ლეგიონერები

14:10 | 15.04.2019 | ნანახია 1947 - ჯერ

ლეგიონერები: სამი ლელო ევროპაში
ჟვანიას მეორე, გიორგაძის მეექვსე და ჯავახიას პირველი ლელო

გასულ კვირაში ქართველმა ლეგიონერებმა - ზურაბ ჟვანიამ, ოთარ გიორგაძემ და გიორგი ჯავახიამ ლელოები გაიტანეს.

ინგლისის პრემიერშიფის მე-19 ტურში შესანიშნავი ლელო გაიტანა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ და თანაც ეს მიმდინარე გათამაშების ლიდერთან, ‘ექსეთერთან’ გასვლით მატჩში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 27 წლის მორაგბემ ინგლისის ჩემპიონატში პირველი ლელო ერთი კვირის წინ გაიტანა და მომდევნო ტურშივე მონაგარი ორამდე გაზარდა.

მე-60 წუთზე ჟვანიამ მეტოქის ნახევარზე თერნოვერი გაახერხა და საქმეში მალევე დაბრუნდა, კონტრშეტევას მიყვა, 22-ის ხაზთან ხაზი გაჭრა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და ‘უოსპსის’ მეოთხე ლელო გაიტანა. ამ მომენტში სტუმრები 26:12 დაწინაურდნენ, თამაში 26:19 მოიგეს და ბონუსიც ჩაიწერეს. შედეგად, ‘უოსპსი’ 47 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა, მე-4 ადგილს მხოლოდ 3 ქულა აშორებს და საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჟვანიამ მოედანზე 62 წუთი გაატარა, ბურთით 4-ჯერ შეუტია და ჯამში 18 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 10 ბოჭვა და ორი თერნოვერი გაახერხა.

ქართველების ‘ბრივი’ პრო დე 2-ში გალიდერდა

ბორჯღალოსანი ოთარ გიორგაძე შესანიშნავ სეზონს აგრძელებს და პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე ლელო გაიტანა. 28-ე ტურში მისი, კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა ჯაფარიძისა და ლუკა გოგინავას ‘ბრივი’ ‘კარკასონს’ დაუხვდა და ბონუსით, 54:17 დაამარცხა.

ქართველი შერკინების შემკვრელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, მან რაქიდან მიიღო ბურთი, მბოჭავების მცდელობის მიუხედავად ფეხზე დარჩა, ორი თანაგუნდელის დახმარებით უპირატესობის ხაზი გადალახა და ბურთი დაამიწა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. ‘ბრივი’ ტოპ 14-ში დასაბრუნებელი პირდაპირი საგზურისთვის იბრძვის და ბოლოსწინა ტურში, ორ კვირაში მთავარ კონკურენტ ‘ოიონას’ სტუმრად ეთამაშება, რომელმაც მოცემული მომენტისთვის პირველობა ‘ბრივს’ გადაულოცა.

საფრანგეთში ლელოთა ანგარიში გახსნა გიორგი ჯავახიამ. ის ‘ორიაკს’ მიმდინარე სეზონის წინ შუერთდა და თავი მე-10 მატჩში გამოიჩინა. ‘ვანთან’ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, მან შერკინების მეორე ხაზში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მე-5 წუთზე მოლს მოწყდა და ლელოთი ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ, სტუმრებმა მეტი ქულის აღება ვერ შეძლეს და 5:25 დამარცხდნენ. ჯავახიამ მოედანზე 68 წუთი გაატარა. ‘ორიაკის’ შემადგენლობაში სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა, შუამარბმა მერაბ შარიქაძემ.

‘კოლომიე’ ‘ბიარიცს’ ეწვია, მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და მასპინძელი 21:18 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა ბექა შეყლაშვილმა. ‘ბიარიცის’ რიგებში თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო ვახტანგ ახობაძე.

‘მასიმ’ ‘მონ-დე-მარსანს’ ოთხი ლელო გაუტანა და თავად მხოლოდ სამი გაუშვა, თუმცა საბოლოოდ 24:28 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს ილია კაიკაციშვილი.

‘ანგულემმა’ ‘ბეიონს’ უმასპინძლა და 22:18 სძლია, რითაც ფლეი ოფში შესვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. გამარჯვებულთა შორის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი.

ტურის დასკვნით მატჩში ‘ოიონა’ ‘პროვანსს’ ეწვია და 26:29 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მისმა გუნდმა „გაწითლებულზე“ გატანილი ჯარიმით ბონუსი აიღო, თუმცა ლიდერობა ვერ დაიბრუნა. ახლა ‘ოიონას’ და ‘ბრივს’ 83-83 ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერობისთვის 25 აპრილს შეიბმებიან.

ტოპ 14

ტოპ 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ‘ტულუზმა’ ‘კლერმონი’ 47:44 დაამარცხა და პირველი ადგილი თითქმის დაიბევა. „ვულკანებს“ გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, 63-ედან 69-ე წუთამდე სამი ლელო გაიტანეს და 44:33 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ და ახლა ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან. ‘კლერმონის’ ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ბექა კაკაბაძემ.

საინტერესო შეხვედრა შედგა პარიზში, სადაც ‘რასინგ 92’-მა ‘მონპელიეს’ უმასპინძლა, 26:25 დაამარცხა და 62 ქულით მეოთხე ადგილზეა. ‘მონპელიემ’ ბონუსი აიღო, 52 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება და ფლეი ოფში შესვლის შანსს ინარჩუნებს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი, რომელსაც დასკვნით 4 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. შერკინებებში მის წინააღმდეგ ლევან ჩილაჩავა იდგა, რომელიც ტაიმის მიწურულს სინბინით დაისაჯა და 75-ე წუთამდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვების ლელო-გარდასახვა 77-ე წუთზე გაიტანეს.

57 ქულით მე-6 ადგილზე და ფლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ‘ბორდო’. ამის შანსი უფრო დიდი იქნებოდა, ჟირონდელებს ‘კასტრის’ დამარცხება რომ მოეხერხებინათ, მაგრამ უშუალო კონკურენტთან საკუთარ მოედანზე 12:16 დამარცხდნენ. ბორდოს შემადგენლობაში შეცვლაზე ორმა ქართველმა ითამაშა - ბექა გორგაძემ 58-ე, ხოლო ლაშა ტაბიძემ 61-ე წუთიდან.

‘სტად ფრანსემ’ ‘აჟენთან’ მატჩში წითელი ბარათით ორი მორაგბე დაკარგა, მაგრამ ‘აჟენის’ დამარცხება მაინც მოახერხა - 25:22. სტუმართა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

‘გრენობლმა’ ‘ტულონი’ მიიღო და მინიმალური სხვაობით, 19:18 დაამარცხა. ტულონელთა შორის 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:42 | 15.04.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

0.085184