შიდა რაგბი

23:30 | 24.02.2019 | ნანახია 812 - ჯერ

დიდი 10 | არმია 15:5 აკადემია

თბილისის ‘არმიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და უძლიერესთა შორის დასარჩენ ბრძოლაში რჩება.

არმიელებს მე-12 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდათ, მერე კი მიჯრით უშუალო კონკურენტ ‘ვეფხვებს’, ‘არმაზს’ და ‘აკადემიას’ სძლიეს. მნიშვნელოვანია, რომ მე-14 ტურში თავისი თამაში პატარძეულელებმაც მოიგეს, მაგრამ ‘არმიამ’ ‘აკადემიას’ 15:5 დამარცხებით, მათ მშვიდად ყოფნის საშუალება არ მისცეს.

ქარმა, ტექნიკურმა წუნმა და ხშირმა გაჩერებებმა თამაშის სანახაობრივ მხარეზე იმოქმედა, თუმცა დაძაბულობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. ეს იმიტომ, რომ გამარჯვებით ‘აკადემია’ საფლეიოფო ზონას უახლოვდებოდა და ქულებისთვის ისიც დიდი მონდომებით იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

არმიელები შერკინებაში უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ჯარიმა გამოიმუშავეს, დერეფნიდან მოლი ვერ შედგა, თუმცა გოდერძი ჭინჭარაულმა ფეხით შესანიშნავად ითამაშა, 22-ში გადაკიდებულ ბურთს დავით მესხი დაეუფლა და მბოჭავის მცდელობის მიუხედავად ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ მარჯვენა ფრთიდან გარდასახა. შესვენებამდე კობახიძეს და დავით მოძღვრიშვილს ჯარიმები გაუცუდდათ, ‘აკადემიამ’ მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა და ტაიმი 7:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და მართალია კობახიძეს არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მისმა გუნდმა 57-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა. ჭინჭარაულმა კარგი მოძრაობით მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა და გიორგი ბოხუას ოფლოუდი ამოუგდო, ის ლელოს ვერ მიწვდა, თუმცა ორი პასის შემდეგ ლელო სანდრო მერკვილიშვილმა გაიტანა.

მალე მათ ნიკა ცირეკიძე და დავით ბარბაქაძე სინბინით დაკარგეს და 13-კაციან მეტოქეს ‘აკადემიამ’ ლელო გაუტანა. თავი ზურაბ მინდიაშვილმა გამოიჩინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და კობახიძემ ჯარიმით გუნდი გამარჯვებას მიუახლოვა. დარჩენილ 9 წუთში ‘არმიამ’ თავი დაიცვა, 15:5 იმარჯვა და ‘ვეფხვებთან’ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081032