ამბები

12:45 | 27.06.2014 | ნანახია 755 - ჯერ

შვიდკაცა მოსკოვის ეტაპზე იბურთავებს

საქართველოს შვიდკაცა დამდეგ უქმეებზე მოსკოვში, ლუჟნიკის მომცრო არენაზე (სპორტივნი გოროდოკ), ევროპის "გრან პრის" მეორე ეტაპზე იბურთავებს.

"გრან პრი" 4-ეტაპიანი სერიაა. შარშან მასზე, ორ-ეტაპად მოკვეცილ სპრინტზე, VIII ადგილიღა დავიკავეთ, რის გამოც მსოფლიო სერიის შესარჩევის (2014 ჰონკონგი) მიღმა დავრჩით.

წლეულს ქართველ მოშვიდკაცეთა მიზანი ბევრად უკეთესი ადგილის დაჭერა, შესარჩევის დაკარგული საგზურის დაბრუნება და რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევისთვის (2015 წლის მეორე ნახევარი) მომზადებაცაა.

"გრან პრის" პირველ ეტაპზე, სამი კვირის წინ, ლიონში (საფრანგეთი) სამი თამაში მოვიგეთ, სამიც წავაგეთ და VI ადგილზე დავაფინიშეთ, წინა კვირაში კი ჩვენი შვიდკაცა რომში (იტალია) მოითელა:

16 გუნდში V-VIII ადგილები გაიყო - პულში 31:5 ძლია რომის კლუბი "კაპიტოლინა" და 43:0 სახელდახელოდ შეკრებილი "იდუმალები" (კლანდესტინოს), მაგრამ 12:15 წააგო ბრაზილიასთან; თასის მეოთხედფინალში იტალიასთანაც 0:12 დამარცხდა და გავარდა.

ერთია მოსათელი ტურნირი და სულ სხვა, ევრო-სერიის ეტაპი, რომელზეც რაზმიც უკეთესი მიჰყავთ ძველ “ბორჯღალოსნებს” – კახა ალანიას, პალიკო ჯიმშელაძეს, ზაზა ლეჟავასა და ნონო ანდღულაძეს.

“ლუჟნიკში” საქართველო შაბათს (28/06) პულში ეთამაშება ინგლისს (11.06 ჩვენი დროით), რუმინეთს (14.06) და საფრანგეთს (17.06).

შეჯიბრი ახალი, ოლიმპიური სისტემით ტარდება:  სამი 4-გუნდა პულიდან საკვირაოდ (29/06) შეირჩევა რვა უკეთესი: სამივე პირველი, სამივე მეორე და ორი უკეთესი მესამე.

მეოთხედფინალი დილის ათზე დაიწყება, ნახევარფინალი თორმეტის ნახევარზე (11.28), ფინალური ბლოკი კი (6 მატჩი) 14.40-დან 17.30-მდე გასტანს.

ჩვენი ბიჭების შედეგები ოპერატიულად გამოქვეყნდება კავშირის საითის ტაბლოზე (მარჯვნივ). დეტალები გაიღება ანგარიშზე დაწკაპებისას, ვიდეო-სთრიმი კი "რაგბი ევროპის" (ყოფილი "ფირა აერ") მიერ ძველებურად "დეილი მოუშენზე" იგეგმება.

საქართველოს შვიდკაცა (ლუჟნიკი, 2014 ივნისი)

საზურგე ნომრებით

1. ზურაბ ძნელაძე

2. ლაშა მალაღურაძე

3. ალექსი ხუციშვილი

4. ალექსი ტუჩაშვილი

5. მერაბ კვირიკაშვილი

6. ბიძინა სამხარაძე

7. შავლეგ მახარაშვილი

8. რეზო გიგაური

9. მერაბ შარიქაძე

10. ირაკლი მაჩხანელი

11. გიორგი ფრუიძე

12. თედო ზიბზიბაძე

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070313