ბორჯღალოსნები

14:05 | 4.04.2019 | ნანახია 2436 - ჯერ

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები: მარტყოფში კალინინგრადამდე
ხუთდღიანი შეკრება ევროპის ჩემპიონატისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო, 5-დღიან შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილამდე დარჩებიან.

მთავარი მწვრთნელის, დავით ჩავლეიშვილის გადაწყვეტილებით, დასკვნით შეკრებაზე 36 მორაგბე შევიდა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე, კალინინგრადში (რუსეთი) წამსვლელი 26 მოთამაშე შეკრების ბოლო დღეს დასახელდება.

გუნდი კალინინგრადში 10 აპრილს გაემგზავრება და პირველ მატჩს 14 აპრილს გამართავს. მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება და შეხვედრა საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება. სხვა მეოთხედფინალურ წყვილებში ესპანეთი - ჰოლანდიას, პორტუგალია - ბელგიას და რუსეთი რუმინეთს ეთამაშება. ნახევარფინალები - 17, ხოლო ფინალური მატჩები 20 აპრილს გაიმართება.

ტიტულის შესანარჩუნებლად

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აქამდე სამი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს და პირველი ორი ეტაპი უმეტესად ფიზმომზადებას დაეთმო, ახლა კი ტაქტიკური სქემების დახვეწა მიმდინარეობს.

„გუნდი ნორმალურ ფიზიკურ ფორმაშია და მარტყოფის ბაზაზე ყველა ვარჯიში ტაქტიკური მონახაზების, დეტალების დახვეწას დაეთმობა. შეკრების პირველ დღეს ამაზე ვისაუბრეთ და კალინინგრადში პრაგმატულ, გაშლილ რაგბის ვითამაშებთ. სამწუხაროდ, მოსამზადებელ ეტაპზე უმეტესად ერთმანეთში გვიწევდა თამაში, ერთადერთი კარგი შეხვედრა 20-წლამდელთა ნაკრებთან გვქონდა. ტრავმების გამო 2-3 მორაგბე დაგვაკლდა, თუმცა შევსებაც არანაკლები სიძლიერისაა“ - ამბობს ჩავლეიშვილი და ვარაუდობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მთავარი შეხვედრა ნახევარფინალში, მასპინძელ რუსეთთან იქნება:

„გერმანიას კარგი, მასიური ბიჭები ყავს. ვფიქრობთ, რომ მათთან კარგი სპარინგი გვექნება და ნახევარფინალში რუსეთთან მოგვიწევს შეხვედრა. ეს ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი შეხვედრა იქნება, რადგან რუსები ამ თამაშის მოსაგებად მოედანსა თუ მის მიღმა ყველაფერს გააკეთებენ“.

მოძრავი შემადგენლობით

შარშანდელთან შედარებით, წელს 18-წლამდელთა ნაკრებში მასიური ბიჭების ნაკლებობაა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს მათი სწამს და ტურნირზე მეტოქეების დამარცხებას ხელდახელ თამაშით გეგმავს. ევროპის ჩემპიონატიდან საფრანგეთის გასვლამ მოტივაციაზე გარკვეული გავლენა იქონია, თუმცა ტიტული დასაცავია და ეს ჩვენს გუნდს მოტივაციის დაბრუნებაში ეხმარება.

„შერკინებაში რამდენიმე ლიდერი გვყავს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი შარშანაც ითამაშეს. მებრძოლი ბიჭები არიან დანარჩენები და კარგი, მობილური შერკინება გვეყოლება. ხაზში ჭკვიანი და სწრაფი მოთამაშეები გვყავს და მჯერა ისინი თავიანთ საქმეს კარგად გააკეთებენ“.

„თავისთავად, საფრანგეთის გასვლამ ჩვენზე იმოქმედა, თუმცა ბიჭებს პირველივე დღიდან ვეუბნებით, რომ ეს გამოცდა კარგად უნდა ჩავაბაროთ და დავამტკიცოთ, რომ უძლიერესებთან თამაშს ვიმსახურებთ. კალინინგრადში ჩემპიონის რანგში ჩავდივართ, ტიტული დასაცავია და ეს ჩვენი მოტივაციაა, რაზეც გუნდში არაერთხელ ვისაუბრეთ“.

ლელო არ უნდა გავუშვათ

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს 18-წლამდელებს დათო აბდუშელიშვილი უკაპიტნებს, რომელიც გუნდში შარშანაც იყო და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ის ამბობს, რომ კალინინგრადში გუნდი საკუთარი ლელოს ხელუხლებლად შენახვას და ტიტულის ამ გზით შენარჩუნებას ეცდება:

„კარგი და ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ამ 5 დღეში ტაქტიკურ მონახაზებს დავხვეწთ და ტურნირს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდებით. თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რამაც ჩვენი ხარისხი აამაღლა. ცუდია საფრანგეთი ტურნირიდან რომ გავიდა, თუმცა რუსეთში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა. მთავარ კონკურენტად მასპინძლებს მივიჩნევთ, რომელსაც სავარაუდოდ ნახევარფინალში შევხვდებით. კარგი გუნდი ყავს პორტუგალიასაც, რომელიც მუდმივად პროგრესირებს“.

„ევროპის ჩემპიონატზე აქცენტს ხელით თამაშზე გავაკეთებთ, თუმცა ძველებურად კარგად ვართ მოლსა და შერკინებაში. ჩვენი მიზანია, რომ სამივე თამაში ისე მოვიგოთ, ლელო არ მივიღოთ და ტიტული ასე შევინარჩუნოთ“.

შეკრებაზე არიან:

შერკინება - დათო აბდუშელიშვილი (ლელო), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ანტონ ცილიკური (ხვამლი), თაზო კევლიშვილი (ხვამლი), ლუკა ჩქარეული (ლელო), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), ლექსო ბურდული (ლელო), ბექა შვანგირაძე (აია), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), რობი ნერსეზაშვილი (ლელო), ლუკა ივანიშვილი (წიქარა), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), ტატო გვიმრაძე (ხვამლი), გიორგი ქობალია (ლელო), დათო ლომიძე (ხარები), საბა ხონელიძე (აია), გიორგი სინაურიძე (აია).

ხაზი - ლუკა მატკავა (არმაზი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), კონსტანტინე იაშვილი (აკადემია), გივი ცინცაძე (არმაზი), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), მათე კვირიკაშვილი (ესპეთაქ რაგბი, აშშ), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ლევან ქუშაშვილი (ლელო), ლაშა გურგენიძე (ვეფხვები), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), დათო ნინიაშვილი (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), თემურ კოხოძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

www.rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:01 | 06.04.2019
krasni (587)

მოკლეთ ქვა ქვაზე არ დატოვოთ, იქნება მიხვდნენ იქ "ზევით", რომ ასეთი ტურნირებისთვის გადაზრდილები რომ ვართ.

14:33 | 05.04.2019
გორდა (250)

წარმატებები 18 წლამდელებს!

ისე ჩემპიონატამდე ერთი კარგი სპარინგი მაინც რატომ არ მოახერხეს?!
მეტი სამუშაო მართებს რაგბის კავშირს!

00:41 | 05.04.2019
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ ბორჯღალოსან ბოკვრებს ! ! !

23:32 | 04.04.2019
NIKA..01 (335)

წარმატებები ბიჭებს!ჩემპიონობა!

0.090691