ლეგიონერები

22:43 | 27.02.2019 | ნანახია 1887 - ჯერ

ხატიაშვილი და მესხი “ენისეიში”?

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის ბოლო სამგზის ჩემპიონმა “ენისეიმ” თურქული შეკრება დაიწყო და თან 3 ქართველი მორაგბე იახლა. მიხეილ გაჩეჩილაძე კრასნოიარსკულ გუნდში აქამდეც ირიცხებოდა, “ენისეის” შესაძლო ახალწვეულები კი ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და გარემარბი დავით მესხი არიან.
ცნობისთვის, 26 წლის ხატიაშვილმა 2015-17 წლები ფრანგულ “ორილიაკში” გაატარა, შარშან 1 მატჩი იაპონურ “სანვულვზში” ჩაატარა, თუმცა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ახლა, რუსეთის ჩემპიონში სურს ძალების მოსინჯვა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 3-ჯერ აქვს მორგებული.
რაც შეეხება “არმიას” ყოფილ მორაგბე დავით მესხს, მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, “ენისეიში” ჩარიცხვის შემთხვევაში კი, ეს მისი პირველი უცხოური გუნდი იქნება. მესხიცა და ხატიაშვილიც რუსულ გუნდში ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ კრასნოიარსკელთა ღირსებას დავით კაჭარავაც იცავს, თუმცა, ამჟამად, ის საქართველოს ეროვნული გუნდის ინგლისურ შეკრებაზე იმყოფება და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან სათამაშოდ ემზადება.
“ენისეი”, რომელსაც მთავარი მწვრთელის ამპლუაში ალექსანდრ პერვუხინი დაუბრუნდა, თურქეთში 10 მარტამდე დარჩება და შესაძლოა რუსეთის ნაკრებსაც გაეჯიბროს, რის შემდეგაც გეზს საქართველოსკენ აიღებს და თბილისურ “ლოკომოტივთან” ტესტ-მატჩს ჩაატარებს.
რუსული კლუბი ახალ სეზონს კონტინენტის ფარის ეგიდით რუმინულ “ტიმიშოარა-სარასენსთან” თამაშებით დაიწყებს, რომლებიც 30 მარტსა და 20 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:23 | 28.02.2019
გორდა (250)

ხატიაშვილი აშკარად მეტს იმსახურებს. მჯერა ის მალე გაცილებით უკეთეს ლიგაში გადავა.

კარგია, რომ ენისეი თბილისში ჩამოვა და ლოკომოტივს შეხვდება. ამ დონეზე თამაში საკლუბო დონეზე ჩვენს გუნდებს წაადგებათ.

0.07617