პარასკევ საღამოს “შევარდენის” სანაკრებო ბაზას Worldsport.ge-ს 20-მდე ფორუმელი ეწვია. შეთანხმებისამებრ, იქ მათ ამ შეხვედრის ინიციატორი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ელოდა, ოღონდ, იმისათვის, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ყოფილიყო, მან საკუთარი გუნდის რამდენიმე წევრი იახლა: ნიაზ მამრიკიშვილი (საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ჭუმბურიძე (განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი), ლექსო გუგავა (სტუდენტური სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი), ალექსანდრე უჯმაჯურიძე (მედია-მენეჯერი), ლუკა კილასონია (მსაჯების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი), ლაშა ლორთქიფანიძე (პიარ-ჯგუფის წევრი), ირაკლი ხუნდაძე (სარაგბო აკადემიის მენეჯერი) და ოთარ ზოიძე (იურისტი).
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრა ყველასათვის ნაყოფიერი გამოდგა. გულშემატკივრებმა პირველი პირებისგან მიიღეს პასუხები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აინტერესებდათ. ამავდროულად, მათ გაიცნეს ერთმანეთი და ქართული რაგბის მხარდაჭერები პირადად გაიცნეს თავად რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა. ამ გულანთებულ ადამიანებს, აქვთ არაერთი იდეა, რომლითაც მათი აზრით ქართული რაგბის განვითარებას დამატებით ბიძგს მისცემენ და საკუთარი მოსაზრებები ნიჟარაძეს გაუზიარეს.
რა განვითარებას ჰპოვებს ურთიერთთანამშრომლობის ასეთი ფორმა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ჩვენის აზრით, აქ უმთავრესი თავად დამოკიდებულებაა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები გულშემატკივერებს შეხვდნენ როგორც თანასწორნი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მიაწოდეს მათ სრული ინფორმაცია და ეს დისკუსია მთელი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საუბარში შუაღამე ისე დადგა, რომ არავის მოუწყენია და რადგან დარჩა საკითხები, რომლებსაც პასუხები ვერ გაეცა, იქვე დაიდო პირობა, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულობით აუცილებლად გაიმართება. გარდა ამისა, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა გულშემატკივრებს მიაწოდეს საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და დადეს პირობა, რომ მათ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ დროს უპასუხებენ!
მკითხველი თავადაც მიხვდება, რომ 4-საათიანი შეხვედრის სრული დეტალების აღწერა პრაქტიკულად შეიძლებელია და ამიტომ, აქ ჩემი აზრით რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, დანარჩენს კი, ჩვენი მეგობარი ფორუმელები თავად დაწერენ. შეხვედრა დაიწყო პრეზენტაციით, სადაც ნიჟარაძემ გულშემატკივარს ჩააბარა მის მიერ 2008-იდან დღემდე გაწეული მუშაობის ანგარიში. ამასთან, მას არ დავიწყებია წინამორბედები და ბიძინა გეგიძეს და მერაბ ანთაძეს, ასევე მათ გუნდებს, გაწეული დახმარებისთვის და რაგბის შენარჩუნებისთვის, ევროპაში ფანჯრის გაჭრისთვის ამაგი დაუფასა და დიდი მადლობა გადაუხადა. აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი უბრალოდ მეტს ვერ გააკეთებდნენ.
