზე იტალიას. მეორე ჯგუფში რუსეთის, ლიეტუვას, ავსტრიისა და ხორვატიის ნაკრებები არიან. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა და მთავარი მწვრთნელი გიორგი ქოპილაშვილი წელს ჩემპიონობას უმიზნებს:

„შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. მოთამაშეთა ნაწილი, რომელთა წაყვანაც გვსურდა, ეროვნულ 7-კაცაში იყო გამოძახებული, ნაწილი კლუბებმა არ გამოუშვეს, რადგან წინასასეზონო მზადება აქვთ დაწყებული. მოთამაშეებს 7-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატის სამ ეტაპზე დავაკვირდით და ბირთვი ამის მიხედვით შეირჩა“.

„გვყავს ისეთი მორაგბეებიც, რომლებმაც ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშეს და გამოცდილები არიან. ვფიქრობთ, მთლიანობაში კარგი გუნდი გვეყოლება და ვეცდებით, რომ წელსაც გავიდეთ ფინალში, იქ კი ვნახოთ რა მოხდება. ჩვენი კონკურენტები მასპინძელი რუსეთის, იტალიის და ლიეტუვას ნაკრებები იქნებიან, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ ქვიშის რაგბის ტურნირებს“.

გუნდს ტრავმის გამო გიორგი ჭუაძე დააკლდება, რომლის ნაცვლად მწვრთნელებმა - ქოპილაშვილმა და მოთამაშე-მწვრთნელმა გიორგი შკინინმა ნიკა სუხაშვილს უხმეს. სუხაშვილი შარშან ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის გუნდს შაბათ დილით შეუერთდება, სულ კი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიორგი შკინინი, იოანე ხელაია, თორნიკე მანაგაძე, ირაკლი გეგენავა, გიორგი ნათელაშვილი, დავით ჩიტიძე, დაჩი კოპაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე კიკნაძე, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვაძე.

გოგონები ბრძოლაში პირველი ჩაერთვებიან და 12:20 საათზე ლატვიას შეხვდებიან, 14:40 საათზე იტალიას, ხოლო 18:20 საათზე ბელარუსს. მეორე ჯგუფშუ რუსეთის, ესპანეთის, ხორვატიისა და ავსტრიის ნაკრებები თამაშობენ. ბიჭების მსგავსად, გოგონებმაც მზადება სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯაბა მალაღურაძეს კი, მოსკოვში გადახალისებული შემადგენლობა მიყავს:

„მზადება გვიან დავიწყეთ, რადგან ამ გუნდის ბირთვს 7-კაცა ნაკრების წევრები წარმოადგენენ, რომელთაც რთული მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ და გოგონებს დასვენება ჭირდებოდათ. მოსკოვში გადახალისებული შემადგენლობით მივდივართ - 6 გოგონას აქამდე ქვიშის რაგბი არასდროს უთამაშია და სამწუხაროდ, ქვიშაში პირველად მხოლოდ ტურნირის წინა დღეს, ადგილზე ვივარჯიშებთ. შევეცდებით, რომ ყველა თამაში მაქსიმალური მონდომებით ჩავატაროთ და კარგად შევასრულოთ ის უნარები, რაც დამუშავებული გვაქვს“.

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, თეონა ჩიტაიშვილი, რუსუდან რუსიშვილი, ანა რურუა, ანა კაპანაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, მარიამ გუგუჩია, ნათია პატაშური.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079692