შიდა რაგბი

0:15 | 23.02.2019 | ნანახია 984 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 25:6 ხარები

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ რუსთავის ‘ხარებს’ დიდი 10-ის მე-14 ტურის ცენტრალურ ჯახში 25:6 სძლია, ბონუსიც ჩაიწერა და მეორე ადგილზე გამაგრდა.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ერთმანეთს ლიდერი გუნდები ხვდებოდნენ. ფლეი ოფში თამაში ორივეს დაბევებული აქვს, თუმცა მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება ფლეი ოფში უკეთესი კალენდარით სარგებლობის საშუალებას იძლევა. ამ მხრივ რკინიგზელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს და პირველ წრეში მარცხისთვის (7:13) სრულფასოვანი რევანშიც აიღეს.

ანგარიში რუსთაველებმა კობა ბუჯიაშვილის 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნეს. მასპინძლებმა 23-ე წუთზე ლელოთი უპასუხეს და ამის შემდეგ ლიდერობა ხელიდან აღარც გაუშვიათ: თბილისელებმა მრავალფეროვანი შეტევებით ‘ხარების’ დაცვა მოარღვიეს და ლაშა გოგიაშვილი სინბინით დაისაჯა, მერე ‘ლოკომოტივმა’ კარგი მოლი დააყენა, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრი დაფარა და გაგა არაბულმა ლელო მიითვალა.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ბექა წიკლაურმა ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ბუჯიაშვილმა 50-ე წუთზე ერთი ჯარიმით უპასუხა - 11:6. აღსანიშნავია, რომ მას შესვენების წინ ერთი გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა.

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში 68-ე წუთამდე აღარ შეცვლილა. ‘ლოკომოტივს’ დიდი ხნის განმავლობაში სტუმრების შეტევების მოგერიება მოუწია, მერე ლევან გოგოლაშვილმა თავისი ლელოს ხაზიდან კონტრშეტევა წამოიწყო, უკანა ხაზმა სწრაფად დაფარა მანძილი, გიორგი ბეგაძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, მისმა თანაგუნდელებმა მარცხენა ფრთაზე სივრცე ვერ გამოიყენეს, თუმცა ბეგაძე ხაზში თავად გაძვრა და ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა.

‘ხარებმა’ კვლავ შეტევებში სცადა ბედი, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ ამჯერადაც მოახერხა საკუთარი ლელოს დაცვა, გაწითლებულ დროზე თავად შეუტია და გიორგი გეგიამ მესამე, ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:6.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:32 | 23.02.2019
sabonis (74)

ადმინ რა სჭირს საიტს, რატო ვერ ვაკომენტარებთ?

0.088804