გიორგი ნიჟარაძე: “იმ დროს, როდესაც მე საქართველოს რაგბის პრეზიდენტად ამირჩიეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 6 გუნდი თამაშობდა და ექვსივე თბილისს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, რეგიონებში და ერთ-ერთ უმთავრეს კერა ქუთაისში, რაგბი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეს არ იყო ჩვენი წინამორბედების ბრალი, უბრალოდ, მაშინ ქვეყანაში იყო იმგვარი სიტუაცია, რომ სპორტის სახეობები უბრალოდ ქრებოდა. მათ კი იმდენი მოახერხეს, რომ რაგბი გადარჩა და უფრო მეტიც, გაიჭრა ფანჯარა ევროპაში. რომ არა ბიძინა გეგიძის თავდადება და რაგბის სიყვარული, მისი გუნდის წევრების მიერ პირადი ქონების გაყიდვის ხარჯზე გადარჩენილი რაგბი, ჩვენ უბრალოდ ამ დონეზე ვერ ვიქნებოდით. მერე იყო მერაბ ანთაძე, რომელმაც შეძლო და ურთულეს პერიოდში არ დაუშვა რაგბის პოლიტიზირება, რაც უდიდესი მიღწევა იყო.
ჩვენი მოსვლის შემდეგ, უმთავრესი, რაც გაკეთდა, ეს იყო რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამუშავება, რადგან უახლოეს პერიოდში და არავინ იცის ეს უახლოესი პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება, საქართველოში სპორტი სახელმწიფოს დახმარების გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. უკვე 2009 წლიდან, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დახმარებით, ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მანამდე ქართულ რაგბის მოედანი საერთოდ არ ჰქონდა და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა. ეს პროგრამა დღესაც გრძელდება და “ქართუს” დახმარებით ჩვენ მალე კიდევ რამდენიმე მოედანი გვექნება.
არავის ეგონოს, რომ ამ ურთიერთობის დამყარება იოლად მოხდა. გივი ჭიჭინაძის მეშვეობით, ჩვენ დავუკავშირდით ბიძინა ივანიშვილს და მან მოითხოვა პროგრამა. დაახლოებით ექვსი თვე დაგვჭირდა სრული დოკუმენტაციის შესაგროვებლად, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამ ადამიანს ვაჩვენეთ რა თანხა გაგვაჩნდა ოთხწლიან ციკლში, რაში იხარჯებოდა ის, რა პრობლემები გვქონდა და რისი აღმოფხვრა გვესაჭიროებოდა. თავიდანვე გადაწყდა, რომ ჩვენ ფულს ხელს არ ვკიდებდით და მთავრობასთან შეთანხმებით, დაიწყო სხვადასხვა ქალაქებში სტადიონების მშენებლობა.
მომავალში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ინფრასტრუქურული თვალსაზრისით გამოყოფილ თანხებს მარტივი მოედნების მშენებლობისთვის გამოვიყენებთ. ეს ბევრად იაფი ჯდება. სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაციასთან გვექნება მოლაპარაკება, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, მოედნების რაღაც რაოდენობა გავიყოთ. სხვა მხრივ გამოსავალს ვერ ვიპოვით. ვერცერთი ფედერაცია ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ყველა ის სტადიონი, რომელიც “ქართუმ” ააშენა, ჩვენს ბალანსზე რომ იყოს, გადასახადს ვერ აუვიდოდით. გადასახადი იქნებოდა დაახლოებით 7,5 მილიონი, რაც ჩვენს ბიუჯეტზე მეტია. ამიტომ, ძირითადი ხარჯები მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაიხადონ, ისე, როგორც მთელს მსოფლიოშია.
რაც შეეხება კლუბებს. პირველი 4-წლიანი ციკლის განმავლობაში, სახელმწიფოსგან უმაღლესი ლიგის კლუბების დაფინანსება 6 მილიონი იყო, ანუ წელიწადში 1,5 მილიონი. აქედან სეზონის სტარტზე თითო კლუბი 100 ათასს იღებდა, ხოლო დარჩენილი 500 ათასი დაკავებული ადგილის მიხედვით ნაწილდებოდა. ახლა ჩვენ სახელმწიფოსთან მოვახერხეთ შეთანხმება და ამ თანხას დაემატა წელიწადში 5 მილიონი. ეს პროგრამა 4 წელი გაგრძელდება და უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი იღებს წელიწადში 400 ათასს. საპრიზო ფონდი ამ ეტაპზე უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, ჩვენ გაგვიჩნდა საშუალება და ვართ ერთადერთი ფედერაცია, რომელიც პირველი ლიგის კლუბებსაც აფინანსებს. ხარისხის გაზრდის მიზნით, პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა 8-მდე შევამცირეთ. მანამდე იქ აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში, ჯამში 19 გუნდი თამაშობდა და ხშირი იყო 100-ქულიანი სხვაობები. ახლა ჩვენ მივიღებთ ხარისხიან პირველ ლიგას, დანარჩენი გუნდები კი, რეგიონალური პრინციპით მეორე ლიგაში ითამაშებენ და ვისაც პრეტენზია აქვს, მას საკუთარი თამაშით მოუწევს სიძლიერის დამტკიცება”.
