შიდა რაგბი

15:15 | 1.04.2019 | ნანახია 804 - ჯერ

ჭაბუკთა ა ლიგა: სეზონის გამარჯვებულს "ლელო"-"აიას" შეხვედრა გაარკვევს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ბოლოსწინა ტური ‘აია’-არესის’ რიონისპირული დერბით დაიწყო. დერბის ტრადიციული სიმძაფრისა და მოულოდნელობის ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ფავორიტის მხრიდან მეტოქის შეუფასებლობაც დაერთო, ‘ომის ცეცხლოვან ღმერთს’ სენსაციურ გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ‘აიას’ დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ, მოედანზე პრაქტიკულად სათადარიგო შემადგენლობა გაამწესა, რისი მიზეზიც ვიცე-ჩემპიონის მხრიდან, პირველობის დასკვნით ტურში ჩემპიონ ‘ლელოსთან’ პირველი ადგილისთვის გადამწყვეტი შეხვედრის სამზადისი გახლდათ.

მართალია, ‘აია’ მთელი შეხვედრის მანძილზე ანგარიშში უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა გიორგი მინაძის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, 2 ლელოს გატანაც მოახერხეს(ბურჯი ჯანო მაისურაძე; ჰავბეკი გიორგი გელაზონია), აქტივს ნუგეშ-ქულა შემატეს და თან ფავორიტს მნიშვნელოვანი პრემიის აღების შესაძლებლობა არ მისცეს. მატჩის მიწურულს, ‘არესის’ მგეზავ ბაკურ კუხალაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და გატანილი ჯარიმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, თუმცა მინაძის ბიჭებს პირველობის გამორჩეულ სენსაციამდე სათამაშო დროის დეფიციტი და მცირე სპორტული იღბალი დააკლდათ. ‘აიას’ მხრიდან, ლელოს დადება ფრთა ამირან გუბელაძემ, მღლეტელმა ნიკა ტაბაღუამ და ბურჯმა ლუკა ახვლედიანმა მოახერხეს 17:15.

ტურის კიდევ ერთი დერბი რუსთავში გაიმართა. ადგილობრივმა ‘ხარებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლეს. საკადრო პრობლემების მიუხედავად (მარქაფაში სულ 1 მოთამაშე), აუტსაიდერმა ფავორიტს ტოლი არ დაუდო და დავით კიკნაძეს შეგირდები მატჩის მიწურულს 13 კაცის ამარა რომ არ დარჩენილიყვნენ, ვინძლო ‘არმაზს’ ეტაპზე პირველი გამარჯვებაც ეზეიმა. სტუმრებმა 2 ლელოს დადება მოახერხეს (მესამეხაზელი გიორგი კილაძე და მგეზავი მიშო ჩადუნელი) და ანგარიშში დაწინაურება ორივე ტაიმში მოახერხეს. ‘ხარები’, მიჯრით მეოთხე მარცხს უპირატესად დათო ლომიძის ‘დუბლმა’ გადაარჩინა. მასპინძელთა მარბიელმა ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხა, რასაც მგეზავ ნიკა ღავთაძისა და შუამარბ გიორგი ელოშვილის ლელოებიც დაერთო. ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და შერკინების ხარჯზე იძალეს. ელოშვილმა მატჩის მეორე ნახევარში ორივე ლელო გარდასახა და დავით ლობჟანიძის გუნდის რთული გამარჯვება დააფიქსირა 24:17. ეტაპზე მოპოვებული მეექვსე გამარჯვებით ‘ხარებმა’ მეოთხე ადგილი და პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.

