ოლიმპიადა

12:40 | 5.07.2019 | ნანახია 2059 - ჯერ

7-კაცა - მზადება ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის
მარტყოფში სამხრეთ აფრიკელ სპეციალისტთან ერთად

საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და მარტყოფის რაგბის ბაზაზე ერთკვირიან შეკრებას ხვალ ასრულებს.

ჩვენმა გუნდმა ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე მე-10 ადგილი დაიკავა. რადგან ოლიმპიურ თამაშებში ინგლისი და უელსი ერთიანი გუნდით, დიდი ბრიტანეთის სახელით გამოდის, საქართველო 9 ნაკრებს შორის მოხვდა და ტოკიოს ზაფხულის თამაშების საგზურისთვის 13-14 ივლისს საფრანგეთში, კოლომიეში იბრძოლებს.

„ძალიან არ გაგვიმართლა. მოსკოვში ფაქტობრივად „სიკვდილის ჯგუფში“ მოგვიწია თამაში, თუმცა მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსი მაინც გვქონდა. პირველ მატჩში რუსეთის ნაკრებს შევხვდით და ჩვენი შეცდომების გამო ერთი გარდასახვით დავმარცხდით. ორჯერ ვერ გავიტანეთ 100%-იანი ლელო და ამან ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მოგვაყენა, რაც ინგლისთან მატჩში გამოჩნდა. კარგი თამაში გვქონდა ესპანეთთანაც, თუმცა აქაც ბავშვური შეცდომები დავუშვით, პირველი ლელო მე-18 წამზე მივიღეთ, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით“ - აფასებს გრან პრის პირველ ეტაპს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა და განაგრძობს:

„დიდი დარტყმა იყო კაპიტნის არყოფნა. რამაზ ხარაზიშვილი მოსამზადებელ პერიოდში დაშავდა, მის გარეშე პირველად ვითამაშეთ, ის კი მოედანზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. გარდა ამისა, პირველ დღეს სამი მოთამაშე დავკარგეთ - ბაბუნაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო, სვანიძეს ნეკნი ჰქონდა დაბეჟილი, ხოლო პერანიძემ ფეხის კუნთი დაიზიანა. მიუხედავად ამისა, მეორე დღის პირველ მატჩში რუმინეთი უმძიმეს თამაშში დავამარცხეთ და ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე გავედით“.

ახალი მწვრთნელით მარტყოფში

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენმა 7-კაცამ 4 დღე დაისვენა და მარტყოფის რაგბის ბაზაზე შეკრებაზე შევიდა. გუნდთან ერთადაა სამხრეთ აფრიკელი ფიზ. მომზადების მწვრთნელი გრაჰამ ბენზი, რომელსაც ადრე გერმანიისა და კენიის 7-კაცა ნაკრებებში უმუშავია, ჩვენს გუნდს კი სამხრეთ აფრიკული შეკრებისას ეხმარებოდა.

მისი გარჯით კმაყოფილია ზაზა ლეჟავა:

„გრაჰამი ძალიან კარგი პიროვნებაა. ის წარმოშობით ბურია და მენტალურად ჩვენთან ძალიან ახლოსაა. მისი მამა ცნობილი სპორტული ექიმი იყო და კეიპტაუნში პირველი სპორტული კლინიკა სწორედ მისი გახსნილია. თავად გრაჰამი სპორტის პროფესორია, აღზევების ხანაში ნამუშევარი აქვს გერმანიისა და კენიის 7-კაცა ნაკრებებთან, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო სამშობლოში მოუწია დაბრუნება. ახლა ყველაფერი უკეთაა, 2 თავისუფალი კვირა ქონდა და საქართველოში ჩამოვიდა. მისი ფიზ.მომზადება სარაგბო უნარებითაა დატვირთული, რაც ძალიან კარგია. ბენზისთან ურთიერთობა მარტივია, უზარმაზარი ენერგია აქვს და შეკრებაზე სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ბიჭები მისით კმაყოფილები არიან“.