შემდეგი თემა, უფრო ზუსტად პრობლემა, რომელზეც შეხვედრაზე შედგა საუბარი, იყო ქართველი მსაჯები და მათი კვალიფიკაცია. 2008 წელს საქართველოში სულ 16 მსაჯი იყო და უმეტესობა ასაკოვანი, ახლა კი, ახალი პროექტის მეშვეობით, მათი რაოდენობა 90-მდე გაიზარდა და ყველა ახალგაზრდაა.
ლუკა კილასონია: “პროექტი რომ დავიწყეთ, სულ 8 ადამიანმა გამოხატა მსაჯობის სურვილი, ახლა კი, მათი რაოდენობაა 90-ია და შერჩევის პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება. ამ ეტაპზე 5-ია ისეთი, რომელიც უმაღლესი ლიგის თამაშებს ემსახურება და გვსურს, რომ მათი რაოდენობა 10-მდე გავზარდოთ. შერჩევა ძირითადად იმ მორაგბეებიდან ხდება, რომელსაც კარგად არ გამოსდის თამაში, ან ყველა ღმერთმა დაიფაროს და ტრავმას მიიღებს. ძალიან კარგი პირობებია შექმნილი და ამ გარემომ ახალგაზრდები მოიზიდა. 2008 წელს, მოქმედი მსაჯებიდან მხოლოდ 4 დარჩა. შუა ასაკი არ გვყავს, რადგან იყო პერიოდი, როდესაც მსაჯობა არავის უნდოდა და ამის ბრალია, ახლა ზედმეტად ახალგაზრდების იმედად რომ ვართ. პრობლემები რა თქმა უნდა არის, მაგრამ სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია მათთვის უმაღლესი ლიგის თამაშების განსჯის უფლების მიცემა, რადგან ისინიც უნდა გაიზარდნონ”.
“ეს ის ხალხია, ვინც გამოხატა სურვილი მსაჯობისა და მათ ყველანაირი პირიობა აქვთ შექმნილი. ჩვენი კურატორია ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო დეპარტამენტი. გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოს წამყვანი 15 მსაჯიდან 9 ირლანდიელია და გასაგები იქნება, რატომ ირლანდია. ირლანდიას რატომ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა? მათ აქვთ მსოფლიო თასის ჩატარების პრეტენზია და მათთვის ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი პიარ-პროექტი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ” - დაამატა მსაჯობასთან დაკავშირებით ნიჟარაძემ.
