7-კაცა

23:59 | 16.06.2019 | ნანახია 613 - ჯერ

7-კაცა - "ლელო" აქაც ჩემპიონია
ჭაბუკთა ლიგებში "ლელო" დომინირებს

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ჩემპიონი 7-კაცა რაგბში თბილისის ‘ლელო’ გახდა. დიდ დიღმელებმა გორში, ჭალის სტადიონზე გამართულ ფინალურ ეტაპზე შვიდივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და მთავარი ჯილდო შემართეს.

მანამდე, მაისში, ‘ლელომ’ 15-კაცა რაგბში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგები მოიგო, ახლა კი ამ ჯილდოს 7-კაცას თასიც შემატა.

ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ტურნირების მოწინავე გუნდები მოხვდნენ - 7 აღმოსავლეთ და 5 დასავლეთ საქართველოდან. ისინი ორ 6-გუნდა ჯგუფში განაწილდნენ და თითო 7-წუთიანი თამაში ჩაატარეს.

ჯგუფში ‘ლელომ’ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ‘იუნკერები-ჩოხოსნები’, ‘აკადემია’, ‘ზუგდიდი’, ‘თბილისი’ და ‘ჩაქვი’. ნახევარფინალში მისი მეტოქე ‘ხვამლი’ იყო, რომელმაც ‘კოლხ რაინდებთან’, ‘არესთან’ და ‘ხარებთან’ გამარჯვებები იზეიმა, ხოლო ‘აიასთან’ და ‘ლოკომოტივთან’ ფრეს დასჯერდა. ‘ლელომ’ ამ მეტოქესაც დამაჯერებლად აჯობა და 20:0 სძლია.

მეორე ნახევარფინალში ‘აია’ და ‘თბილისი’ გავიდნენ. ქუთაისელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგეს, ფრედ კი ‘ხვამლის’ გარდა ‘ხარებს’ ეთამაშნენ, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავეს. ‘თბილისი’ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა, ნახევარფინალში კი ‘აიას’ ერთი ლელოთი ჩამორჩა.

თასის ფინალში გუნდებმა ორი 7-წუთიანი ტაიმი ითამაშეს და გარდასახვებიც დაარტყეს. ‘ლელომ’ ‘აიას’ ორივე ტაიმის დასაწყისში ლელოები გაუტანა, საბოლოოდ 26:5 იმარჯვა და თასი შემართა.

მესამე ადგილს ‘თბილისი’ დაეუფლა, რომელმაც ‘ხვამლს’ 10:5 მოუგო. მეხუთე ადგილი და სინი ‘ხარებმა’ დაისაკუთრა, ხოლო ‘კოლხი რაინდები’ ფიალას მფლობელი გახდა.

შედეგები იხილეთ აქ

http://site.rugby.ge/ka-GE/2019-UXX-7K/

ტურნირის დასასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა და სამახსოვრო სიგელი ჩემპიონატის ყველა მონაწილეს შეხვდა. გამოვლინდა რამდენიმე ნომინანტიც და 8 ლელოთი საუკეთსო მელელოვე აკადემიელი კოტე იაშვილი გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლელოელი გიორგი კურტანიძე დასახელდა, ხოლო ფინალური შეხვედრის საუკეთესო მორაგბე ასევე ლელოელი თორნიკე კახოიძე გახდა. მათ დამატებითი პრიზებიც შეხვდათ.

გუნდებს და ნომინანტებს საჩუქრები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების და ეროვნული 7-კაცას მწვრთნელებმა გადასცეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.068464