ევროპის სერია

22:15 | 21.07.2019 | ნანახია 2500 - ჯერ

7-კაცა - მე-8 პოლონეთში, მე-9 ევროპაში
ევროპის გრან პრის მეორე ეტაპი

საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა და ჯამში მე-9 ადგილს დასჯერდა.

პოლონეთში, ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებები დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიას შეხვდა, რომლის დამარცხების შემთხვევაში, გაისად მსოფლიო სერიის შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირზე თამაშის უფლება თითქმის დაბევებული გვექნებოდა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა. საქართველო ბურთს აკონტროლებდა და პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე ანგარიში გაიხსნა - გაწითლებულ დროზე რევაზ ხარაზიშვილმა ოფლოუდი მოძრაობაში შეირგო და ძელებსშუა გატანილი ლელო თავად გარდასახა - 7:0. მეორე ტაიმში იტალიამ ლელო გაქვითა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა. დასკვნით წუთებში საქართველო უტევდა, მაგრამ მეტოქის 22-ში ბურთი დაიკარგა და კონტრშეტევაზე, საფინალო ხმოვან სიგნალთან ერთად მიღებული ლელოთი გამარჯვება იტალიას დარჩა - 12:7.

ჰონკონგში გამგზავრების შანსი კიდევ გვრჩებოდა. ამისათვის საჭირო იყო დარჩენილი ორივე თამაშის მოგება და ამავდროულად, პორტუგალიას ორჯერ უნდა წაეგო. მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსი გვერგო და მეტოქე დაწინაურდა. პასუხად ოთარ ლაშხმა მცველებთან ჭიდილში დაახლოებით 60 მეტრი ირბინა, მეტოქის 22-ში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ნიკოლოზ გიგაურის ლელო ბექა წიკლაურმა გარდასახა - 7:5.

მეორე ტაიმში უელსმა ორი ლელოს გატანა შეძლო და 10 ქულით დაწინაურდა. პასუხად, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, წიკლაური მბოჭავს გაექცა და ლელოში შესულმა ბურთი ლაშა ლომიძეს გადააწოდა, რის შემდეგაც გარდასახვაც იოლად გავიდა. დასკვნით წუთებში უელსმა სინბინით ორი მორაგბე დაკარგა და გამარჯვება ძალიან ახლოს იყო, ხაზიც გაიჭრა და მიზნამდე მეტრი რჩებოდა, მაგრამ, ბოჭვისას შემტევს ბურთი გაუვარდა და მოსაგები შეხვედრა 3 ქულით დავთმეთ.

მე-7 ადგილისთვის მატჩი აღარაფერს წყვეტდა. მეტოქე სამი ლელოთი რომ დაწინაურდა ორით ვუპასუხეთ, მაგრამ მერე შეცდომები გახშირდა და საბოლოოდ პორტუგალიამ 40:19 იმარჯვა.

შედეგად, საქართველოს 7-კაცამ ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო გრან პრიზე მე-9 ადგილს დასჯერდა. ლოძის გრან პრი გერმანიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანეთს 28:14 სძლია. იტალიამ ირლანდიას 21:12 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა; მე-5 ადგილისთვის საფრანგეთმა უელსს 29:19 მოუგო; 21:12 სძლია ინგლისს რუსეთმა და პოლონეთში მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო პოლონეთმა მე-11 ადგილისთვის რუმინეთი დაამარცხა - 26:12.

ორი ეტაპის ჯამში, გერმანიას 34 ქულა მოუგროვდა და გრან პრის გამარჯვებული პირველად გახდა. მან საფრანგეთს გადაასწრო, რომელსაც ჯამში 32 ქულა მოუგროვდა. ამდენივე ქულით მესამე ადგილი ერგო ირლანდიას. 28 ქულით მეოთხეა ესპანეთი, 22-22 ქულა დააგროვეს უელსმა და იტალიამ; 19 ქულით მეშვიდეა ინგლისი, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩა პორტუგალია. 9-ქულიანმა საქართველომ გაასწრო რუსეთს (8), პოლონეთსა (4) და რუმინეთს (2).

ევროპიდან ჰონკონგის შესარჩევ ტურნირზე გერმანია, იტალია და პორტუგალია გავიდნენ. გარდა ამისა, გერმანია 2020 წლის მსოფლიო სერიაზე ორ ეტაპს ითამაშებს - ინგლისსა და საფრანგეთში.

პოლონეთში ითამაშეს:

ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:07 | 22.07.2019
გორდა (250)

როგორი გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ გუნდს შეუძლია, მაგრამ ...

იმედია დროულად გამოფხიზლდებიან რაგბის კავშირში, ლეჟავაშიც გაიღვიძებს სინდისის ქეჯნა, შეეშვება 7 კაცას და დაკმაყოფილდება მისთვის შესაფერისი საქმით.

0.118383