ამას მოყვა რაგბის მასობრიობაზე საუბარი და საქმეში ლექსო გუგავა ჩაერთო: “ჩვენი ფედერაცია უმაღლეს სასწავლებლებს შორის ახორციელებს სპორტულ ღონისძიებებს. სახეობებში არ ვართ შეზღუდული. სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში ურთიერთშეჯიბრის სისტემა სრულიად დანგრეული დაგვხვდა. თავად სტუდენტებში არის ამის სურვილი და მათი ენთუზიაზმით ხორციელდება შეჯიბრებები. სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როდესაც საუნივერსიტეტო სპორტში ხშირად მოქმედ სპორტსმენეს ათამაშებდნენ და მერე ისინი მიყავდათ საერთაშორისო შეჯიბრზე, ანუ სტუდენტს არ ჰქონდა მოტივაცია და ახლა ჩვენი მიზანია, რომ მხოლოდ სტუდენტებით მოხდეს გუნდების დაკომპლექტება. ფუტზალის სტუდენტური ნაკრები, წელს, კონკრეტულად 11 ივლისს, მალაგაში მიდის მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა გვაქვს სარაგბო მიმართულება. სტუდენტური რაგბისთან დაკავშირებით 7-კაცაზე კეთდება აქცენტი. ვგეგმავთ, რომ წელს ორი ეტაპი ჩავატაროთ და მათგან ერთი ფოთში, ხოლო მეორე თბილისში გაიმართება. სამომავლოდ ეტაპების გაზრდაც მოიაზრება. აუცილებელი არაა, რომ ყველა, ვინც ითამაშებს, პროფესიონალი მორაგბე გახდეს. ისინი თავად შეიგრძნობენ ამ თამაშს, ისწავლიან წესებს და ეს ყველასთვის კარგი იქნება. მასობრიობისთვის გულშემატკივრის ჩართვა მნიშვნელოვანია და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს”. ამას მოყვა დისკუსია და გულშემატკივრებმა სტუდენტური რაგბის განვითარების მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და მზაობა გამოთქვეს.
შემდგომი პრეზენტაცია რაგბის აკადემიის მუშაობას მიეძღვნა და მას ირაკლი ხუნდაძე გაუძღვა. ისევე, როგორც სხვა თემების განხილვისას, გულშემატკივარი აქაც აქტიურად ჩაერთო და მათ აკადემიის მუშაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ითქვა ისიც, უახლოეს მომავალში თბილისის აკადემიის მსგავსი, ქუთაისშიც გაკეთდება. ეს იქნება ერთი მთლიანი ნაწილის ორი განშტოება. ქუთაისელი სპეციალისტები და მორაგბეები ახლაც აქტიურად მონაწილეობენ აკადემიის მუშაობაში. ეს აკადემია არაა მასობრივი, ესაა ელიტური აკადემია, სადაც გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდები ხვდებიან (15 წლის ასაკიდან) და ასე ვითარდებიან ეროვნული გუნდის კანდიდატობამდე.
გიორგი ნიჟარაძე: “ირლანდიის რაგბის კავშირთან გვქონდა შეთანხმება და ყოველწლიურად, ჩვენი ოთხი ახალგაზრდა მორაგბე ამ ქვეყნის აკადემიაში უნდა გამგზავრებულიყო სტაჟირებაზე, მაგრამ იქ ხელმძღვანელობა შეიცვალა და გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მსგავს პროგრამაზე ფულს ვერ დახარჯავდნენ. მაგრამ ყველაფერ ცუდს თან ახლავს რაღაც კარგი. ინგლისის საგრაფოების ნაკრებებთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და მათთან ყოველწლიურად ვთამაშობთ ყველა ასაკობრივ დონეზე. რეალურად, ინგლისის კაცთა საგრაფოების ნაკრები, ამ ქვეყნის მესამე ნაკრებია. ეს პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს და ახლა უელსის რაგბის კავშირმა ანალოგიური თანამშრომლობა შემოგვთავაზა. ანუ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ყველა ასაკობრივი ნაკრების დონეზე უელსის მესამე გუნდებთან თამაშისა. სავარაუდოდ, ჩვენ მორიგეობით ერთ წელს ინგლისთან და ერთ წელს უელსთან ვითამაშებთ”.