‘ლოკომოტივი ხულიგანასთან’ დაპირისპირებაში, ‘სამთა’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშს ეშურებოდა და თან წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ინაცვლებდა. კიკეთელებმა ურთულეს ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და თან მეორე ტაიმში 17-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრაც მოახერხეს. შეხვედრის პირველ ნახევარში, მეტოქეზე მეტად ორგანიზებულმა ‘ლოკომოტივი ხულიგანამ’ ჰუქერ ბაჩუკი ჭუმბაძისა და შუამარბ ლაშა გიორგაძის გატანილ ლელოთა წყალობით მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა 17:0. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ‘სამთას’ დამრიგებელ გიორგი ენუქიძის შეტანილი კორექტივები ეფექტური გამოდგა. ‘სენატორას’ ბიჭებმა მობილიზაციასთან ერთად სიჩქარეს უმატეს და გაშლილ თამაშში, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვეს. მინი-ბენეფისი მოიწყო კიკეთელთა მარბიელმა გიორგი ნოდიამ, ვინაც ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. მგეზავმა შოთა ღუდუშაურმა სამივე გარდასახვას გატანილი ჯარიმა დაურთო და დრამატული მატჩი ‘სამთამ’ 24:17 მოიგო. კიკეთელებმა სეზონში მეოთხე გამარჯვებით ‘არესს’ 1 ქულით გაუსწრეს და ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიბრუნეს, თუმცა მის შესანარჩუნებლად რეგულარული სეზონის ბოლო ტურში რუსთავის ‘ხარებთან’ დედაქალაქში მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

ტური, მუხიანში,‘ხვამლისა’ და ‘ლელოს’ ტოპ-მატჩით დასრულდა. მეტოქეები ‘ხვამლი არენაზე’ სერიოზული საკადრო პრობლემებით გავიდნენ. ჩემპიონს, ტრავმირებულ მარბიელ ნიკა ამირანაშვილის გარდა, 20 წლამდელთა ნაკრებში მივლინებული 5 მორაგბე აკლდა. მუხიანელთა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ კი ტრავმების გამო ძირითადის ერთბაშად 8 მოთამაშე მოისაკლისა. წამყვანი ჰუქერის კვალ რატის, გუნდის მთელი ღერძის (ჰავბეკი, მგეზავი, ფულბეკი) იძულებით შეცვლა მოუხდა.

არსებული ორმხრივი პრობლემებისა და უამინდობის მიუხედავად, მეტოქეებმა უშეღავათო ბრძოლასთან ერთად, სპეციალისტები და ქომაგი სანახაობითაც მოხიბლეს, რაც უპირატესად, გუნდების დამრიგებელი 2 გამოჩენილი ტაქტიკოსი ბორჯღალოსანის დამსახურება გახლავთ. გუნდებმა ხასიათის შესაშური სიმტკიცე გამოიჩინეს და შეხვედრას დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნეს. ჩემპიონი, მხტომელ გიგა მაქაძის ლელოთი დაწინაურდა, რომელიც მგეზავმა კობა ირემაშვილმა გარდასახა. მუხიანელთა საპასუხო რეპლიკამ არ დაახანა და ‘ხვამლის’ კაპიტანმა ზურა ლუტიძემ მოახერხა ლელოს გატანა. ბესო თაყნიაშვილმა გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. ‘ლელოს’ მთავარი მწვრთნელი ოთარ ბარკალაია, დაცვაში ხისტ და საიმედო თამაშთან ერთად აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა, რამაც ჩემპიონისთვის სასურველი შედეგი გამოიღო. მართალია, ფავორიტმა მეტი ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა, სანაცვლოდ ‘ცოფიანის’ ბიჭებმა დარჩენილ დროში მძლავრი შერკინებით მუხიანელებს გასაქანი არ მისცეს და ირემაშვილის 3 გატანილი ჯარიმით 16:7 იმარჯვეს. იშვიათი შემთხვევა, როცა შედეგის მიუხედავად, ორივე გუნდის თავკაცმა შეგირდთა გარჯით კმაყოფილება გამოთქვეს და ბიჭებს თავდადება შეუქეს.

მიჯრით მეორე მარცხის შემდეგ, ‘ხვამლი’ დასკვნით ჯგუფურ ეტაპს მესამე ადგილზე ჩაამთავრებს. რეგულარული სეზონის გამარჯვებულს და ნახევარფინალური წყვილების ვინაობას, ბოლო ტურში ‘ლელოსა’ და ‘აიას’ შეხვედრა გაარკვევს. რიონისპირელებს პირველი ადგილის დასაკავებლად, სულ მცირე 5-ქულიანი სხვაობით მოგება მართებთ. პლეი ოფში, ჩემპიონიც და ვიცე-ჩემპიონიც მოედნის უპირატესობით ისარგებლებს (დებულებით-პრიორიტეტი სეზონში დაკავებულ მაღალ ადგილებს ენიჭება).

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090832