ერთა თასი

11:36 | 14.02.2016 | ნანახია 953 - ჯერ

ესპანეთს რუმინეთიც გადაურჩა

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთმა, რუსეთის შემდეგ რუმინეთსაც დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ გამარჯვებამდე კვლავ ცოტა დააკლდა ამჯერად 18:21 დამარცხდა.

ნატურალიზირებული მოთამაშეებით გაძლიერებული იბერიელები ერთი კვირის წინ რუსეთს სოჭში ეომნენ და საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდნენ, მაგრამ მოეშვნენ, თამაშის განახლებისთანავე ლელო თავადაც გაუშვეს და 20:22 დამარცხდნენ. ამჯერად მათ მადრიდში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ითამაშეს და ბოლოში მიღებული ორი ჯარიმით დამარცხდნენ, რის შემდეგაც კვლავ პრემიალური ქულის ამარა დარჩნენ.

ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში საფრანგეთის პრო დ2 და ფედერალ 1 დივიზიონებიდან 12 ლეგიონერი იყო და ეს თამაშის ხარისხს აშკარად ეტყობოდა. მასპინძლები აქცენტს სისწრაფეზე და თამაშის გაშლაზე აკეთებდნენ, რაც გამოსდიოდათ კიდეც და სტუმრებმა მაინცდამაინც ვერც მათი შერკინება დაიბრიყვეს.

საწყისი 15 წუთი მთლიანად ესპანელების იყო. ისინი ინიციატივას დაეუფლნენ, ხელდახელ უტევდნენ და რუმინელთა დაცვას პრობლემებს უქმნიდნენ. მე-9 წუთზე მასპინძლებს მეტოქის 22-ში ხაზის გაჭრის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რუმინელებმა დიდი ძალისმევით შეძლეს ლელოსგან თავის დაცვა, თუმცა ეს ჯარიმის ხარჯზე შეძლეს და ბრედლი ლინკლატერმა ახლოდან ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე მასპინძლთა შერკინებამ მეტოქის ლელოდან 5 მეტრში იმძლავრა, კიდევ ერთი ჯარიმა გამოიმუშავა და ანგარიში 6:0 გახდა.

ტაიმის მეორე ნახევარში რუმინელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, სიჩქარეებს უმატეს და პაულა კინიკინილაუზე განზრახ ჯარიმისთვის მატიე ბელე სინბინით დაისაჯა. ეს 26-ე წუთზე მოხდა და რიცხობრივი უპირატესობა ერთ წუთში მიჰაი მაკოვეიმ ლელოდ აქცია. სტუმრებმა მარჯვენა ფლანგზე მეტობა შექმნეს და მართალია შემტევის შეჩერება მცველებმა შეძლეს, მაგრამ 2-3 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ორი რუმინელი მორკინალის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხეს და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

მიუხედავად ამისა კაცნაკლულობის 10 წუთში ესპანელებმა უპირატესობა 2 ქულით გაზარდეს. 35-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე სებასტიან ასკარტი ფინტით ერთი-ერთზე ადრიან აპოსტოლს გაექცა, რუმინელი ვერც კონსტანტინ პრისტავიტამ დააზღვია და სიჩქარეაკრეფილი გარემარბი ზედ ლელოს ხაზზე კატალინ ფერკუს ისე შეასკდა, რომ ორივე მორაგბე და რაც მთავარია ბურთი, რუმინელთა ჩათვლის მოედანში დამიწდა. ლინკლატერმა, რომელსაც მანამდე შორიდან ჯარიმა გაუცუდდა, რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 13:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი რუმინეთმა მძლავრად დაიწყო და სხვაობა მალევე შეამცირა. ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ოთარ ტურაშვილმა, ლელოდან დაახლოებით 7 მეტრში დერეფანი მეტოქისთვის მოულოდნელად გაითამაშა და ბურთი პირველ კაცად მდგომ ბურჯს აუგდო, მერე მას შეეკრა და ორივემ ერთად მნიშვნელოვანი მანძილი მოიგეს, მერე საქმეში სხვა მორკინალები ჩაერთვნენ და შემდეგივე დარტყმისას კვლავ წყვილად შეკრულმა რუმინელებმა ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთეს. ლელო ვალენტინ პოპარლანის ანგარიშზეა.

ფლორინ ვლაიკუმ ზუსტი გარდასახვის შემდეგ 48-ე წუთზე ახლოდან ჯარიმაც გაიტანა და რუმინეთი 15:13 დაწინაურდა, მაგრამ ესპანეთი არ გატყდა, მათი უკანა ხაზი ამოძრავდა და 58-ე წუთზე შედეგიც მიიღო. იგნასიო კონტარდიმ ხაზი სუფთად გაჭრა და მეტოქის 22-ში შესულმა ფლანგზე სიჩქარეაკრეფილი ასკარატი მოძებნა, რომლის შემჩერებელი აღარავინ იყო და მასპინძლებმა ლიდერობა ლიდერობა დაიბრუნეს. გარდასახვა არაზუსტი იყო 66-ე წუთზე ვლაიკუმ ცენტრიდან ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, 3 წუთში კი, მანვე კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა.

დასკვნითი წუთები ესპანეთის იყო, რომელმაც მედგრად უტია და მეტოქის 22-ში შეაღწია. ფერკუმ შემტევი მარჯვენა ფლანგზე აუტში რომ გადაიყვანა, ესპანელმა ბურთის თამაშში დატოვება მოახერხა და ის რუმინელისგან აუტში გადავიდა. მასპინძლებს ლელოდან 12 მეტრში შესატევ პლაცდარმად დერეფანი ჰქონდა, მაგრამ ბურთი დათმო და ზედიზედ მეორე დასანანი მარცხი განიცადა.

ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს 27 თებერვალს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამართავს. ამავე დღეს რუმინელები რუსეთს მასპინძლობენ.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. მეორე რაუნდი

რუსეთი - გერმანია 46:20

პორტუგალია - საქართველო 3:29

ესპანეთი - რუმინეთი 18:21

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილი

საქართველო 2 2 0 0 88-10 10

რუსეთი 2 2 0 0 68-40 9

რუმინეთი 2 2 0 0 60-32 9

ესპანეთი 2 0 0 2 38-43 2

პორტუგალია 2 0 0 2 17-68 0

გერმანია 2 0 0 2 27-105 0

2015/2016 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამური ცხრილი

1.

საქართველო

7

7

0

0

246:52

31

2.

რუმინეთი

7

5

0

2

162:93

24

3.

რუსეთი

7

5

0

2

171:159

22

4.

ესპანეთი

7

3

0

4

169:142

16

5.

პორტუგალია

7

1

0

6

69:168

5

6.

გერმანია

7

0

0

7

88:291

1

მესამე რაუნდი. 27 თებერვალი

საქართველო - ესპანეთი

რუმინეთი - რუსეთი

გერმანია - პორტუგალია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:51 | 14.02.2016
lukaferrari (24)

მოძლიერებული ჩანს ესპანეთი, საინტერესო თამაში გველის ორ კვირაში. იმედია ესპანეთსაც ბონუსტ დავამარცხებთ.

0.078049