ამას მოყვა 2015 წლის მსოფლიო თასისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების გეგმის გაცნობა, რომელიც უკვე დაწყებულია და მიზანია - ინგლისში წარსდგეს საუკეთესო გუნდით ქართული რაგბის ისტორიაში. მზადების 2014 წლის ეტაპი უკვე დაწყებულია და ქართულ კლუბებში მოასპარეზე მორაგბეები უკვე წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ემზადებიან. გაფართოებული სიის 17 მორაგბეს წლის ბოლომდე 145 დღე ექნება სანაკრებო ვარჯიშები და პარალელურად, მიიღებენ საკვების დანამატებს. პარალელურად, მუშავდება საფრანგეთში მოთამაშე კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მწვრთნელები რეგულარულად უკავშირდებიან კლუბების მწვრთნელებს, მათგან იღებენ საჭირო ინფორმაციას, ხდება ვიდეოანალიზი და ადგილზე ჩასვლით მოთამაშეთა მზადყოფნის შემოწმება.
2015 წელიც ორ ნაწილადაა დაყოფილი. 29 ივნისამდე ყველაფერი 2014 წლის ეტაპის მსგავსად გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ წინასასეზონო მზადება. ამ დღიდან გუნდის სრული შემადგენლობა “შევარდენის” ბაზაზე შეიკრიბება და გაიმართება სამკვირიანი შეკრება, რომლის მიზანიც მოთამაშეთა ფიზიკური კონდინციების ამაღლება იქნება. სპეციალურად იგეგმება მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიზმომზადების მწვრთნელის მოწვევა. ამას მოყვება ერთკვირიანი განტვირთვა, რის შემდეგაც გუნდი კვლავ სამი კვირით შეიკრიბება და 5 აგვისტოს გაემგზავრება პოლონეთში, სადაც გამორჩეული ოლიმპიური ბაზაა.
იქ განთავსებულია ულტრათანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ოთახები, სადაც -130 გრადუსია და მომენტალურად ხდება მიკროტრავმების აღმოფხვრა და აღდგენა, რაც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების შემდეგ, საუკეთესო საშუალებაა. 2011 წლის მსოფლიო თასის წინ, ამ ბაზაზე შეკრებები გაიარეს ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრებებმა. პოლონეთიდან გუნდი საქართველოში დაბრუნდება, 9 დღეს სამშობლოში დაყოფს და 24 აგვისტოს გაემგზავრება ინგლისში. 28 აგვისტოს, 2 სექტემბერს და 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გამართავს სამ გასახურებულ თამაშს, რომელთა შედეგებიც რეიტინგზე არ აისახება. უკვე გადაწყვეტილია, 5 სექტემბერს ჩვენი მეტოქე იაპონია იქნება, დასტური თქვა კანადის ნაკრებმაც, მაგრამ მათთან შეხვედრის დღეს დასაზუსტებელია. ქართველებთან თამაშის სურვილი გამოთქვეს ბრიტანულმა კლუბებმა “ბარბაროსებმა” და “ბრისტოლმა”. არის ფიჯისთან თამაშის ვარიანტიც. უშუალოდ მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების მიზანი ორი თამაშის მოგებაა.
ორი საათის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა:
გიორგი ნიჟარაძე (წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობასთან დაკავშირებით): “რაგბის საერთაშორისო საბჭოს წინაშე, მეორე დონის ქვეყნების გაერთიანების ინიციატორი სწორედ საქართველოს რაგბის კავშირია. პირველი შეხვედრა სამი წლის წინ ლას ვეგასში შედგა და ამის შემდეგ ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ვიკრიბებით. ჩვენი ჩართულობა ვერ მოხდებოდა წყნარი ოკეანის თასზე, რადგან ჩვენ არ ვართ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყანა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეს არც ფინანსურად აწყობდა ჩვენ და რუმინეთს მოგვცა საკუთარი ტურნირები. ჩვენც გვაწყობდა ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამ პერიოდში ვერ ხერხდება უძლიერესი გუნდის შეკრება და ივნისში ტონგას, ფიჯის და სამოას წინააღმდეგ შესუსტებული გუნდით თამაში, გაუმართლებელი იქნებოდა. თუ დააკვირდებით სხვა ქვეყნის შემადგენლობებსაც, ივნისში პირველი გუნდით ვერავინ თამაშობს. ივნისი არის განვითარების თვე და ჩვენც ამისათვის გვაქვს თბილისის თასი. სამაგიეროდ, ნოემბერში ყოველთვის გვექნება მაღალი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩები”.
