7-კაცა

16:35 | 25.03.2019 | ნანახია 2137 - ჯერ

7-კაცამ ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო
დაუმარცხებლად აფრიკული ტურნედან

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ზიმბაბვეს საერთაშორისო ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგო და თასის მფლობელი გახდა.

ჩვენი გუნდი ზიმბაბვემდე ერთი კვირა სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან რამდენიმე ტესტ-მატჩი გამართა და ყველა მოიგო. ამრიგად, ის აფრიკული ტურნედან დაუმარცხებელი ბრუნდება.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ სამივე თამაში მოიგო და მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა. პირველ შეხვედრაში ზაზა ლეჟავას შეგირდებმა ‘მბარე აკადემია’ 34:0 დაამარცხეს. ჩვენებმა თითო ტაიმში 3-3 ლელო გაიტანეს. ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა გახსნა, რამდენიმე წუთში მანვე ბურთი ფეხით შეიცურა, მიყვა და დუბლს შეასრულებდა, თუმცა უბურთოდ შებოჭეს და მეტოქე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. მესამე ლელო ახალგაზრდა იაგო ხაბულიანის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქე ლამაზი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა. ხაბულიანმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, მანამდე ლელო ნიკოლოზ სუხაშვილმა გაიტანა, საბოლოო წერტილი კი დიმიტრი კალანდაძემ დასვა.

მალავის ნაკრებს კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 53:0 მოვუგეთ. შესვენებამდე ლელოები რამაზ ხარაზიშვილმა, ნიკო აფციაურმა, ნიკოლოზ გიგაურმა და ხაბულიანმა გაიტანეს, ხარაზიშვილმა კი დუბლი შეასრულა. შესვენების შემდეგ თავი გიორგი ჭუაძემ (ორი), დავით თაბუკაშვილმა ლადო მიმინოშვილმა გამოიჩინეს.

პირველი დღის დასკვნით შეხვედრაში ‘გოშავკსმა’ (ქორები) ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შეხვედრა მეტოქის შეტევებით დაიწყო, თუმცა თავი დავიცავით და აფციაურმა ანგარიში გახსნა, მერე კი მარჯვენა ფრთიდან მიმინოშვილი გაიქცა და ტაიმი 14:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ირაკლი სვანიძემ მესამე ლელო გაიტანა, ბოლოს თავი ხარაზიშვილმა გამოიჩინა და მატჩის მიწურულს მიღებულმა ლელომ აღარაფერი შეცვალა - 26:5.

თასის მეოთხედფინალში ‘ბაი’ სათამაშოდ არ გამოცხადდა და ნახევარფინალში უბრძოლველად გავედით. ზამბიას ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიში აფციაურმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლელო მიმინოშვილმა გაიტანა და ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს კაცნაკლული დავრჩით და მეტოქემ ერთი ლელოს გატანა შეძლო, გარდასახვაც ზუსტი იყო, თუმცა ბურთის მოპოვება მოვახერხეთ და 12:7 ვიმარჯვეთ.

ფინალში ‘ჩითასს’ შევხვდით და მეტოქე ორჯერ დაწინაურდა. პირველი ტაიმის შუაში აფციაურმა ხაზი გაჭრა და სისწრაფე არ ეყო, თუმცა მერე სვანიძემ მიიღო მაღალ სიჩქარეში ბურთი და ლელო-გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს მეტოქემ მეორე ლელო გაიტანა და 7 ქულით დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთი რჩებოდა, როდესაც კარგი შეტევა ჭუაძის ლელოთი დასრულდა, თუმცა მან მეტოქეს დაარტყა და ლელოსთან ერთად სინბინით დაისაჯა. გარდასახვის შემდეგ წონასწორობა აღდგა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, ოქროს ლელო დავით თაბუკაშვილმა მიითვალა და საქართველომ 19:14 გამარჯვებით ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო.

აფრიკულ ტურნეზე იმყოფებოდნენ: ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ბონდო ლომიძე (იუნკერები), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), იაგო ხაბულიანი (აია), გიორგი აბრამიძე (აია).

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073886