რადგან მწვრთნელები დაცვის თამაშით იყვნენ უკმაყოფილო, ამ ეტაპზე ვარჯიშები ძირითადად სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესებას ეთმობა, რა თქმა უნდა ფიზ.მომზადებასთან ერთად. პირველი ვარჯიში, ფიზ.მომზადებისა და სარაგბო უნარების დილის 6:30 საათზე იწყება, მეორე ვარჯიში 10:30 საათზე ტარდება, 4 საათზე ვიდეო-განხილვებია, 5-ზე კი საღამოს ვარჯიშია.

„შეკრებაზე 19 მორაგბე გვყავს და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ბენზიმ იცის რა თემაზე უნდა ავარჯიშოს ბიჭები. გვქონდა კონტაქტური ვარჯიშებიც, რაც ტრავმის ალბათობას ზრდის, მაგრამ სხვანაირად ვერ გავიზრდებით. მოსკოვის ტურნირმა დაგვანახა, თუ რა სისწრაფეებზე მოგვიწევს თამაში და მზადებაც შესაბამისია. შეკრებას პარასკევს ვასრულებთ, ორშაბათს ერთი ვარჯიში გვაქვს და სამშაბათს გამთენიას საფრანგეთში მივემგზავრებით“ - ამბობს ლეჟავა.

საფრანგეთში კაპიტანთან ერთად

კოლომიეში საქართველოს 7-კაცა ნაკრებს გუნდის კაპიტანი, რამაზ ხარაზიშვილი დაუბრუნდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშობს. სამაგიეროდ დაგვაკლდება პერანიძე, რომელიც მოსკოვში დაშავდა და შეკრებაზეც არაა:

„რამაზი 90%-თ მზადაა. მას ისე ძლიერ სურდა თამაში, ურთულესი ტრავმა უმოკლეს დროში მოიშუშა. ტრავმის გამო დაგვაკლდება პერანიძე, ასევე ილია სპანდერაშვილი. ის უკვე მეორედ გამოვიძახეთ და კლუბმა ამჯერადაც გვიპასუხა, რომ ტრავმირებულია. პირველ ჯერზე, ამ პასუხიდან 4 დღეში, სპანდერაშვილმა კლუბში ითამაშა და თუ ახლაც ასე მოხდა, ეს პენზის კლუბთან ურთიერთობას გაართულებს“ - თქვა ლეჟავამ.

ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე საქართველო „გ“ ჯგუფში ინგლისის, გერმანიისა და ლიტვის ნაკრებებთან ითამაშებს. მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ გუნდი პირველი დღის შემდეგ მოწინავე 8 ნაკრებს შორის იქნება. შეგახსენებთ, ოლიმპიადის საგზურს ტურნირის გამარჯვებული იღებს, ხოლო მეორე-მესამე გუნდები რეპეშაჟში გადაინაცვლებენ:

„ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა. ინგლისი ფავორიტია, ძლიერი ნაკრები ყავს გერმანიასაც, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში 7-კაცა რაგბს დიდი რესურსი დაუთმო, თუმცა ჩვენ მათთან თამაში უფრო გვიადვილდება და შარშან დავამარცხეთ კიდეც. ვიმედოვნებ, რომ პირველ დღეს გერმანიას და ლიტვას მოვუგებთ და მეორე დღეს, მეოთხედფინალში შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდება. ამოცანა რთულია, თუმცა მე მიყვარს სირთულეები გადალახვა. მიზანი რეპეშაჟში გასვლაა, მაგრამ საფრანგეთში მეხუთე ადგილსაც თუ დავიკავებთ, კმაყოფილი ვიქნები“.

შეკრებაზე არიან:

გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), ნიკა სუხაშვილი (მეტალურგი, ნოვოკუზნეცკი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), იაგო ხაბულიანი (აია), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ბონდო ლომიძე (იუნკერები).

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:47 | 05.07.2019
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

13:30 | 05.07.2019
გორდა (250)

არ მჯერა ლეჟავას სამწვრთნელო უნარ ჩვევების და რა ვქნა.
ამ ინტერვიუშიც ვერ გაიგებ რა ხდება, ჯერ იძახის მიზანი რეპაშაჟში გასვლააო და შემდეგ არც მე-5 ადგილი იქნება ცუდიო.
ცოტა ზევით კი საერთოდ ჯგუფიდან გასვლაზე ბუნდოვანი და არაიმედის მომცემი სიტყვებია.

წარმატებები ჩვენს 7 კაცას!!

0.120634