ამას მოყვა შეკითხვა ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოსავლის პოვნა ვერ მოხერხდა. არ გამოდის აბონიმენტების სისტემის დანერგვაც, რადგან მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, წინასწარ არასდროს იცის, რომელ თამაშს სად გამართავს.
შემდეგი იყო ქართული კლუბების ევროთასებში ჩართვის საკითხი: “ჰაინეკენის თასსა” და”ჩელენჯ ქაფს” კერძო კომპანია მართავდა და 2015 წლის ბოლომდე უარს გვეუბნებოდნენ, იმიტომ, რომ ცვლილებები უნდა მომხდარიყო. წელს ცვლილებები განხორციელდა და შეიქმნა მესამე დონე. იყო ასეთი ვერსია, რომელიც გაჟღერდა სპლიტში, მაგრამ დადასტურებული არ იყო: ჩატარდება ექვსგუნდიანი შესარჩევი ტურნირი და ორი საუკეთესო მიიღებდა “ჩელენჯ ქაფის” საგზურს. და მაინც, იმ კერძო ორგანიზაციის ბოლო სხდომა 23 ივლისს გაიმართება და მაშინ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ფაქტობრივად დღეს (გუშინ) დაგვიდასტურეს, რომ ევროთასებზე ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ მოხდა გარკვეული ცვლილება.
კერძოდ, პორტუგალიელებმა, რომელთაც შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში უნდა შევხვედროდით, მონაწილეობაზე უარი თქვეს და პირდაპირ ვხვდებით იტალიის მეორე გუნდს (“როვიგო”). შესაბამისად, აღარც რუსეთის გუნდი ეთამაშება რუმინეთს და პირდაპირ რუმინელები შეხვდებიან იტალია ერთს (“კალვიზანო”). ჩვენ გვქონდა არჩევანი: ეთამაშა კლუბს, მაგრამ ამის არც ფინანსური და არც სპორტული რესურსი ცალკე აღებულ არცერთ ქართულ კლუბს არ გააჩნია, ქალაქის ნაკრებს, ან რეგიონის ნაკრებს. შესაბამისად, უნდა გასულიყო ან დასავლეთ საქართველოს ნაკრები, ანუ ქუთაისის “აიას”, ბათუმისა და ფოთის გუნდებით გაძლიერებულს, ან აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელს. მაგრამ, რადგან ჩემპიონი გუნდი არის თბილისური (“ლელო”), მივიღეთ გადაწყვეტილება და გავა აღმოსავლეთის ნაკრები. ეს იმიტომ, რომ თბილისის ნაკრები რომ გასულიყო, მაშინ ბოლნისის “ყოჩების” და რუსთავის “ხარების” მოთამაშეთა ჩართულობა ვერ მოხერხდებოდა.
რადგან ევროტურნირებში მონაწილეობა არცერთ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, იქ თამაში კი, 800 ათასიდან მილიონ ლარამდე დაჯდება, მხოლოდ თბილისის მერიის დახმარებით თუ მივიღებთ მონაწილეობას და გუნდის სახელში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები თბილისი. სავარაუდოდ, გუნდი ითამაშებს “თბილისი-ამერის” სახელით, რაც ყველა ქართველისთვის ყველაფერს ნათელს ხდის და ევროპელებსაც უკვე გავუგზავნეთ წერილი. ამით ახდება მთელი თაობების ნატვრა. გადაწყვეტილება მიღებულია, ყველაფერი მომზადებულია და საქართველოს ჩემპიონატის განრიგიც სწორედ ამ ევროტურნირების ფორმატს მოერგო. გუნდს გაწვრთნის ლევან მაისაშვილი, რომელიც ჩემპიონი გუნდის - “ლელოს” მწვრთნელია და სწორედ ის შეარჩევს შემადგენლობას. ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ მწვრთნელების საქმეში და ასე იქნება ახლაც”.
