შიდა რაგბი

23:00 | 30.03.2019 | ნანახია 992 - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 30:13 არმია

თბილისის ‘არმიამ’, რომელმაც ბოლო 5 მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთში ბონუსი აიღო, ბათუმში მიმდინარე გათამაშების ლიდერს ვერაფერი მოუხერხა და დასკვნითი ტურის წინ გასავარდნ, ბოლო ადგილზე რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ‘ბათუმს’ რეგულარული გათამაშების პირველ ადგილზე დასრულება უკვე განაღდებული ჰქონდა, მეტოქეს მეორე ტაიმში ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსიც კი არ დაანება.

ანგარიში მამუკა ნინიძემ ჯარიმით გახსნა. ‘არმიამ’ დაჩი პაპუნაშვილის ლელოთი ტაიმის შუაში უპასუხა და შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა უკვე ბახვა კობახიძემ გაიტანა და ‘არმია’ 8:3 დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით. ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, 49-ე წუთზე კი, მასპინძლები ნინიძემ ჯარიმით დააწინაურა.

54-ე წუთზე ბუჯიაშვილმა დუბლი შეასრულა და ამჯერად ნინიძემ გარდასახა, მალე კი ლელო სანდრო ქოიავამაც მიითვალა და მასპინძელთა უპირატესობა 15 ქულა გახდა. გიორგი ქუთათელაძემ სტუმრებს ბონუსის აღების შანსი 74-ე წუთზე გატანილი ლელოთი დაუბრუნა, თუმცა ბოლო წერტილი კვლავ ბათუმელმა ნუკრი ფერსელიძემ დასვა, ნინიძემ გარდასახა და თამაში 30:13 დასრულდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076306