2019 წლის საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე ოთხი თამაში დარჩა, რომელთაგან ორი ამ უქმეებზე ბათუმსა და თბილისში გაიმართება, რის შემდეგაც ოქროს მაძიებელთა რიცხვი სამამდე შემცირდება.
20 აპრილი. 16 საათი. ბათუმი - ხარები
რეგულარული გათამაშების ლიდერები - ‘ბათუმი’ და რუსთავის ‘ხარები’ საჩემპიონო რბოლას ორკვირიანი შესვენების შემდეგ უბრუნდებიან. პირველ-მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენების უფლებით ისარგებლეს და 20 აპრილს ბათუმში, 16 საათიდან ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. რეგლამენტის თანახმად, ამ წყვილში დამარცხებული გუნდი ჩემპიონატს არ ეთიშება და ფინალის მეორე საგზურისთვის 5 მაისს, ფლეი ოფის მეორე წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მომავალ თამაშამდე, მასპინძელ ‘ბათუმს’ რეალურად სამკვირიანი დასვენება გამოსდის. გუნდს რეგულარული პირველობის მოგება გარანტირებული ჰქონდა, რის გამოც ‘არმაზს’ სარეზერვო შემადგენლობით ეწვია და 8:59 დამარცხდა, რითაც 6-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და სეზონში მესამე მარცხი იწვნია.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენი ორი შეხვედრა ზღვისპირელებმა მომავალი მეტოქისგან, ‘ხარებისგან’ იწვნიეს. პირველ წრეში რუსთაველები მეტოქეს ბათუმში ეწვივნენ და 15:8 იმარჯვეს. დაძაბული გამოდგა მეორე წრის მატჩიც და ‘ხარებმა’ რუსთავში მეტოქე 13:8 დაამარცხა. ეს ორი გამარჯვება რუსთაველების თვითრწმენისთვის გამოადგებათ, ‘ბათუმს’ კი უხერხულ მეტოქესთან რევანშის წყურვილი ექნება, მით უმეტეს ორმაგი დატვირთვის მქონე მატჩის წინ.
ბათუმელებისგან განსხვავებით, ‘ხარებს’ დასასვენებლად არ ეცალა, რადგან მდევარის, თბილისის ‘ლოკომოტივის’ სუნთქვას გრძნობდა და მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე მოუწია ბრძოლა. დასკვნით ტურში რუსთაველები პატარძეულში ‘ხარებს’ ეწვივნენ და მეტოქე 19:13 დაამარცხეს, რითაც მოგებების სერია ოთხამდე გაზარდეს.
აქამდე ‘ბათუმს’ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ექვსჯერ უთამაშია და ორჯერ გამარჯვებულიც გახდა (1999 და 2002 წლებში). ბოლოს ზღვისპირელები ფინალში 2017 წელს იყვნენ და გორის ‘ჯიქთან’ დამარცხდნენ.
რუსთაველებს ფინალი ორჯერ აქვთ ნათამაშები, ორივეჯერ გასულ საუკუნეში და ბოლოს 15 წლის წინ. 1993 წელს გუნდი ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს კი ფინალში დამარცხდა. მას შემდეგ გუნდმა საპრიზო ადგილები კიდევ ერთხელ დაიკავა და 1997 წელს ბრინჯაოს დასჯერდა. წელს ‘ხარები’ მედლების გარეშე აღარ დარჩება, თუმცა რა სინჯის იქნება ის, მაისში გაირკვევა.
21 აპრილი. 16 საათი. ლოკომოტივი - არმაზი
კვირას, 21 აპრილს, თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და მოქმედი ჩემლიონი ‘ლოკომოტივი’ მარნეულის ‘არმაზს’ დაუხვდება. ამ თამაშში გაირკვევა რომელი გუნდი გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას და რომელი დასჯერდება მეოთხე ადგილს. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
თბილისის ‘ლოკომოტივს’ რეგულარული გათამაშების დასკვნითი ნაწილი „ჩაუვარდა“ და ბოლო ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, რითაც მეორე ადგილი დაკარგა და ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლის გაგრძელება ფლეი ოფის პირველი ეტაპიდან მოუწია.
რკინიგზელებმა აქაც ბეწვის ხიდზე გაიარეს. დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსი’ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა გაწითლებულ დროზე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და ‘ლოკომოტივმა’ კონტრშეტევაზე გატანილი ლელოთი 21:17 იმარჯვა. შედეგად, ჩემპიონი ტიტულის დაცვას აგრძელებს.
‘არმაზს’ 2019 წლის დასაწყისი „ჩაუვარდა“ და ზედიზედ ოთხი თამაში დათმო, რის გამოც საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლა სათუო გაუხდა, თუმცა მერე ძალები მოიკრიბა, ბოლო ოთხი თამაშიდან სამი მოიგო და რეგულარული გათამაშება 42 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.
ერთი კვირის წინ, მარნეულელები ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ‘აიას’ ქუთაისში ეწვივნენ და გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. სტუმრები პირველი ტაიმის მიწურულს 27:0 იგებდნენ, მერე ოთხი ლელო გაუშვეს და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა საბოლოოდ ‘არმაზმა’ 30:26 იმარჯვა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ‘არმაზს’ მედლები აქამდე არასდროს მოუპოვებია და კვირის თამაშის მოგებით ისტორიული შედეგი გარანტირებული ექნება. გუნდმა მეოთხე ადგილი ერთადერთხელ, 2013 წელს დაიკავა და ახლა მის გაუმჯობესებას ეცდება.
რეგულარული გათამაშების პირველ წრეში, ‘ლოკომოტივმა’ ‘არმაზს’ 17:15 მოუგო, ხოლო მეორე წრეში 26:3 დაამარცხა და ბონუსიც აიღო.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია