შიდა რაგბი

18:15 | 19.03.2019 | ნანახია 1641 - ჯერ

პირველმა ლიგამ "დევები" და მოხევეები იმატა
რეგიონალური ლიგის ფლეი ოფები

მომავალი სეზონიდან პირველი ლიგის ბინადარი გუნდების რიცხვი 10-მდე იზრდება. მოქმედი დებულების თანახმად, რეგიონული ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე წარმატებული გუნდები პირველი ლიგის საგზურის მფლობელები ხდებოდნენ, ხოლო ნახევარფინალში ხელმოცარულებს შორის გამარჯვებული გუნდი კი ლიგის დასკვნითი მონაწილის ვინაობას 2-რაუნდიან ორთაბრძოლაში, პირველი ლიგის ბოლოადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ გაარკვევს.

"დევები", ბოლოს შემატებული "დევებით" აღზევდა

რეგიონული ლიგის დასავლეთის ჯგუფის გამარჯვებული წყალტუბოს ‘დინოზავრი’, აღმოსავლეთში მეორე ადგილზე გასულ ‘დევებს’ დაუპირისპირდა. ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული იმერლები ფავორიტად ითვლებოდნენ. ‘დევებმა’ პლეი ოფის საგზური, თელავში, ადგილობრივი კლუბის ძლევით, რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოიპოვეს. აღნიშნულ შეხვედრაშიც ფავორიტი კახელები გახლდნენ, თუმცა ‘დევებს’ ბოლო მომენტში შემატებულმა ცნობილმა მორაგბეებმა, ძმებმა: დავით და თემურ ჩიტიძეებმა დიდი სამსახური გაუწიეს. უფროსი ძმა დავითი (კარიერის მანძილზე ‘ლელოში’, ლოკომოტივსა’ და ‘არმიაში’ თამაშობდა), არენას 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ფეხის ქრონიკული მძიმე ტრავმის მიუხედავად, 34 წლის მხტომელი ჩვეული ოსტატობითა და ახალგაზრდული შემართებით გამოირჩა. უმცროს ძმა თემურს ( სპორტული კარიერა: ‘ლელო’,‘ჯიქი’, ‘ლოკომოტივი) 2 წელი გაუცდა, თუმცა შვიდკაცას ეროვნული ნაკრების ყოფილ 29 წლის შუამარბს მცირე დროის მონაკვეთში სპორტული ფორმის აღდგენა არ გაჭირვებია. რაგბის სამყაროში დაბრუნებული ძმები ჩიტიძეები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და შორსმიმავალი მიზნები ამოძრავებთ.

‘წყალტუბოსთან’, პლეო ოფის პირველ შეხვედრაში ‘დევებმა’ თბილისში, ძმები ჩიტიძეების გატანილი ლელოების წყალობით 19:12 იმარჯვეს. ქუთაისში გამართულ საპასუხო შეხვედრაში, მართალია ‘დინოზავრი’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მხოლოდ ფულბეკ ჯონი ფარულავას პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ჯარიმას დასჯერდა. ‘დევების’ მხრიდან, ასევე პირველ ტაიმში 2 გატანილი ჯარიმით ფულბეკი დავით ფურცელაძე გამოირჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში, სტუმრები მგეზავ თორნიკე ხმელიძის ჯარიმით დაწინაურდნენ. კოკისპირულმა წვიმამ შეხვედრას თავისი მსახვრელი ხელი დაატყო. გუნდებს გადამეტებულ მღელვარებასთან ერთად, სველი ოვალის დამორჩილება უჭირდათ და ტექნიკური წუნიც უხვად ახლდათ. მატჩის ერთადერთი ლელო პავლე ტოფაძის ანგარიშზეა. რაქიდან დარტყმულ ოვალს ‘დევების’ ფრთა პირველი დაეუფლა და გატანილი ლელოთი 14:6 ზუკა შენგელიას გუნდის მორიგი გამარჯვება დააფიქსირა. ‘დევები’ პირველ ლიგას 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

