18:35 | 4.03.2019 | ნანახია 436 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: ლიდერთა მდგომარეობა უცვლელი დარჩა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეათე ტური არასრული გამოდგა. პრობლემებმოძალებულმა ‘ლოკომოტივი ხულიგანამ’ ქუთაისში, ‘აიასთან’ გამგზავრება იუარა. რკინიგზელთა თავკაცობის მარადი და დიდი მცდელობის მიუხედავად, მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილის თვითშეგნების ამაღლება დღემდე ვერაფრით ხერხდება. სწავლის მომიზეზებით ‘ლოკომოტივის’ ჭაბუკ მორაგბეთა სოლიდური ნაწილი ვარჯიშებს სისტემატიურად აცდენს და ხშირად მწვრთნელების საქმის ყურში ჩაყენების გარეშე პირველობის შეხვედრებში მონაწილეობასაც თავს არიდებს.

ხსენებულ მიზეზთა გამო, რკინიგზელთა სამწვრთნელო კვარტეტმა ‘აიასთან’ შეხვედრაში სამონაწილეოდ განახევრებულ შემადგენლობასაც კი ვერ მოუყარა თავი და შესაბამისად, მამაქალაქში გამგზავრებაც მიზანშეუწონლად მიიჩნია. დებულების თანახმად, აიას’ მოგება პრემიალური ქულით გაუფორმდა, რკინიგზელებს კი მორიგი საცხრილო ქულა ჩამოაკლდათ.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ‘ლელომ’ მესამე მასივში ‘სამთას’ უმასპინძლა. ჩემპიონის ბორჯღალოსან დამრიგებელ ოთარ ბარკალაიას უმოკლესს ვადაში ლამის ახალი გუნდის ფორმირება უხდება. ასაკობრივ ნაკრებში დელეგირებული 12 მორაგბის გარეშე დარჩენილი ჩემპიონი ბოლო ტურებია, რაც ფონს მარქაფადან დაწინაურებულ და ახალბედა მოთამაშეთა ხარჯზე გადის. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მიუხედავად, ჭაბუკი მორაგბეები „ცოფიანის“ დავალებების ზედმიწევნით შესრულებას ცდას არ აკლებენ და თან საცხრილო ქულების დაგროვებასაც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

ასევე გაახალგაზრდავებულ კიკეთელებთან დაპირისპირებაში, ჰუქერ გუგა ტაბატაძისა და ფულბეკ პაატა ღარიბაშვილის ლელოთა მეოხებით (ორივე გარდასახვა მგეზავმა საბა ჯოხაძემ გამოიყენა) ‘ლელომ’ ტაიმი 14:3 მოიგო. მეორე ტაიმში ჩემპიონმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ფრთა ლუკა ღოღელიშვილისა და მხტომელ აკაკი ქოპილაშვილის ლელოთა წყალობით უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. გიორგი ენუქიძის შეგირდები არ შედრკნენ, ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის მიწურულს ფრთა გიორგი ტაბატაძის გატანილი ლელოთი, ლიდერს დაგეგმილი პრემიის აღება არ დაანებეს. მანამდე კიკეთელთა რიგებში გატანილი ლელოთი ბურჯი გიორგი ტყეშელაშვილი გამოირჩა. ჩემპიონმა 24:13 მოიგო, 44 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘ხვამლს’ კვლავ 2 ქულით უსწრებს.

თავის მხრივ პრემიის აღება ‘ხვამლმაც’ ვერ მოახერხა. რატი ურუშაძის შეგირდებმა ტურის მწირქულიან შეხვედრაში რუსთავის ‘ხარებს’ 14:3 მოუგეს. მუხიანის არენაზე, ძლიერი ქარის გამო მეტოქეებს ტექნიკური წუნი უხვად ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ბრძოლა უშეღავათო და ფიცხელი გამოდგა. თემურ ლობჟანიძის ნაყოფიერმა გარჯამ ‘ხარების’ თამაშს ხელი უდაოდ დაატყო, თუმცა განვლილ შეხვედრაში ქვემოქართლელები პირველ ტაიმში ფულბეკ ბესო გაგიშვილის გატანილ ერთადერთ ჯარიმას დასჯერდნენ, რამეთუ მასპინძლები დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდნენ და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ. ‘ხვამლმა’ კი ორივე ტაიმში თითო ლელოს გატანა მოახერხა: ჯერ რაქიდან მოპარული ოვალი, ლელოდ ბურჯმა გიორგი ვარდოსანიძემ აქცია, მეორე ტაიმში კი მუხიანელებმა დერეფანიდან, სწრაფი გათამაშების ხარჯზე იხეირეს და ჰუქერმა ლუკა პეტრიაშვილმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 14:3 დააფიქსირა. ‘ხვამლის’ მგეზავმა ზურა ქობელაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად გამოიყენა.

ქუთაისში, ‘არესსა’ და მარნეულის ‘არმაზს’ დაპირისპირება დათოვლილ მოედანზე მოუხდათ. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, განსაკუთრებით პირველ ტაიმში თამაში დაძაბული და საცქერი გამოდგა. ქვემოქართლელები შუამარბ მიშო ჩადუნელის ლელოთი დაწინაურდნენ 0:7 (რეალიზაცია თავად ჩადუნელმა გამოიყენა). რიონისპირელთა ფულბეკმა ბაკურ კუხალაშვილმა ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის მიწურულს კი ბაკურმა მღლეტელ ალექსანდრე ვაშაკიძის ლელოც გარდასახა და შესვენებაზე ‘ომის მრისხანე ღმერთი’ 3-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ვაშაკიძემ ეფექტური და გააზრებული თამაშით საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. მეორე ტაიმში სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, რაც ‘არესმა’ პროდუქტიულად გამოიყენა. მხტომელ გიორგი ახვლედიანის, მარბიელ დათო ბალუაშვილისა და ჰუქერ ჯემალ კვანტალიანის გატანილ ლელოთა კვალ, მატჩის მიწურულს თავი ფრთა გიორგი ჩხეტიანმაც გამოიჩინა. შეხვედრა ‘არესმა’ პრემიით - 37:7 მოიგო და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ხარებთან’ ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა.

პირველობის მორიგი, მე-11 ტური მიმდინარე კვირის მიწურულს გაიმართება. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ‘ხარები’ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ უმასპინძლებს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080951