7-კაცა

22:22 | 27.05.2019 | ნანახია 1346 - ჯერ

7-კაცა: მოსამზადებელი ტურნირები ტურსა და სანქტ პეტერბურგში
განვითარებადი, 18-წლამდე და 7-ქალა გუნდების შედეგები

გასულ შაბათ-კვირას, 7-კაცა რაგბის სამმა ქართულმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული 7-კაცა ევროპის გრან პრის პირველი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის შესარჩევი ტურნირია. მოსკოვში გამგზავრებამდე თვეზე ნაკლები რჩება და ზაზა ლეჟავამ საფრანგეთში, ქალაქ ტურში, რამდენიმე კანდიდატი გასინჯა.

ტურში არ გვყავდა ლეგიონერები, რომლებიც ნაკრებს ჯერ არ შეერთებიან და ჩვენმა გუნდმა საფრანგეთში განვითარებადი საქართველო 7-ის სახელით ითამაშა, ორჯერ დაამარცხა იტალიის 7-კაცა ნაკრები, თუმცა სხვა შეხვედრებში ვერ აჯობა ფრანგულ გუნდებს და ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ზაზა ლეჟავას შეგირდებმა ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს და იტალიას 29:5 სძლიეს. მეორე შეხვედრაში საფრანგეთის უნივერსიტეტის მეორე გუნდს ორი ლელო გავუტანეთ, თავადაც ორი მივიღეთ, მაგრამ გარდასახვებში მასპინძლებმა იყოჩაღეს და თამაში 14:10 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი საბოლოოდ ფინალში გავიდა და იქ გერმანიასთან 12:17 დამარცხდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში განვითარებადმა საქართველომ განვითარებად საფრანგეთსაც ორი ლელო გაუტანა, თუმცა თავად სამი გაუშვა - 10:19. მეორე დღეს, მეოთხედფინალში, საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველ გუნდთან დაძაბული ბრძოლა გაიმართა და მცირედი სხვაობით გამარჯვება კვლავ მასპინძლებს დარჩათ - 17:14.

განვითარებადმა საქართველომ ბრძოლა მე-5 ადგილისთვის გააგრძელა და ნახევარფინალში იტალიის 7-კაცას ამ ტურნირზე მეორედ სძლია, ამჯერად 22:14. დასკვნით შეხვედრაში, განვითარებად საფრანგეთთან, პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე 95-მეტრიანი კონტრშეტევით პირველი ლელო მივიღეთ. ზაზა ლეჟავას შეგირდები მეტოქეს ორჯერ მიუახლოვდნენ, თუმცა დაწინაურება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ფრანგებთან მეოთხე ცდაზეც ვერაფერს გახდნენ - 12:28.

18-წლამდელების მე-7 ადგილი

18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება. მანამდე გუნდს ოთხი მოსამზადებელი, სასელექციო ტურნირი აქვს და მათგან პირველი, გასულ შაბათ-კვირას სანქტ პეტერბურგში ჩაატარა.

საერთაშორისო ტურნირს 7-კაცას ევროპის ჩემპიონთა თასი ეწოდება და მასში კაცთა გუნდები მონაწილეობენ, თუმცა ლევან ობოლაძემ ის 18-წლამდე ნაკრების სელექციისთვის გამოიყენა და ახალგაზრდული ნაკრები „ჯორჯიან ბოის“ (Georgian Boys) სახელით ათამაშა.

ქართველი ახალგაზრდები პირველ მატჩში საფრანგეთის კაცთა მეორე ნაკრებს შეხვდნენ, რომელიც სხვადასხვა ტურნირებში ‘ფროგის’ სახელით გამოდის, მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და ბოლო წუთამდე იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ლელო მიიღეს და ფრანგებმა 14:10 იმარჯვეს.

მეორე შეხვედრაში Georgian Boys მასპინძელთა, სანქტ პეტერბურგის კაცთა გუნდს შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ლეგიონერები ავსტრალიიდან, კენიიდან და მხოლოდ სამი ადგილობრივი მორაგბე ირიცხებოდა. თამაში იმდენად დაძაბული გამოდგა, შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ჯარიმა კარში დაარტყეს, რაც 7-კაცაში იშვიათი მოვლენაა და 18:10 იმარჯვეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენმა 18-წლამდელებმა მოლდოვური ‘სტიაუა’ 33:0 დაამარცხეს, საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდნენ და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

იქ მეტოქედ კვლავ სანქტ პეტერბურგის ‘ნარვსკაია ზასტავა’ გვერგო და ორი ლელო ამჯერადაც გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება ისევ მასპინძლებს დარჩათ - 29:12. მე-5 ადგილის ნახევარფინალში 7-კაცაში „ბარბაროსების“ ანალოგმა, ინგლისურმა ‘სამურაიმ’ 24:0 იმარჯვა, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში კი, ჩვენმა 18-წლამდე გუნდმა შვეიცარიული ‘გრასჰოპერი’ 31:7 დაამარცხა და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

7-ქალას მოგება და ფრე

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის „ალაფისთვის“ ემზადება, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და პირველი ეტაპი ივნისის დასაწყისში (8-9) ბუდაპეშტში გაიმართება. გუნდი დასკვნით მოსამზადებელ ტურნირზე „ჯორჯიან ლეიდის“ (Georgian Ladies) სახელით სანქტ პეტერბურგში გაემგზავრა და ოთხიდან ერთი თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

პირველ მატჩში ჩვენი გოგონები ესპანურ ‘ეუსკადის’ ეთამაშნენ და მეტოქემ ერთი გარდასახული ლელოთი, 19:12 იმარჯვა. მეორე თამაში ლატვიურ ‘ლივონიასთან’ შედგა და მეტოქემ აჯერადაც ერთი გარდასახული ლელოთი იმარჯვა - 12:5.

მეორე დღეს ჩვენი 7-ქალას მეტოქე რუსული კლუბი, ‘ნევა-ლიდერი’ იყო, რომელმაც პირველ დღეს ესპანელები 24:5 დაამარცხეს, ხოლო ლატვიელებთან ფრედ ითამაშეს. დაძაბულ შეხვედრაში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრა ფრედ, რაგბი 7-ისთვის უჩვეულო ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მესამე ადგილისთვის ესპანურ ‘ეუსკადის’ შეხვდნენ, ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახეს და რევანში აიღეს - 12:10, რითაც ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118128