ლიგის დებიუტანტი მოხევეები - სარაგბო ბუმის მოლოდინში

სტეფანწმინდას ‘ყაზბეგი’ კი პირველი ლიგის ფაქტობრივი დებიუტანტი იქნება. მართალია წლების წინ, მოხევეები მცირე ხნით ‘ტორნადოს’ შეუამხანაგდნენ, თუმცა მაშინ გუნდში რეგიონის არცერთი მკვიდრი მორაგბე არ ირიცხებოდა და სტეფანწმინდელთა სახელიც ნომინალური გახლდათ. ‘ყაზბეგის’ აღორძინებას სათავე, ადგილობრივმა სპეციალისტმა, ‘გუმარის’ ყოფილმა მორაგბემ გოჩა ჩქარეულმა 4 წლის წინ დაუდო. მწირი მოსახლეობის მქონე სტრატეგიული რეგიონის მოზარდთა დიდმა ნაწილმა ოვალს ალღო კარგად აუღო, რამაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩქარეულს ჭაბუკთა ორივე ლიგისა და საფესტივალო ასაკის გუნდების შექმნის შესაძლებლობა მისცა. აღსანიშნავია, რომ ჩქარეულს და კლუბის პრეზიდენტ ილია ელოშვილს მხარში აქტიურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამოუდგა, თუმცა სერიოზული მიზნების მისაღწევად ‘ყაზბეგს’ ბიუჯეტის ზრდა სოლიდური წილით ესაჭიროება. გუნდის მესვეურთა თქმით, რეგიონში რაგბის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, აუცილებელია პროფესიული კლუბის შექმნა, რაშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.

ენთუზიასტი და რაგბზე უზომოდ შეყვარებული ჩქარეულის გარჯა ‘ლელოს’ მფლობელ ბათუ (ვასილ) კევლიშვილის თვალთახედვის არეში მოექცა. მრავალი სიკეთის მქმნელმა ქართული რაგბის ლეგენდამ ‘ყაზბეგში’ საკუთარი სკოლის აღზრდილი მორაგბეების ჯგუფი მიავლინა, რომელთა შორის გამორჩეული, გუნდის ლიდერი ლადო ქიზიყურაშვილია. 31 წლის მგეზავი პარალელურად ჩქარეულის თანაშემწის ფუნქციასაც ასრულებს. ამჟამად ‘ყაზბეგში’ 57 მორაგბე ირიცხება, რომელთა შორის 29 მოთამაშე ადგილობრივი მკვიდრია. მოთამაშეთა ხსენებულმა ნაზავმა სასურველი შედეგი გამოიღო, რამაც მიმდინარე სეზონში ‘ყაზბეგი’ რეგიონული ლიგის ფავორიტად აქცია.

‘ყაზბეგმა’ რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ ჯგუფში დამაჯერებლად მოიგო და პლეი ოფში ჭიათურის ‘იმერეთს’ დაუპირისპირდა. მართალია, პირველი შეხვედრა ზემო იმერეთში, ჭიათურელთა გამარჯვებით 13:10 დასრულდა, თუმცა ავჭალაში გამართული საპასუხო შეხვედრისა და 2 მატჩის ჯამში გამარჯვების მიღწევის რთულ ამოცანას მოხევეებმა თავი წარმატებით გაართვეს. პირველ ტაიმში ჩქარეულის გუნდში გატანილი ლელოებით მარბიელი ვაჟა მაისურაძე და შუამარბი ონისე ბაზალი გამოირჩნენ. პირველი ლიგის საგზურის მომტანი ლელო კი მატჩის მეორე ნახევარში ‘ყაზბეგის’ მეორეხაზელმა თორნიკე გელაძემ გაიტანა 19:10. ზემო იმერლებს წლებია, რაც ლეგენდარული ქართველი მორაგბე ზურაბ ზარშილაძე დამრიგებლობს, თუმცა სათანადო რესურსის უქონლობა ღვაწლმოსილ სპეციალისტს დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, „ვობლა“ ფარმ-ხმალის დაყრას არ აპირებს, ‘ჭიათურასთან’ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და სამომავლო წარმატების იმედსაც არ ჰკარგავს. პლეი ოფის მეორე ეტაპზე ზემო იმერლები წყალტუბოელებს დაუპირისპირდებიან და წარმატების შემთხვევაში, პირველ ლიგაში ასვლაზე კიდევ ერთი რეგიონული დერბის გამართვა, ამჯერად ქუთაისის ‘ბაგრატთან’ მოუწევთ.

ოცნება ახდენილ მოხევეებს კი დიდ საჩუქარს ფონდი ‘ქართუ’ უმზადებს. საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მოქმედი პროგრამით, ქართუ’ მიმდინარე გაზაფხულზე სტეფანწმინდაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობას იწყებს. ‘ყაზბეგის’ გუნდის თავკაცობის აზრით, აღნიშნული კომპლექსი რეგიონში რაგბის განვითარების საქმეს ხელს დიდად შეუწყობს. ერთის მხრივ გუნდი პირველი ლიგის საშინაო შეხვედრებს სტეფანწმინდაში რეგულარულად გამართავს (ამჟამად გუნდი საშინაო მატჩებს მხოლოდ დარიან ამინდში ატარებს), ქომაგსაც იმატებს და თან რაგბში ადგილობრივი მოზარდების ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის.

www.rugby.ge

თეგები“დევები”

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088981