ნიაზ მამრიკიშვილი: “ასეთი რამ არასდროს მომხდარა, მაგრამ ახლა სრულად უნდა გადავერთოთ ევროპულ მოდელზე და ჩემპიონატის დაწყება აგვისტოს შუა რიხცვებში მოგვიწევს. ამით გამოუთავისუფლდება ფანჯარა ევროთასებში მონაწილე ჩვენს გუნდს. ადრე თუ გვიან, მსგავს რეჟიმზე გადართვა მაინც მოგვიწევდა. რაც უფრო გვიან შევახტებით ამ ევროპულ მატარებელს მით უარესი და იმედია, წელსვე ყველაფერი კარგად იქნება”.
მოკლედ, ქართული კლუბი შესარჩევში სექტემბრიდან ჩაერთვება. ორი იღბლიანი “ჩელენჯ ქაფზე” ითამაშებს, ორი დამარცხებული და თითო-თითო პორტუგალიური და რუსული კლუბი, ასევე, სხვა ოთხი გუნდი (ჯერ გაურკვეველია რომელი ქვეყნის გუნდები იქნება, შესაძლოა, ესენი იყოს გერმანული, ჰოლანდიური და ა.შ. კლუბები), ორ წრედ გაითამაშებენ მომავალი ევროთასების საგზურს (6 თამაში თითო გუნდს) და ჯგუფის საუკეთესოები მომავალი წლის სექტემბერში “ჩელენჯ ქაფზე” მოსახვედრად პლეი ოფში შეხვდებიან 2014/2015 წლების “ჩელენჯ ქაფის” ორ ნაბოლარას.
და ერთიც, თუ საქართველოს მიეცემა ევროთასებზე ორი გუნდის გაყვანის უფლება, მაშინ მეორე ადგილს აუცილებლად მიიღებს დასავლეთ საქართველოს ნაკრები. საუბრები შეეხო სამედიცინო დაზღვევას და 2015 წლის მსოფლიო თასზე დასასწრები ბილეთების შეძენის შესაძლებლობას. ამ უკანასკნელზე სრული ინფორმაცია რაგბის კავშირის საიტზე დაიდება.
“ვიდეორეფერის დანერვის სურვილი გვაქვს, მაგრამ ესაა ტელევიზიის საქმე. უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მოწყობილობა და საჭირო რაოდენობის ვიდეოკამერები. მოწყობილობა დაახლოებით 40-50 ათასი ევრო ჯდება. ჩვენ რომ შევიძინოთ ეს აპარატურა, თავად ვერც გამოვიყენებთ. ამის სურვილი გვაქვს და გვექნება კიდეც. თუ მოხდა და 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ჩატარების უფლება მოგვცეს, მაშინ აუცილებლად დაგვჭირდება მოძრავი გადასაცემი სადგურის შეძენა და ეს უკვე ჩავდეთ ბიუჯეტში, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც მხოლოდ ჩვენით ვერ გადავწყვეტთ” - თქვა ნიჟარაძემ ვიდეორეფერისთან დაკავშირებით.
რაგბის კავშირის სურვილია, რომ თანხმობის შემთხვევაში ერთი ჯგუფის თამაშები ქუთაისში ჩატარდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო საბჭომ უნდა მიიღოს.
სულ ბოლოს ქომაგებმა გამოთქვეს სურვილი, რაგბის პოპულარიზაციაში მეტი ჩართულობისა. ამასთან, მათ წამოჭრეს საკითხი სპეციალური ფონდის დაარსებისა, სადაც შეგროვილი თანხით, რაგბის კავშირთან შეთანხმებით, მოხდება ქართულ რაგბიში არსებული გარკვეული პრობლემების აღმოფხვრა. ეს საკითხი დახვეწის პროცესშია და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია